воскресенье, 6 декабря 2009 г.

ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.





(დასაწყისი)


რომანი 1981-1983 წლებში შეითხზა, დაიწერა და…
მაგრამ მხოლოდ 1991 წელს გამოიცა გამომცემლობა ”მერანის” მიერ.

იხილეთ:
”გამთნებელი ღამისა” (ორი რომანი _ ”გამთენებელი ღამისა”, ...”რომელსა შენ მდევნი”... გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. _ "The Herald of Dawn," "The One You






პროლოგის მაგიერ


გვედრი, აღანთე იმედი _გამთენებელი ღამისა…
”ოაზისი” გულში ნალოლიავები სიმღერებისა და კეთილ საქმეთა სამკვიდრო გახლდათ. დასაბამიდან უჩვეულო გულისხმიერებით აგრძელებდა საქართველოს შემოვლას და საგასტროლო მოგზაურობასთან ერთად, არქეოლოგიურ დაზვერვასა და ხალხური ფოლკლორის მოკვლევა-შეკრებას აწარმოებდა… თანდათანობით მათმა მოღვაწეობამ სხვაგვარად გამორჩეული მისია შეიძინა…
ფათერაკებიც მოუმრავლდათ…

-:-

კარვები გორაკის აღმოსავლეთით გაშალეს. ზღვიდან მონაბერ ქარს მოაფარეს. მერე იქაურობა დაზვერს, ზედაპირული ნიმუშები წამოკრიფეს. ქარმა იმძლავრა, ზღვაზე ტალღები წამოხვეტა. ირა კბოდესთან იდგა, რაღაც უხილავისთვის მიეპყრო დაბინდული მზერა.
-კარვებში!-დასჭექა ლომკაცმა.
ჯუანშერმა ირას მიაშურა, ხელი მოხვია, უნდოდა იქაურობას განერიდებინა. ირა თითქოსდა ფეხისგულებით მიწას დაჰკვროდა. ჯუანშერი თავადაც გაირინდა.
-ფართქალებს,
მკერდიდან ახლად ამოგლეჯილ გულივით ფართქალებს…-წაიჩურჩულა ირამ, შეტრიალდა, ძალაყინი აიტაცა და მონიშნულ წერტილში ჩაასო. მისთვის შესაცნობ ხმას სმენა მიადევნა, ძალაყინს ხელი უშვა, წერაქვს სწვდა, ზეაღმართა, მიწას დაჰკრა. შიშისმომგვრელი აზარტით ლამობდა სიღრმეში ჩაღწევას. ჯუანშერს სურდა მიშველებოდა, ისიც ადარდებდა, როგორმე მოსალოდნელ საფრთხისგან ეხსნა და მაინც ყოყმანობდა.
ქარისგან ატაცებული ირა ამაოდ შეეცადა წერაქვის მოქნევას, ბოლოს თავად წაეშველეა და წერაქვი მიწაში ლამის ხანჯალივით ჩაერჭო. რაღაცამ ყრუდ გაიზრიალა, მიწა ჩაიშალა, თითქოსდა სამარხის კონტურები გამოიკვეთა. გამძვინვარებულმა ქარმა აზვირთებული ტალღა კბოდეს მიანარცხა. ტალღის ნაფლეთი ირას მოესხურა. ქალი წაბარბაცდა და, ქარისგან ძლეულმა, შეგებებული ჯუანშერი გაიყოლია. ფერდობი თავისუფლად ჩაირბინეს. კარვებთან გაბაწრული ”ოაზისელები” დახვდნენ.
-იქნებ, კლდოვანი შვერილისკენ გავაღწიოთ!-ყვიროდა ლომკაცი, ლევან გურისელის მიწოდებული ზურგჩანთა წამოიკიდა, ირას ხელი ჩასჭიდა და გააბიჯა. ირამ ჯუანშერს ხელი ჩაავლო, ჯუანშერმა სესილს, სესილს გურისელები აედევნენ. გზად აყირავებულ ავტობუსთან შეისვენეს. ირამ რაღაც ჩაილაპარაკა და გორაკისკენ გაქცევა დააპირა, მაგრამ გრიგალისებურად მოვარდნილმა ქარმა უკანვე გამოსტყორცნა. ჯებირივით დაუხვდა ლომკაცი, ისევ ჩასჭიდა ხელი, ისევ გაიბაწრნენ ”ოაზისელები”
მედგრად მიიწევდნენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, აზვირთებული ტალღების ნახევრრკალში მომწყვდეული კლდოვანი შვერილისაკენ. მხრებში მოხრილნი ამსუბუქებულ სხეულებს მიწისკენ ეზიდებოდნენ, სხეულთა უმწეობას ეურჩებოდნენ. ძლივსღა მიაღწიეს შვერილის დასაწყისშივე მდებარე გამოქვაბულს, რომელიც უიმედო თავშესაფარი ჩანდა შორიდან, მაგრამ მის სიღრმეში თითქმის სიმყუდროვე სუფევდა.
”ოაზისელებმა” სული მოიბრუნეს, ირა შესასვლელს აეკრა, მზერაგახევებული რაღაცის დანახვას ლამობდა. სადღაც დაიგრგვინა, ჩამოწვიმა. ქაოსი ქარ-წვიმას დემონისეულ ძალას მატებდა. გამოქვაბულში წყალი შემოიღვარა. ლომკაცმა სხვა გამოქვაბულში გასასვლელ ჭრილს მიაგნო, მეგობრებს უხმო. ჯუანშერი ირას დაელოდა, წარიმძღვარა.
თაღოვან დარბაზში სათითაოდ გააღწიეს. დარბაზი საღამოსეულ ბინდს მოეცვა. თაღს ბზარი აჩნდა, ბზარიდან თითქოსდა სამყაროს სევდიანი სიმღერა მოჟონავდა.
-ჩავუშვათ ღუზა და დაველოდოთ, რა ხვედრს განუმზადებს წარღვნა ჩვენს კიდობანს…-მხნედ წარმოთქვა ლომკაც სარაჯიშვილმა.
არჩილი მორს წააწყდა, სანადირო დანით ნაფოტები ჩამოათალა და პაწია კოცონი დაანთო.
-რა მყუდროებაა!-გაიცინა სესილმა,-ასე მგონია, აკვარიუმში მოვხვდით…
”გემის ნამსხვრევებს ჩამოყოლილ აკვარიუმში, კვლავ არხეინად დაცურავენ ციცქნა თევზები და არც მიუწევთ გული ”ზღვისაკენ”… ჯუანშერს გაეღიმა, შემცივნებული ირა მკერდზე მიიკრა.
-ფართქალებს, მკერდიდან ამოგლეჯილ გულივით ფართქალებს…-წაიჩურჩულა ქალმა.
-გამოიდარებს,-გუმანით მიუგო მან და იგრძნო, ”სიკეთის მარცვლები” მიწის წიაღში ჩაიღვარა, შიშნარევი თრთოლვით აუყვა ტკივილის ბილიკს.
სესილმა კედელთან ნაბდები დააფინა. არჩილმა კოცონს ნაფოტები შემოუწყო. თაღის ბზარიდან ისევ მოჟონავდა სამყაროს სევდიანი სიმღერა. გვერდიგვერდ ისხდნენ, კოცონს მისჩერებოდნენ და დუმდნენ.-
-ეს გზა თითქოსდა უსასრულოა, ასე მგონია ოაზისის სივრცეში შეღწევას ამაოდ ვლამობთ…-ჩაიდუდუნა სესილმა.
-და მაინც ოაზისი იმედია დამაშვრალისთვის… ოაზისებით უნდა დაიქსელოს მთელი სამყარო, სიკეთის უჩინარი წერტილებით დაიმუხტოს. ადამიანისთვის სიკეთის საწყისად თავად სიცოცხლე უნდა იქცეს. ოაზისიც უჩუმრად გაიღებს ამ სიკეთეს. მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თითქოსდა პოპულარულია, მაგრამ ხშირად ამგვარი შირმებით, თავისუფალ შემოქმედთ გზას უხერგავენ…
-კეთილ საქმეთა აღსრულება, მხოლოდ სიკეთის დამკვიდრებისთვის!-შესძახა სესილმა, სხვებიც უმალ ჩასწვდნენ წინამძღოლის საფიქრალს. რადგან მისგანვე სმენოდათ: ”ყოველი საზოგადოება აღვსილი უნდა იყვეს ქველმოქმედების სურვილით, უანგარო ქველმოქმედების სურვილით. ერი, რომელიც ამგვარ სურვილს დაასამარებს, განწირულია…”, ხშირად სმენოდათ და ახლა ქვეცნობიერად გადანახული მრავალი ჩანაფიქრი გაამხილეს.
”კეთილ საქმეთა აღსრულება, მხოლოდ სიკეთის დამკვიდრებისთვის…” ემბლემასავით ემჩნეოდა ეს შეგონება ყოველ ჩანაფიქრს. მერე იმაზე ბჭობდნენ, რა სიფრთხილით და ტაქტით მიეწვდინათ რჩეულთათვის ”ოაზისის” თანადგომა. ”ყველა უხმობდა გაბნეულ ბგერებს და ოაზისში აბინავებდა. ბგერებს მიჰქონდათ ცრემლი და სიტკბო და უთვალავი უთქმელი ფიქრი…”, გარეთ კი ქარიშხალი ბობოქრობდა.
-ფართქალებს, მკერდიდან ამოგლეჯილ გულივით ფართქალებს…-თავისთვის ჩურჩულებდა ირა. სამარხი უხმობდა, გორაკის განაპირას მდებარე სამარხი, ზათქით, რომ ევლებოდნენ ქაფმორეული ტალღები; ხედავდა კრთომისმომგვრელი სილამაზის ქალწულს. საკუთარი მამის მიერ ქვეყნიერების გადასარჩენად მსხვერპლად შეწირულს, ვინაც დანასავით ალესილი ცერა თითის ფრჩხილით გაუპო მკერდი…
ჯუანშერი ისევ მიუყვებოდა ტკივილის ბილიკს, მეუდაბნოეს ხმა ჩაესმოდა და მომავლის გენის უხილავი სამყოფელისკენ მიილტვოდა. თაღის ბზარიდან კვლავ მოჟონავდა სამყაროს სევდიანი სიმღერა.
მიილია დღე, მოსაღამოვდა, დანაყრდნენ მცირედ. მერე კოცონი მინავლდა და საუბრით გულშეჯერებულებმა მიიძინეს.
მთვლემარე ირას ძრწოლვით მიუწევდა გული სამარხისკენ. თითქმის მთვლემარე მიხოხდა ჭრილთან. ჰაერის ცივმა ტალღამ გამოაფხიზლა, გაუყვა ჭრილს, გაირბინა გამოქვაბული და დაუფიქრებლად გავარდა გარეთ. მოვარდნილმა ზვირთმა ლამის უწია. ბედად ქარიშხალმა გადაისროლა, წამოდგომა არ უცდია, ხოხვით განაგრძო გზა, სამარხისკენ გუმანით მიიწევდა.
მიღმეთიდან გამომსხლტარ სინათლეს ჯერ ისევ სიბნელე ისრუტავდა, ქაოსით გადემონებული ქარ-წვიმა წარღვნის მოვლინებას იქადდა… ირა უკვე გორაკის ფერდობს მიუყვებოდა. ფრჩხილებით ებღაუჭებოდა მიწას. სხეულში ჩაგუბებული სიცივე და ტკივილი მივიწყებოდა. ტალღები კი, თითქოს სხეულს ულოკავდნენ, არადა, მის მისაკუთრებას ლამობდნენ…
გორაკზე აღწეულმა მკაფიოდ დაინახა სანახევროდ ჩარეცხილი სამარხი. წამოიმართა და გაქცევა სცადა. ქარიშხალმა ისევ თავისებურად დაატრიალა და სამარხზე მიაგდო. ქვის ბასრმა პირმა ძუძუთა შუა მკერდი ჩაუსერა. მაინც ძალუმად ჩაეკრა მიწას და ყელთან იმ რაღაც უჩვეულოს შეხება იგრძნო. მჭიდროდ შეაცურა ხელები მიწაში… მორიგი ტალღა გადევლო გორაკს, წამით აიტაცა, მაგრამ ვერ ააცილა სამარხს. ის კი უფრო და უფრო ჩაეკრა მიწას, თითქოსდა ფესვებივით ჩაზიდა სხეული და ზღაპრულად ნაბარტყი პაწია მარცვალი ძუძუთა შუა, ჭრილობაში შეცურდა, მერე შეუმჩნევლად გაფესვიანდა,,,
გონმიხდილი ესვენა სამარხში… ქარიშხალი ჩაცხრა, მინავლდა, ალიონი მქრქალ სინათლედ ჩამოიღვარა და ძიძასავით ალერსიანი, სმენაგაფაციცებული სიმშვიდე იშვა. სიმშვიდე ჩამსხვრეულიყო ტალღებისა და ზღვიდან მონაბერი ნიავის შარიშურში. სიმშვიდე ბუდობდა ”ოაზისელთა” სუნთქვაში. და უცებ ჯუანშერს კაეშანის ავისმომასწავებელი ჭიხვინი ჩაესმა. მსწრაფლ გაიღვიძა.
-ლექსო, შვილო, ლექსო!-სადღაც შორიახლო იძახდა მამაკაცი.
-ნუ გეშინია, არ დაიხრჩობოდა, ვიცი მე ეგ იოგები,-გაეპასუხა ვიღაც.
-ლექსო, შვილო, ლექსო!-ჩახლეჩილ ხმას ძრავის თუხთუხი შეუერთდა.
-ისევ დაეძებენ…-თქვა სესილმა. ასანთს გაჰკრა და სანთელი აანთო,-იქნებ ისიც აქაა შეფარებული…-შეშფოთება დაემჩნა, სხვებიც გაფაციცდნენ.
-უნდა მომიტევოთ… უნებლიე მოწმე გავხდი თქვენი კეთილშობილი, საიდუმლო ზრახვებისა, მაგრამ მენდეთ და მიმსახურეთ…-უცხო ხმა თითქოსდა ყოველი მხრიდან დაიღვარა,-მამაჩემისა და მის თანმხლებთა წყალობით, ზოგი რამ ალბათ უკვე იცით ჩემს შესახებ… ვიკვლევ ადამიანურ შესაძლებლობებს… ვცდილობ ჩავწვდე გარესამყაროს განვლილ შრეებს, საიდანაც მეხსიერებამ, მხოლოდ გენეტიკური იმპულსები მოიყოლია… საცხოვრებლად მიუვალ გამოქვაბულებს ვეტანები, ახლა თქვენგან ასე ექვსიოდე მეტრის დაშორებით ვიმყოფები… სასიცოცხლო ენერგიის დაზოგვის მიზნით ქვასავით უძრავად ვგდივარ… პოვნით ვერ მიპოვნიან, მაგრამ არ მინდა გამუდმებით დამეძებდნენ… სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმდევარად შემრაცხეს და ამგვარ განმარტოებისთვის ზოგი გასამართლებით მემუქრება, ზოგი ფსიქიატრულში გამოწყვდევით… დაშინებულ მამაჩემს სატყუარასავით იყენებენ…
”ოაზისელებმა” თვალებით დაძებნეს ერთმანეთი და დუმილით შეთანხმდნენ.
-თავშესაფარსაც ჰპოვე ოაზისში…-გაეპასუხა ლომკაცი, ამოსუნთქვას თითქოსდა მინავლებული ტალღების შარიშური ამოაყოლა.
-ქველობა მხოლდ სიკეთის დასამკვიდრებლად…-ექოსავით გაისმა ლექსოს ხმა.
-ჩვენ არქეოლოგირი გათხრები გვშველის, ასე თუ ისე სახელმწიფო სამსახურში ვიმყოფებით, საზოგადოებაში ვტრიალებთ, გარკვეულ სოციალურ ფენას ვეკუთვნით, თუმც…-სესილმა გულღიად ჩაიცინა.
უცებ ჯუანშერს გაახსენდა კაეშანის ჭიხვინმა, რომ გამოაღვიძა. ირას დანახვა ინდომა; მიმოიხედა. ფანრების შუქმა გადასერა დარბაზი. ჯუანშერი წამოიწია და ჭრილისკენ გაქანდა. სხვებიც მიხვდნენ გუმანით მისი აფორიაქების მიზეზს. გამოქვაბულიდან გამსხლტარმა ვაჟმა გორაკს გახედა, ოდნავ ინაკვთებოდა მკერდაჩანგრეული სამარხი. გახელებული გარბოდა. ფიქრით საკუთარ თავს უსწრებდა.
სამარხში განრთხმული ირა ქვა-ღორღსა და მიწას თითქმის დაეფარა. ჩაჩოქილმა მიწა მობღოტა. ქალს ხელი მხარქვეშ შეუცურა… მოირბინა სესილმა, შეეშველა, წამოაყენეს. თვალებმილული ირა მკრთალად იღიმებოდა, ხელებში მომწყვდეული ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს ქანდაკი მკერდში ჩაეხუტებინა, რაღაცით თავადაც ქანდაკს ჰგავდა.
თვალსაწიერზე ამოცურებული მზე წითლად ღუოდა. ირამ თვალები გაახილა, წამით მზესა და ჯუანშერს შეაცქერდა და ისევ მილულა… ჯუანშერმა ფრთხილად აიყვანა.
-ლექსო, შვილო, ლექსო!-კაფანდარა, კისერგრძელი მამაკაცი გორაკისკენ გარბოდა. თანმხლებნი მხარდამხარ მიჰყვებოდნენ.
ლომკაცი და გურისელები უკვე სამარხთან იდგნენ. ხმა ვერ გაეღოთ. რიდითა და აღტაცებით უჭვრეტდნენ ირასა და ქანდაკს.
-ლექსო, შვილო…-ამოიხრიალა მათ უკან კაცმა, იმედგაცრუებულს სახე ჩამოუგრძელდა.
-ჩუმად!-შეაგება სესილმა, დანარჩენებსაც მკაცრად გახედა.
უცნობთა დასი ხარბად მისჩერებოდა ოქროს ქანდაკს. შემაკრთობელი მომხიბვლელობის ყმაწვილი ქალის სიშიშვლე ძვირფასი თვლებით შეემკოთ.
ჯუანშერ ჯაბადარმა სამარხიდან ამოაბიჯა.
-მშვიდად, ქანდაკს ხელი არ ახლოთ… მშვიდად, თავად გამოიღვიძებს… მშვიდად…-ამბობდა სესელი და შეკრებილთ მიანიშნებდა, გზა მომეცითო.
გურისელები ავტობუსისკენ გაიქცნენ, სადაც სათადარიგო კარავი ეგულებოდათ; ის ორი, ადრე რომ გამართეს, ქარიშხალს აეგლიჯა და ერთურთში ჩაეხლართა.
ქალის სუნთქვას და გულისცემას მიყურადებული ჯუანშერი ფრთხილად მიაბიჯებდა… ტკივილის ბილიკი მოლია, ”სიკეთის მარცვლები” ირას სხეულში გადაიღვარა, ქალის გულისცემაში თითქოს მომავლის გენი შეფრთხიალდა… ასე ეგონა სივრცეში შეცურებულ ირას მიჰყვებოდა.
სამარხს მზის შუქი დაეფინა, ქვა-ღორღის ჭუჭრუტანებში ელვარება ჩაექსელა. უცნობთა დასმა ძლივს მოსწყვიტა ხარბი მზერა ოქროს ქანდაკს და სამარხს ჩააჩერდა.
-გთხოვთ, დასტოვოთ გათხრების ადგილი!-თქვა ლომკაცმა.
-მერე განძს ვის ჩააბარებთ?-იჭვნეულად იკითხა მილიციის ლეიტენანტმა.
-საქართველოს…-გაეღიმა, ხელები გაშალა და ცნობისმოყვარენი იქაურობას განაშორა,-სამარხი დაფარეთ!-გასძახა მეგობრებს, მე კატარღით გავალ, ანდრიაძეს დავურეკავ, ექიმსაც გამოვგზავნი…
-არადა და არა, ირას ჩვენ მივხედავთ, მშვიდად გამოიძინებს…-გაეპასუხა სესილი.
-ლექსო, შვილო, ლექსო!..-კვლავ ამოთქვა კაფანდარა კაცმა,-ვიფიქრე, იპოვეს მეთქი, ვიცოდე მაინც, სად გეძებო…
-მე მეტს აღარ ჩავყვინთავ, ბიძაჩემო, რა ვქნა, მეცოდები, ოღონდ, დამხრჩვალი, რომ იყოს, სადმე გარიყავდა,-უთხრა ჩაგვალულმა, შავტუხა მყვინთავმა, თვალი სამარხისკენ გააპარა.
-ლექსო სავსებით ჯანსაღია, მოკვლევას აგრძელებს…-ჩაილაპარაკა ლომკაცმა.
-რა მოკვლევას, რის ძიებას… მერე რას გვემალება, ან თქვენ რატომ არ გაგვაფრთხილეთ!-წყრომით მიაჩერდა მილიციელი.
-საქმემ მოითხოვა…-სარაჯიშვილმა გულშეჭირვებულ მამას გაუღიმა,-უნდა მომიტევოთ!-მიმართა თხოვნით.
-თქვენთან მსახურობს?!-კაცი გაოგნებული იცქირებოდა.
-ჩვენს არქეოლოგიურ ჯგუფში ირიცხება…
-საბუთები,-გაგულისდა ლეიტენანტი.
-აი, მივდივარ და თქვენს უფროსს გავესაუბრები, ჩემს ნათქვამს აკადემიკოსი ანდრიაძეც დაგიმოწმებთ…
-აკადემიკოსი?!-თვალები დააჭყიტა სუნთქვამობრუნებულმა კაცმა და წუთით აბეზარ ბიჭუნასავით აწრიალდა,-თუკი ასეთ ხალხთან ააქვს საქმე…-აღარ იცოდა აღტაცება როგორ გამოეხატა.
-ვინ მისცა უფლება, თვეობით მოსწყდეს სამსახურს, საზოგადოებას, სახლს, გადაიკარგოს და სადღაც ქვესკნელში აღამოს და ათენოს!-არ შეიტეხა ლეიტენანტმა.
-კიდევ კარგი დიოგენი ან წმინდა მამები რომ გადაგირჩათ…-გაიხუმრა ლომკაცმა.
-თუკი ასეთ ძვირფას ხალხთან ააქვს საქმე…-დაბნეული მზერა მოავლო იქ მყოფთ კაფანდარამ,-რაღას შეგვშალა, მთელი წლის მანძილზე ერთადერთი დეპეშასავით წერილი მივიღეთ, არ იდარდოთო და მორჩა!
-მოგილოცავ ბიძაჩემო, მაღარიჩი შენზეა!-შეჰყიჟინა ჩაგვალულმა,-წავიდეთ!-კატარღის მესაჭეს, გაკანჭულ ბიჭს, წელზე ხელი მოხვია და სანაპიროსკენ გაუჩქარა.
-წავიდეთ, წავიდეთ, განყოფილებაში ვისაუბროთ…-ჩაიბურტყუნა მილიციელმა.
-რომ დამლაპარაკებოდა და წესიერი პასუხი გაეცა, რა მოხდებოდა, ვითომ?-კვლავ სარაჯიშვილს მიაჩერდა დაეჭვებული მამა.
-ალბათ განაწყენდა, დასაჭერად რომ დასდევდით, თანაც კვლევს აწარმოებს და… რამდენიმე დღის შემდეგ გვესტუმრეთ და შეგახვედრებთ,-დააიმედა მან, ფერდობზე დაეშვა და თანამგზავრს ხელი შეაშველა.
-კი მაგრამ, მათემატიკას სწავლობდა, მათემატიკას ასწავლიდა და ამ არქეოლოგიაში საიდან გაება?!-საკუთარ თავს ჩაეკითხა იგი.
-მათემატიკური სიზუსტე არქეოლოგიასაც სჭირდება,-არ დაიბნა ლომკაცი.
-ჰო, ეს ასე, ისე კვანტური თეორიის გამარტივებაზეც მუშაობდა-ასეა!...-კაფანდარა კაცმა ამაყად მიმოიხედა.
-მოგვეხმარე!-გამოსძახა ლეიტენანტმა. სამნი სანაპიროზე გამორიყულ კატარღას ეჯაჯგურებოდნენ.
ლომკაცი დაიხარა, ორივე ხელით მიაწვა კატარღის ქიმს და წყალში შეაცურა. სხვები შიგ ჩაცვივდნენ, მერე ისიც ჩახტა და აღმოსავლეთისკენ პირქცეულმა დაინახა, გორაკზე სესილმა ამოირბინა, სამარხთან შედგა და ყელსახვევი დაუქნია. გულუბრყვილოდ გაეხარდა და უნებლიეთ მონატრებაზე რაღაც გაიფიქრა.
სესილი სევდიანად იღიმებოდა, თითქოსდა თავად შორდებოდა ნაპირს, სადღაც ბუნდოვანებაში მიექანებოდა. მერე შებრუნდა და იმავე ფერდობს, წეღან რომ მსწარაფლ ამოათავა, მსჯავრდადებულივით ჩაუყვა. ”დედამიწა ვეებერთელა სამარხია, საკუთარ თავში ჩამარხული სამარხი…” გონში ინსტიქტურად გაუსხლტა.
-საკუთარ თავში ჩამარხული სამარხი!-გაიმეორა ხმამაღლა,-ირამ კი მშვიდად უნდა გამოიძინოს, მშვიდად…-მიუმღერა მომლოდინე ჯუანშერს, კარავში შევიდა და ნაბდებზე მწოლიარე ირასთან ჩაიმუხლა-სამოსი შემოაცალა, სამკურნალო ნაყენით მსუბუქად შეზილა და ღამის პერანგი ჩააცვა. მაშინღა შეამჩნია, მკერდში ჩაკრულ ქანადაკს ქვემოთ, ძუძუთა შუა ჭრილობა, მალამო მიუფინა,-იქნებ, შენც სამსხვერპლო ხარ…-ჩაიღიმილა.
ირა შეტოკდა, სესილი დააცქერდა, თვალთაგან სიმშვიდე მოუვლინა. მერე ნაბადი გადააფარა, კარვიდან გამოვიდა,-მშვიდად გამოიღვიძებს და აკადემიკოსს ანდრიაძეს თავად მიართმევს ნადავლს,-ალერსით შეაჩერდა მომლოდინე მეგობარს, ისევ გორაკისკენ გაუწუია გულმა. ისევ ეთხოვებოდა სანაპიროს, ისევ სადღაც ბუნდივანებაში მიექანებოდა. ლომკაცის დაბრუნებამაც ვერ შეუცვალა განწყობა. განშორებისეულ სევდას გადაექსელა მისი სული…

-:-
ლომკაცი ქალაქგარეთ გასულ აკადემიკოსს ძლივსღა დაკავშირებოდა, მერე მისთვის კარგად ნაცნობ აღმასკომის თავმჯდომარის მეშვეობით ლექსოსთვის სასურველი ამინისტია გამოეთხოვა. მაინც ადრიანად დაბრუნდა; იმავ კატარღით მოადგა სანაპიროს. გორაკის კბოდესთან სესილი იდგა და შორეთისთვის დაბინდული მზერა მიეპყრო. ”ირა…”, ძლივსღა ჩააღწია მის შემეცნებამდე, ვიღაც ირას ამბავს კითხულობდა.
-სძინავს მშვიდად…-გაეპასუხა თავისთვის, მერეღა იცნო ლომკაცი, ვინც წყალში შესულ არჩილს მუყაოს ყუთს აწვდიდა.
სარაჯიშვილმა მესაჭეს, გაკანჭულ ბიჭს მადლობა გადაუხადა კატარღიდან გადმოხტა და ირას კარავს მიაშურა. ჩქარობდა, თან სესილს ეძახდა.
-სძინავს მშვიდად…-გაეპასუხა ქალი ძლივს გასაგონად და ირას მოსანახულებლად გასწია.
ირას მართლაც მშვიდად ეძინა. კარავთან გარინდული ჯუანშერი მის სუნთქვას ისმენდა. ლომკაცმა ფრთხილად დახედა მძინარეს. ძვირფასი თვლებით სხეულმოოჭვილმა ასულმა წამით გონი წარსტაცა.
-საოცრებაა!..-ბატონი ლუკა პირდაპირ აქეთკენ გამოეშურა, დილაუთენია აქ იქნება…-ამ ნაკეთობის დათარიღებას ის შეეცდება, თუმც მე ვფიქრობ ეს უნიკალური ქმნილება დროის ფაქტორს არ ექვემდებარება… შევსვათ ამ აღმოჩენის სადღეგრძელო!...-წარმოთქვა ომახიანად,- მუყაოს ყუთიდან შამპანურის ბოთლები ამოალაგა.
ირასა და სხეულმოოჭვილი ასულის სადღეგრძელო შესვა, მერე გორაკზე გადაინაცვლა, სამარხი დალოცეს, წარსულში ჩაკვერილი მერმისი… ”შარავანდედი ეფინა მიწას და ყველა ცთომილს სიყვარულისთვის უძგერდა გული…” ჯუანშერი მეგობრებს გამოეთხოვა, სხვები საამო საუბარმა გაიტყუა.
სესილი სევდიანად შეაჩერდებოდა ლომკაცს, მიექანებოდა უკან, სადღაც ბუნდოვანებაში, თავბრუ ეხვეოდა. დაგვითვერიო, ეხუმრებოდნენ, ისიც კისკისებდა. ირასთან გადავდივარ ალავერდსო, იძახდა. ბოლოს მოითენთა, წამოდგა და კარვისკენ დაეშვა. წამით რაღაც გაახსენდა, ზღვას გახედა, ჩაბნელებულ ჰორიზონტზე ჩასაფრებულ თვალს წააწყდა… დაღალატიანებულივით ჩაიცინა და კარავთან გაშლილ ნაბადზე მიწვა. ვარსკლავებით მოოჭვილ ზეცას მიაპყრო მზერა, ვარსკლავებიდან სამყაროს სევდიანი სიმღერა მოჟონოვდა…
ჯუანშერისთვის მთელი სამყარო ირას სუნთქვისა და გულისცემის ხმით აღვსილიყო. კარვის კიდეში მიწოლილი დაჟინებით მისჩერებოდა სინათლის მკრთალი შუქით განათებულ ქანდაკს. ”…მომავლის გენი ათასწლეულების შემდეგ ისევ მოევლინება სამყაროს. იგი სადღაც ჩვენს მიწაზე გამოაღწევს, შესაძლოა ზღვისპირეთში, და თუ მას ოაზისმა არ უმასპინძლა, მომავლის გენი სამუდამოდ ჩაკვდება კაცობრიობის გენში”, ეს შეგონება, კეთილი იმედით აღვსილმა უმტკივნეულოდ იწამა და ახლა ათასწლეულის მიღმიდან გამოღწეული მომავლის გენის შეცნობას სურვილობდა, ტკივილის ბილიკს მიუყვებოდა…
ყმაწვილი ქალის სხეულიდან ძვირფასი ქვების ელვარება იღვრებოდა. წამით ეჩვენა, იმ ელვარებაში ცოცხალი არსების სუნთქვა კრთოდა. მზერა, ძუძუთა შუა ოდნავ მოჩინარმა წყლისფერმა ქვამ წარიტაცა. ადამიანის თვალს ამსგავსა, ვნებით აღვსილს, მთრთოლვარეს… ”ქაოსს ქაოსი ჩასახლებია და ჩამსხვრევია სულს უთავბოლოდ; ათასი ბგერა, ათასი პულსი, სადღაც შორეულ მეხთატეხიდან…”
ღამე სიჩუმეს მიყურადებული ფრინველივით განაბულიყო, მთვარის შუქზე უცნობის ლანდი გაიძურწა, კარავში შესრიალდა, გარინდებულ ჯუანშერს პისტოლეტის ტარი შუბლზე დაჰკრა და ქანდაკს მისწვდა.
ირა მომხდურის ძალას მიჰყვა, წამოიმართა. სესილი თითქოსდა წამოფრინდა, კარვის კართან მიირბინა.
-ფრთხილად, არ გააღვიძო…-წაიჩურჩულა.
უცნობმა ხელი აიქნია, ირას ქანდაკი წაგლიჯა. ირამ დაიკვნესა, თვალები გაახილა და ანგარიშმიუცემლად აედევნა.
-ეს რა ჰქენით!-ძლივსღა მოეგო გონს სესილი, და ამ დროს მკერდზე მჭიდროდ მიბჯინეს პისტოლეტის ლულა და გასროლის ყრუ ხმა ქალის მკერდში ჩაიმსხვრა. თავდამსხმელის ლანდი მთვარის შუქზე გასხლტა.
ჰაიჰარად ადევნებული, სხეულაფარფატებული ირა წაფრთხიალდა. ტყაშმაფას ემსგავსა, კაცთაგან დევნილს.
გამოქვაბულის შესასვლელთან ლექსო დვალაძე გამოჩნდა. სამარხთან მიძინებულთ მიაპყრო მზერა, სინაზით აღვსილი სახე და დანაკვთული მკერდი გამოსარჩევ იერს სძენდა და მაინც, მთელი არსებით მღვრიე ტალღისფერ თვალებში შეწოვილიყო. ”ქანდაკი, ქანდაკი გაიტაცეს!” ჩაესმათ ლომკაცსა და გურისელებს ხმა. ძილმღვიძარენი წამიშალნენ. ჯუანშერიც მოეგო გონს; კაეშანის ავისმომასწავებელი ჭიხვინი აეტორღიალა. თავზარდაცემულმა მიმოიხედა, კარვიდან გააღწია, აკვნესებულ სესილს წააწყდა, ჩაიჩოქა.
-მზის ამოსვლას შეესწრო და შენც შეგავლო თვალი, მზის ამოსვლისას…-ამოსჩურჩულა ქალმა,-ფარნების შუქმა გადაანათა იქაურობა. მოირბინეს ლომკაცმა და გურისელებმა,-მე პირნათლად მივდივარ…-სესილმა თვალებიდან ჩამოცურებული ღიმილი ბაგესთან დაივანა. სანაპიროს მიღმა ძრავის ახრიალების ხმა გაისმა.
-დავაგვიანეთ!-თქვა მოახლოებულმა დვალაძემ,-ვიღაც გარბის, ალბათ ირაა…-სესილს დააცქერდა, ჭრილობა მოუსინჯა პერანგის ჩამონახევებით სახელდახელოდ შეუხვია, მერე ფრთხილად აიყვანა, ავტობუსს მიაშურა.
-ირა!-შესძახა ჯუანშერმა. სიბნელეს მინათებულ ფარების შუქს მიუყვა,-ირა!-ახლა სივრცეში გაჭრილ ქალის ხმას დაედევნა.
ირა კვლავ მიფრთხიალებდა. ბუჩქნარი მოლია და ტყეში შეიჭრა. იქ, შვლების დასახოცად ჩასაფრებული მონადირე დააფრთხო. ერთგან კახპა დააფეთა და ავტომობილიდან გამოტყუებულ მთვრალ მამაკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნა. საოცარი ალღოიანობით მიიკვლევდა გზას, ხელებს ფრთებივით მიარხევდა.
განთიადისას, ხევისპირას, შვლის ნუკრისნაირი იერის, ოღონდ ტანად პაწია ძაღლი შეეგება, მხიარულად შეუყეფა, ბინდისფერი პერანგის ბოლო ჩამოუძენძა და გაიტყუა. ძაღლი კედელში გამოკვეთილ სენაკებისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა. საიდანღაც გადმოხეტებულს ერთ-ერთი სენაკის კუთხეში დაედო ბინა და იქაურობას ძაღლური ერგულებით იცავდა. და მოკეთედ მიჩნეულ ირას თავშესაფრისკენ წარუძღვა. სენაკის ნოტიო ჰაერმა ქალს თავბრუ დაახვია, წაბარბაცდა და ჩაიკეცა.
ჯუანშერს დაღლილობისგან არაქათი გამოეცალა, მაინც გარბოდა, კაეშანის შორეული ჭიხვინი ამხნევებდა და ისიც გუმანით მიიწევდა, ქალის ფეხის ხმას მიჰყვებოდა. ათასგვარ წვრილმანზე დაეხვია ფიქრი. ”ტკივილი შენი ჩაეშვა ჩემში, მოგონებების კალო გალეწა…” უდაბნოსეული ხვატი, გნიასი, უსასოო სიჩუმე და აქა-იქ გამომკრთალი სულნაფენი სითბო, მხოლოდ უთვალავჯერ აღქმულის გახსენებას ჰგავდა. ხევისპირას მასაც შვლის ნუკრისნაირი ძაღლი შეეგება, შეუყეფა და უმეგზურა. იმედინად მიჰყვა, უყოყმანოდ შეაბიჯა სენაკში და გაშეშდა: მთვლემარე ირას ყელზე ჭრელზურგა გველი შემოხვეოდა, ბრტყელი თავი ძუძუთა შუა ჩაემალა და ენას ზედ ჭრილობასთან ასხმარტალებდა. ძაღლმა დაიღრინა და გველი წამოყელყელავდა, ზანტად ჩამოცურდა ქალის მკერდზე. ირას გაეღვიძა, უსიამოდ შეიშმუშნა, გველისკენ გაიწვდინა ხელი. გველი კი ძაღლის ღრენამ გაიტყუა, ქვის იატაკზე ჩასრიალდა. ჯუანშერი ირასთან მივიდა, წამოაყენა და გაიყოლია. გახელებული გველი ცდილობდა, ძაღლს გასხლტომოდა, ძაღლი თავგანწირვით შეებრძოლა. ჯუანშერს ქალისათვის ხელი ჩაევლო და ბილიკზე ჩარბოდა, ისიც მორჩილად მისდევდა.
-ირა, თავს როგორ გრძნობ, ირა…-ეჩურჩულებოდა ვაჟი. ქალი კი მის ლაპარაკს ვეღარ გებულობდა, ბგერებიღა ჩაესმოდა და მათაც სხვა ხმაურთან ერთიანობაში აღიქვამდა.
გაფრთხილებულმა მიიხედა, გამოქცეოდა ძაღლს ჭრელზურგა გველი, ბილიკზე მოსრიალებდა. სენაკს შერჩენილი ძაღლი მოჯადოებულივით უღრენდა რაღაცას. ჯუანშერს სუნთქვა შეეკრა, ძლივსღა მირბოდა.
-ირა, გაიქეცი, ირა!-ამოთქვა მერე, ქალს ფრთხილად წაუბიძგა და პირი იბრუნა.
გველი გზას ითხოვდა, აშკარად, მის ზურგს ამოფარებულ ქალისკენ მიიწევდა. ბილიკს მიღმა გაცურდა, შემოვლა დააპირა, ჯუანშერიც იქითკენ გადაეშვა, ზურგით დაასკდა და მოსრისა. მერე წამოდგა, დაგრეხილს ქუსლი თავში ჩასცხო. გახევებულ ირას ხელი მოხვია, ხეთა ჩრდილამდე მიიყვანა, მიწაზე დასვა და გასავათებული თავადაც მიწვა.
-ეეჰ, მშვიდად გამოღვიძება აღარ დაგცალდა… და ალბათ, ის გენიც, ასე უგონოდ მყოფმა და აფორიაქებულმა შეიმკვიდრე…-დაბნეულად ჩაილაპარაკა.
ირა კი, სისხლით მოთხვრილ ფეხებს დასჩერებოდა. ჯუანშერიც დადუმდა, აღარ იცოდა რა ეღონა. ბედად ტყისმცველმა ჩამოიარა, ძლივსღა მიენდო გასაჭირში ჩავრდნილის სიტყვებს, იჭვებით შეპყრობილი ”ოაზისელთა” მოსახმობად გაეშურა.
გურისელებმა ორიოდე საათის შემდეგ ამოაკითხეს. იგი სივრცეს მიშტერებულ ირას ალერსიანად ეჩურჩულებოდა. შეავლო თუ არა ძმებს თვალი გუმანით მიხვდა სესილი გარდაცვლილიყო. თითქმის დუმილით განვლეს გზა. ირა კვლავ არ იღებდა ხმას, ყველასა და ყველაფერს გულგრილად შესცქეროდა.
”ოაზისი” გლოვას მოეცვა; აკადემიკოსი ანდრიაძეც დიდად შეწუხდა მომხდარი ამბით, მაგრამ პროფესიონალურმა ჩვევამ თავისი ქნა, სამომავლო გათხრებზე დაიწყო ფიქრი.
-მალე უკეთ გახდები და ქანდაკებასაც დავიბრუნებთ…-მამაშვილურად ეამბორა ირას, გორაკს გახედა,-ვერ ვენდობი ამინდს, თუ ზღვა ისევ აბობოქრდა, სამარხს ერთიანად ჩარეცხავს… უნდა მომიტევოთ, სესილის სულმაც მომიტევოს, მაგრამ ახლავე უნდა გავთხაროთ…-თქვა მკაცრად,-თქვენ კი, ირას მიხედეთ, დაუკავშირდით პროფესორ ლეთარგელს და ჩემი სახელით სთხოვეთ, სასწრაფოდ გადმოფრინდეს!-მიმართა ასისენტ ქალს და ”ოაზისელებეს” სამარხისკენ წარუძღვა.
ირა მორჩილად გაჰყვა კეთილად მომღიმარე ქალბატონს.
-ოღონდ, დღეს არა…-უთხრა ჯუანშერმა მილიციის კაპიტანს, ვინაც მის დაკითხვას აპირებდა. ძალა მოიკრიბა, ფერდობს აუყვა, ლომკაცმა და ლექსო დვალაძემ ერთდროულად გამოუწოდეს ხელი, წამოეშველნენ.
აკადემიკოსი ანდრიაძე უკვე სამარხთან ფუსფუსებდა. ჩქარობდა, ოღონდ სიფრთხილესაც არ ივიწყებდა, შეპარვით იღებდა პაწია ნიჩბით ჩამოშლილ ფენას.
მოულოდნელად ირა გორაკისკენ გამოიქცა, ფერდობი ამოირბინა, სივრცე მიმოათვალიერა, მკრთალად იღიმებოდა, თან უცნაურ, თავისებურად მელოდიურ ბგერებს გადმოსცემდა. მიეგება ჯუანშერი, შეაჩერდა თვალებში და მიხვდა, ქალი, უკვე სულ სხვა სამყაროთი ცხოვრობდა, სხვა ფერებსა და სახეებს ხედავდა. ”მზის ამოსვლას შეესწრო და შენც შეგავლო თვალი… მზის ამოსვლისას…” გაახსენდა სესილის წინასწარმეტყველური გაფრთხილება. კიდევ უფრო შეძრწუნდა. ”ყველა იმედი ჩაეწურა უიმედობას, უმწეობა უმწეობას შეეხმიანა, შემაზრზენად დაჰგრგვინა ქორომ და სევდის დროშა გამარჯვებად ააფრიალა…”
-აი, ისიც…-გაისმა მეუდაბნოეს ხმით ნათქავამი.
მიიხედა, აკადემიკოსი ანდრიაძე წუთით მართლაც მეუდაბნოეს ემსაგავსა; ფერფლისფერ თმას ქარი უწეწავდა. სამარხში იდგა და ხელთ ოქროს ქანდაკი ეპყრა.
შემაკრთობელი მომხიბვლელობის, ორმოციოდე წლის მამაკაცის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, შიშველი სხეული ათასფრად ელვარებდა.
ნათლად ეჩვენა, იმ ელვარებაში ცოცხალი არსების სუნთქვა კრთოდა…
მზერა ძუძუთა შუა მოჩინარმა წყლისფერმა ქვამ წარიტაცა…
ადამიანის თვალს ამსგავსა, ვნებით აღვსილს, მთრთოლვარეს…
პაწია ქვამარცავალი ობოლ ცრემლივით ჩამოჰკიდებოდა…

-:-
…პროფესორმა ლეთარგელმა სესილის წინასწარმეტყველური დანაბარები სევდიანი ღიმილით მოისმინა.
-შესაძლოა, მართლაც ამნეზიასთან გვაქვს საქმე, დასაშვებია ჰიპნოზით მკურნალობა… ოღონდ პაციენტი თავდაპირველად ღრმა გამოკვლევას საჭიროებს, ამჟამად შესაფერის შესაძლებლობა მხოლოდ მონასელიძის კლინიკაში შეიძლება მოგვეცეს, სადაც სულ ახლახანს განყოფილების გამგედ მიმიწვიეს…-შეფიქრიანებით წარმოსთქვა მან.
-ალბათ იქ, ქალაქის განაპირას რომ ააშენეს…-შეშფოთდა ჯუანშერი.
-დიახ, დიახ…თავად მონასელიძე დიდადაა დაინტერესებული შიშის სინდრომით დააავადებულთა ბედით… ერთსა გთხოვთ, ბოლომდე მომენდეთ, საჭიროებისადა მიხედვით თავად მოვიწვევ ავტორიტეტულ კონსილიუმს… ნურც ავადმყოფის მონახულებას შეეცდებით, სასურველია გარე ურთიერთობებით თუ არ დავამძიმებთ ავადმყოფის ფსიქიკას…
-ჩვენც მადლიერი დაგრჩებით, თუ ეს ამბავი არ გახმაურდება, რათა ყოველგვარი ჭორის გავრცელება თავიდან ავიცილოთ, თან სასურველია, ირა სანათესაოს უთავბოლო მზრუნველობისგან ვიხსნათ…-მისი აზრი განამტკიცა ლომკაცმა.
ჯუანშერმა ხმის გაღება ვერ მოახერხა. უმწეოდ გასცქეროდა ლეთარგელის თანხლებით მიმავალ ირას. ”მარტოოდენ ლოდინით ვერ შემოვიფარგლები, მე უნდა შევაღწიო ირას სამყაროში, უნდა შევაღწიო…” შეჰფიცა საკუთარ თავს და მერე ამ გადაწყვეტილებას დაჟინებით იმეორებდა.
გრძნობდა, ქვეცნობიერად, მომავლის გენისა და უხილავი სიცოცხლით აღვსილი წყლისფერი ქვის საიდუმლოს ამოცნობას ლამობდა… მერე მოერია სასოწარკვეთას და ”ოაზისელებს” ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, ორმოციოდე წლის მაამკაცის ძუძუთა შუა მოჩინარ ქვაზე მიანიშნა.
წამით, მათანც ეჩვენათ, იმ ელვარებაში ცოცხალი არსების სუნთქვა კრთოდა, მაგრამ ყოველივე უცნობი მინერალის თავისებურებად მიიჩნიეს. ვერც ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ცხადჰყო რამე. ადამიანის თვალის სადარ ძვირფას თვალს ”ქვაუჯრედის” სახელად მოინათლა და შემაკრთობელი მომხიბვლელობის მამაკაცის ქანდაკს ხელოვნების მუზეუმში მიუჩინეს ადგილი… ერთიანად მიიზიდა მნახველები, არაგზნო, მოხიბლა, დაიმონა… და სულ მალე მრავალი ქალი თუმც უიმედოდ, მაინც ვნებიანად ეტრფოდა, ოცნებაში ესიყვარულებოდა და ბევრი ამ სიყვარულით დატკბობასაც ახერხებდა.
იდგა ჯუანშერი, სხვებთან ერთად უჭვრეტდა მინის მიღმა დავანებულ ქანდაკს, ვნებით აღვსილ წყლისფერ ქვას და ელოდა… ელოდა იმავე წვა-დაგვით, ვითარც სევდიან შენობასთან მზის ამოსვლის მომლოდინე… ”მზის ამოსვლისას, მზის ამისვლისას…” კვლავ საამოდ ეჩურჩულებოდა მეხსიერებაში დამკვიდრებული სესილი და ისიც, ყოველ დილით, მზის ამოსვლისას ზოგჯერ საათობით იდგა სევდიანი შენობის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე და თეთრად შეღებილ ფანჯრებს უჩვეულო ერთგულებით უთვალთვალებდა, უიმედოდ ელოდა მის დანახვას…
აღგზნებული, საფიქრალში, წამიერად ფანჯრის მიღმა გაელვებულ ლანდს ადევნებული ჩვეულებისამებრ ირას სამყაროში შეღწევას ლამობდა. ”შენმა სიყვარულმა გული გამითეთრა, ჩემს მკერდშია დატბორილი შენი მჭველი სევდა…”, ჩვეული თავგანწირვით სურდა მისთვის ხმა მიეწვდინა, პასუხად კი, თითქოსდა შენობის საძირკველში ჩატანებული ”მშიშოს” კვნესა ესმოდა.
ის კვნესა ათასობით ადამიანის სასოწარკვეთას აერთიანებდა და ჯუანშერი თავისდა უნებლიეთ მუზეუმში დავანებულ ქანდაკის მკერდში მოჩინარ ქავას შესთხოვდა შველას.
”და თუ მას ოაზისმა არ უმასპინძლა, მომავლის გენი სამუდამოდ ჩაკვდება კაცობრიობის გენში…”, ჩაესმოდა ჯუანშერ დიდის გაფრთხილება და წუხდა, ის ათასობით ადამიანის კვნესის ხმა ”მომავლის გენს” სასიკეთო მასპინძლობას, რომ ვერ გაუწევდა.
ქვამარცვალში კი, წარსული ცივილიზაციიდან მოღწეული გამარჯვებული სიცოცხლის საიდუმლო სულდგმულობდა…
გარინდებულს მხოლოდ კაეშნის ჭიხვინი აფხიზლებდა, უმალვე დაუდარაჯდებოდა შორეულ ხმას და გული უკვნესოდა, სევდიან შენობასთან მიჯაჭვული გადაკარგული მეგობრის მოძებნას, რომ ვერ ახერხებდა.
”ააჰ, განწმენდას იტარებ… ჰა, ძველო, იქნებ შესაძლებლობლებს ამჟღავნებ, იქნებ აქედან აპირებ იერიშის მიტანას…”, თითქოსდა შორიახლოდან გამქირდავად ექილიკებოდა ”მშიშო” და გრძნობდა, იგი სევდიან შენობას იყო თავშეფარებული.

-:-
”მშიშო”, მართალაც კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთ ოთახში გახლდათ შეყუჟული და მოძალებულ შიშს ებრძოდა…
”რა დამაძინებს…”, კვლავ გააჟრჟოლა მას. ოთახს, რატომრაც გაოცებული მზერა მიმოავლო და გონებაში ჩვეულებისამებრ გაუსხლტა: ”მხდალი ვარ, მხდალი…”
ეს შხამიანი ეჭვი წლების განმავლობაში უღრღნიდა გულს და საკუთარ თავს გულმოდგინედ უმტკიცებდა, რაც აღაშფოთებდა, სიფიცხეს შემატებდა, ყოველივე ის შიშისმომგვერელ ძრწოლვას ჰგვრიდა.
ბუნებით ზედმეტი ხმაურისა და აყალმაყალის მოძულე გახლდათ; მოპაექრესთან მშვიდ კილოზე შესიტყვებას ამჯობინებდა, ოღონდ შემდეგ, განმარტოებულს, ის ეჭვი ცნობიერებას დაუნდობლად დაუსერავდა: ”მხდალი ვარ, მხდალი… თორემ ერთხელ მაინც რატომ არ შევუყვირე, მან ხომ აღიმაღლა ხმა… მხდალი ვარ, მხდალი…”
არც ქალიშვილებთან ურთიერთობის დამყარებისას იჩენდა სითამამეს. უფრო სწორად რომ ვთქათ, მათ წინაშე იმ ქარაფშუტობისა და თავხედობის გამოჩენა არ შეეძლო, რომლის მეშვეობითაც ბევრი ვაჟი გასაოცარ წარმატებებს აღწევს სამიჯნურო თუ სააშიკო არენაზე. აქაც, იმ თავის ”სიმხდალეს” სდებდა ბრალს.
იყო წუთები, როცა იმ ეჭვებით გონებადასეტყვილს ეგონა, ათასგვარ სისულელეს ჩაიდენდა თავისი სიმამცე, რომ დაემტკიცებინა. მაშინ, იქნებ, ვინმე ბუმბერაზი კი არა, მთელი ქვეყნიერებაც დაუფიქრებლად გამოეწვია ჩხუბში, მაშინ, იქნებ, ვიღაც უცნობი, გამომწვევად მომხიბვლელი ქალიშვილისთვისაც კი მოეხვია ხელი, მაშინ, იქნებ…
…მაგრამ, საბედნიეროდ იმ წუთებს ხშირად მამაცურად უმკლავდებოდა.
ერთხელ, იმხანად, როცა ჯერ კიდევ ბიჭი ეთქმოდა, შინისკენ გვიან ღამით ბრუნდებოდა. მეტისმეტი ძალგულოვნებით მოარღვევდა სიბნელეს და თავისთვის, ვითომდა არხეინად რაღაცას ღიღინებდა.
ქუჩის გადასახვევთან, ის იყო, ნათურების შუქით გაჩახჩახებული ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ შორიახლოდან ქალის მოკლე, წამიერი შეკივლება მოესმა. მერე ერთ-ერთ შენობის ჩაბნელებულ კუთხეში საეჭვოპდ აწრიალებულ სილუეტსაც მოჰკრა თვალი.
”ჰმ, შეშინდი, ჰმ, მიიძურწები!..” სინათლის ზოლს მსწრაფ გაეცალა და ჩაბნელებულ მხარს ჯიქურ მიაშურა.
-შეჩერდი, საით მიალაჯებ!-შეუძახა ვიღაც მამკაცმა და იმ საეჭვო ადგილს მიახლოებულს მხარზე ხელი დაჰკრა.
არც კი შეყოვნებულა, ისე გაქანდა წინ და კარგა მოზრდილი ტანის ვაჟებს, კედელზე აკრული ქალისთვის სამოსის შემოცლას რომ ლამობდნენ, თავდაუზოგავად ეძგერა, თან ქალს შესძახა:
-გაიქეცი!
მამაკაცებს დამსხლტარი ქალი, მართლაც გაიქცა, ოღონდ რატომღაც ხმა არ გაუღია და არც ბიჭის მისაშველებლად უხმია ვინმე.
იგი კი, გამძვინვარებულ კაცთა რკალში მოქცეული შემართებით იგერიებდა მუშტებს, ადგილს მოხერხებულად ინაცვლებდა და რომელიმე მათგანს უცაბედი შეტევით აფრთხობდა. ბოლოს და ბოლოს მოჩხუბართ არაქათი გამოეცალა.
-შემეშვი რა, ძმა, იმ კახპის გულისთვის მკლავ?!-შესჩივლა ერთმა,-სუნთქვაგახშირებულმა ისე მიიჭდო მკერდზე ხელი, თითქოსდა სულს ღაფავდა,-ეტყობა ნავარჯიშები ხარ, ჩვენ კი მესამე დღეა პახმელიაზე ვერ გამოვსულვართ…
სხვები ჩასამუხლ ადგილებს ეძებდნენ. მიხვდა, ნამთვრალევ ხალხთან ჰქონდა საქმე.
-მეორედ არ გადამეყაროთ!-თავმომწონედ გააფრთხილა და ვალმოხდილი გაუდგა გზას.
-აგრე, შე კაცო…-დაუმადლა მან,-რომ იცოდე ვისთვის წირავდი თავს…
შეკრთა, სიამაყის გრძნობა უმალვე გაუცამტვერდა. ”ერთი შენც, თავი გამოიჩინე რა, ლოთების ჩხუბი ვის გაუგია…”, აფუსფუსდა გონებაში მონათესავე ეჭვი,-გულმა გიგრძნო მთვრალები რომ იყვნენ… ჰმ, აბა, კახპისთვის თავს ხომ არ გაწირავდნენ. იქნებ ის დედაკაცი წყევლასაც გითვლის, იქნებ ძალადობასაა მიჩვეული, იქნებ სიამოვნებს, როცა…”, დაუდევრად გადააფურთხა და თავისთავს შეუკურთხა.
მერე იმ ეჭვს სხვა ეჭვიც დაემატა… ეჭვი, სხვისი სიმხდალის წყალობით მოპოვებულ გმირობაზე.
არა, მშიშარა ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ ზედმეტ სახელად, თითქოსდა ალერსით, რატომღაც ”მშიშოს” ეძახდნენ.
ახოვანი, მიმზიდველი შესახედაობის ვაჟკაცი იყო და განათლებაც საკმაო ჰქონდა, მაგრამ ეჭვი, რომელიც იმ ზედმეტი სახელიდან იღებდა სათავეს, ვერასგზით ვერ დაეძლია, რის გამოც ზოგჯერ სხვებისდა მალულად დამთხვეულივით იქცეოდა. ზედმეტი სახელი კი… რისი, ან ვისი წყალობით დაისაკუთრა ეგ ზედმეტი სახელი, დღესაც არ იცოდა.
უბრალოდ, ერთ დღეს, სკოლაში მისულს, რომელიღაც თანაკლასელმა მშიშარა დაუძახა, სხვა თანაკლასელმა _მშიშო!..
თავდაპირველად გაოცდა, თანაც იფიქრა, მეხუმრებიანო და გაბრაზება არ უცდია. ბოლოს, როცა ამხანაგმა ზურგზე მიკრული ფურცელი, რომელზედაც ”მშიშო-მშიშარა!” მსხვილი ასოებით ეწერა, დემონსტარციულად ააძრო, ის გაოცება გახელებად ექცა და საეჭვოდ მოხითხითე თანაკლასელი ბიჭი საცემრად გაიმეტა.
მერე უმეტესობა ამ სახელს ალერსითა და თითქოასდა პატივისცემის ნიშნად ეძახდა. თავად კი, ვერასგზით მიმხვდარიყო, რათა გამოესყიდა არჩადენილი სიმხდალე. თანდათანობით ის ეჭვი ჩაუბუდდა სულში და დროთა განმავლობაში ზედმეტ სახელსაც შეეჩვია.
და ახლა, ამგვარად გაწამებული კლინიკაში ებრძოდა აკვიატებულ იჭვს…
”…დედაც რომ მშიშოს მეძახდა, ბიძაშვილებიც… ალბათ გაკვეთილიდან გაპარვაზე თუ ვთქვი უარი…”, მეხსიერებაში ამისდაგავარი შემთხვევაც გამოჩხრეკა ინდომა, ჩვეულებისამებრ მოეცარა ხელი და გაწიწმატებულმა დაასკვანა: ”არა! ნაღდად მხდალი ვარ, მხდალი… ერთი მაგის…” გაგულისდა, გაავებული შებრუნდა და საწოლს მიაშურა.
ლოგინში ჩაწოლილს ძალზე სურდა, არაფერზე არ ეფიქრა, უნებლიეთ სიჩუმეს მიუგდო ყური და უცებ მოეჩვენა, თითქოს ოთახში მის გარდა კიდევ იყო ვიღაც.
გაირინდა, სიბნელეს მიაცქერდა. კართან ადამიანის მსგავსი ფორმაცვალებადი სილუეტი დალანდა. შეცბა, ალბათ შეშინდა კიდეც. ფრთხილად წაიღო ხელი სკამზე გადაკიდებული შარვლის ჯიბისკენ, საიდანაც სილუეტისთვის მზერამოუშორებლად ვითომდა ”საკეცი დანა” ამოიღო, გახსნა და დამთხვეულივით წამოვარდა ზეზე. დაძაბული გვერდიგვერდ წავიდა კედლისკენ, ნაჩქარევად მოძებნა ჩამრთველის ღილაკი და სინათლე აანთო.
ოთახში არავინ იყო, მაინც გაფაციცებით მოათვალიერა იქაურობა, მერე თავისუფლად ამოისუნთქა, გაიღიმა, ეს რა მომელანდაო,-გაიფიქრა და თავი შეაქანა. ”დანა” ისე სწრაფად დაკეცა, თითქოს რაიმე სამხილი მოსპო, მერე სინათლე ჩააქრო და თამამდ გააბიჯა.
-დიახ, ბატონო გახუ…-წარმოთქვა მოკრძალებით,-შიშს სხვების დაშინებით უნდა ვძლიოთ… ”დანა” ისევ შარვლის ჯიბეში ჩაიდო, ლოგინში ჩაწვა, საბნის კიდეები გულმოდგინედ ამოიკეცა და შეეცადა დაეძინა. ამაოდ, საშინლად ემძიმებოდა თვალების დახუჭვა.
ოთახში გამეფებული სიბნელე მორევსავით ტრიალებდა, ტორტმანებდა, მის გასაგმირად ურჩხულივით ასავსავებდა შხამიან ენებს. იდუმალებით მოცული სიჩუმე კი, ყურებში მზაკვრულად შარიშურობდა… და მას ეგონა, დერეფნის გასწვრივ მდებარე ოთახებიდან გამომძვრალი ფრჩხილებბასრი ადამიანები მის გამოსაღადრავად მოცოცავდნენ.
სხეული დაეძაგრა. სუნთქვა წაერთვა, გულისცემაც. კვლავ დალანდა კართან ადამიანის სილუეტი. იდაყვებზე წამოიწია და მიაშტერდა. ”ჩემსკენ მოჩოჩავს…”, გაიფიქრა და შეაძაგძაგა. გაუბედავად წაიღო ხელი შარვლის ჯიბისკენ, ვითომდა ”დანის” ამოღებისთანავე საწოლიდან გადმოხტა, უკანსვლით წავიდა კედლისკენ და თან ”დანა” გახსნა, სიბნელეს მოუღერა. კედელს ზურგით მიეყრდნო, აზრმიუტანებლად მოჰყვა ზედ მარცხენა ხელის ფათურს, რათა სინათლე აენთო. უშედეგოდ… მუხლები მოეკვეთა, ეგონა, ის ვიღაც, სადაც იყო ეძგერებოდა. ცოტაც და ალბათ იღრიალებდა… ბედად, თავით ჩამრთველის ღილაკს მიაწვა. სინათლე აინთო, ოთახში არავინ იყო, სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას, მერე დაიჩოქა, საწოლის ქვეს შეიხედა, ოდნავ დამშვიდებული წამოდგა.
-თფუ!-წამოიძახა, არ გადაუფურთხებია ისე… ფეხაკრეფით მივიდა კართან, ხელი სახელურს მოსჭიდა, მისწი-მოსწია, კარი დაკეტილი იყო. ახლა თავისუფლად შეძლო სუნთქვა,-დიახ, ბატონო გახუ…-წარმოთქვა კვლავ მოკრძალებით,-შიშს სხვისი დაშინებით უნდა ვძლიოთ…-მერე ფანჯარასთან იდგა, ხარბად ისუნთქავდა სიგარეტის კვამლს და ცდილობდა, იმ მოლანდებაზე არ ეფიქრა.
სიგარეტი რომ თითებშუა ჩეწვა, იგრძნო, შესცივებოდა. თანაც მიხვდა ფანჯარას აფარებული სიბნელისთვის თვალის გასწორება უძნელდებოდა. შებრუნდა და საწოლისკენ მიიწია. ”დანა”, რომელიც თავისივე შთაგონების წყალობით აქამდე ხელში ეკავა, ”გახსნილი” დადო სკამზე. მერე რატომღაც შერცხვა, სინათლის გამორთვას რომ არ აპირებდა და გეზი იცვალა.
ლოგინში სიცივისგან შეწუხებულ კაცს დაემსგავსა და ხელების ორთქვლას მოჰყვა. მერე მარცხნივ გადაბრუნდა და ფეხების სავსავი დაიწყო. გულმოდგინედ ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეჩვენებინა, რომ სხეულის გათბობის მეტი არაფერი აინტერესებდა, მაგრამ მოულოდნელად მთელი არსებით შეძრწუნდა… ეგონა, ის ვიღაც, საცაა, ზურგზე დამაცხრებაო… ორივე ფეხი მძლავრად გაიქნია, გადმოტრიალდა, ხელები საბნიდან ამოყარა და მარჯვენათი ”დანას” სწვდა, დაავიწყდა ”დაუკეცავი” რომ დატოვა და ხელის მკვეთრი მოძრაობით ”გახსნა”. ამგვარი ჟესტი მიმქრალ სიმტკიცეს უღვივებდა და ისიც საკუთარ არსში თავისებურად მკვიდრდებოდა.
მერე წუთზე მეტ ხანს იქნევდა აქეთ-იქით ”დანიან” ხელს და ნაჩხუბარი კაცივით ქშინავდა. ბოლოს ”იმარჯვა”, თითქოსდა ლაზათიანად ჩატარებული ილეთის წყალობით მოწინააღმდეგეს გაქცევა აფიქრებინა და ოდნავ დამცხრალმა სიბნელეს უსწორა თვალი.
-დიახ, ბატონო გახუ…-რიდით დახარა თავი და გაირინდა. მერე კვლავ წამოელანდა, ოთახებიდან გამომძვრალი ბასფრჩხილებიანი ადამიანები ჩემს გამოსაღადრავად მოცოცავენო და ყურები ცქვიტა.
…ხანდახან ვეღარ არჩევდა სიბნელეში სანახევროდ გათქვეფილ მოლანდებას; მხედველობა ენისლებოდა; ეჩვენებოდა, თითქოს იგი მისკენ მოცოცავდა და ”დანიანი” ხელით თავდაცვას იწყებდა.
-მხდალი ხარ, მხდალი…-წაიჩურჩულა უცებ, თითქოსდა მოლანდებას გამოაჯავრა. იგრძნო ეღიმებოდა, გაიცინა კიდეც,-ხელები მაღლა!-შეჰყვირა მერე. მოჩვენება გაქრა. მალე გულიანად ხარხარებდა, თან ცდილობდა მხედველობიდან დაკარგული სილუეტისთვის მოეკრა თვალი,-ხელები მაღლა!-უკვე მერამდენედ იმეორებდა,-აჰა, სიცილის შინებია…-დაასკვნა ბოლოს. უკვე აღარ აფრთხობდა მოჩვენების დანახვა. კმაყოფილებით გაიზმორა, ”დანა” სკამზე ”დააგდო” და საბანში შეიფუთნა,-ხელები მაღლა!-ღიმილით იძახდა კვლავ და საშიშროების მოლოდინიც გაფერმკრთალდა…

-:-
შორეული წინაპრისგან გამოყოლილი გენის დაუდგრომლობამ კაეშანი ააოტა.
ძალთახმევის შეცნობის წადილი საკუთარ არსიდან გასხლტომას აიძულებდა, დაუოკებლად მიერეკებოდა და ცხენი თითქოსდა მისი სხეულიდან ამოზრდილი უხილავი მხედრის გადამალვას ეშურებოდა. უეცრივ კისკისიც ჩაესმოდა. გახელებული მიაბრუნებდა კისერს, დაიგრძელებდა, სურდა ტუჩებით მხედარს შეხებოდა…
უცხო მხარეში გადაიხვეწა… თითქმის ზეზეურად ეძინა. ბალახსაც ღამით მიიძოვდა; ჩამოხმა და ჩამოტყავდა, ლამის ცხენის შორეულ წინაპარას დაემსგავსა. ველური ცხენივით შორსმხედველი ადამიანისმაგვარს უმალ განელტვოდა. ერთგან, მაინც გადააწყდა ჩასაფრებულ კაცს, უმოწყალოდ გადათელა. სხვაგან ცხენოსანი გამოედევნა, საგანგებოდ შეყოვნდა, პირი იბრუნა ყალყზე შედგა, ფეხები აატოტა და მომხდურს დაჰკრა. დამფრთხალმა ბედაურმა უზანგს გამოკიდებული მხედარი გაიყოლია. კაეშანს კი, აღტყინებული კისკისი ჩაესმა. კისერი მიაბრუნა, დაიძაბა, ძალზე ეწადა ტუჩებით შეხებოდა უხილავ თანამოარსეს. უმწეოდ შეიჭიხვინა და გადაიჩეხა; ხრამი არ ეთქმოდა, ძველისძველი წყალმიტოვებული კალაპოტი იყო. გადაჩეხილს იმ იდუმალი გენის ძალისხმევა უთრთოლებდა სხეულს. სხეული უპასუხოდ ტოვებდა მის დაჟინებულ მინიშნებებს და ბოლოს გენიც ჩაცხრა, მიყუჩდა. ცაზე, რომელიღაც ვარსკლავი ღუოდა. კაეშანს გველის ტბა გაახსენდა. წამოიწია, ამაოდ, შლამიან მიწას დაჰკვროდა.
გამთენიისას, მისგან დატორილი, ბეწვზე გადარჩენილი, თავშებანტული კაცი წაადგა თავზე. ფრთხილად მიუალერსა, ტან-ფეხი მოუსინჯა, წინა მარცხენა წვივზე არტახები დაადო, მერე ლაგამი ამოსდო, წამოდგომაში მიეშველა და სადგომისკენ გაიყოლია. თავლაში მალულად დააბინავა, თავს ევლებოდა, ბალახსა და ნუგბარს აძალებდა, წვივზე მალამოს ადებდა, ტანს უზელდა. საურველით, ხის დანითა და მაუდის ნაჭრით წმენდდა, გაკრიჭა კიდეც.
კაეშანი აღარ დრტვინავდა, ხორცი შეიბა, სისავსე დაემჩნა, მოღონიერდა და როცა ცხენის მორჩილებაში დარწმუნებულმა კაცმა მისი დადაღვა გაიფიქრა და კარი ლაღად შეაღო, კაეშანი გაქანდა, ბეჭი გაჰკრა, კედელს მიანარცხა, ეზო გადაიქროლა, ყორეს გადაევლო.
ჩამოზამთრებულიყო, წვიმას თოვლი ენაცვლებოდა, ქარს _ქარიშხალი, ქარიშხალს -გრიგალი. კაეშანი გველის ტბისკენ მიიწევდა, სმენაგაფაციცებული საეჭვო ჩქამსაც გაურბოდა. გზადაგზა წინა ფეხების ფლოქვებით ქექავდა თოვლს, შიგ ჩარჩენილ მწვანე ბალახს ძოვდა. მერე უნდოდ მიმოათვალიერებდა იქაურობას, გარბოდა.
ძველისძველი განწყობა ეუფლებოდა, ჯუანშერისკენ მიუწევდა გული…
მიაბიჯებდა ჯუანშერი, მძიმედ, ფიქრმიდევნებით. თმაზე ეფინა სითეთრე. მაღალყელიანი ჩექმები ეცვა, ტანთ უხეში ქსოვილის შარვალ-ხალათი და ქურთუკი ემოსა. უკან, მაწანწალა, თახვისოდენა ძაღლი მოცუნცულებდა. თოვდა მშვიდად, თითქოსდა თავისთვის. ჯუანშერი შეყოვნდა, ცას ახედა, ფიფქი წამწამზე ჩამოადნა. ”თოვლის ფიფქები, სულის მორევი, თანშეწყმა მათი უკიდეგანო…”, გულუბრყვილოდ გაეღიმა, თვალნი დაძაბა და ასე ეგონა ფიფქთა მორევში გაატარა მზერა, ზესკნელს უწია.
რიჟრაჟის მცირე ნათელი შორეულ წყვდიადიდან მოჟონავდა. იქვე, გზისპირას დავანებულ ლოდზე მეუდაბნოე ჩამომჯდარიყო. ფერფლიფერ თმა-წვერზე ჭაღარას ჩამოეთოვა. ”მეუდაბნოე…” მგზავრს სიხარულმა გული შეუტოკა, და ჩასწვდა, ის იდუმალი, სიმხნევის მასაზრდოებელი სიმშვიდე მან მოუვლინა, მისი თანადგომით მოთოკა ბრმა შურისძიების გრძნობა.
”…იყავ ლამაზად კეთილი, ციური სასუფეველი თავად ჩვენშია…”, თითქოსდა შესჩურჩულა მეუდაბნოემ და რიჟრაჟიდან წყდიადში გადაინაცვლა. და წამით ჯუანშერს ეჩვენა, რომ სინათლე იმ წყვდიადის სიღრმიდან მოდიოდა. ”მეუდაბნოე…”, ჟინიანად გასცქეროდა რიჟრაჟით ჩამოძენძილ წყვდიადის ნაწიბურს.
შორეული ფეხის ხმა ჩაესმა. მთელი სხეული შეუცნობადი უსასრულეთით აღევსო და იგრძნო, მეუდაბნოეს მეტად ვეღარ იხილავდა. იგი თითქოს ერთდროულად შერჩა წარსულს, აწმყოს და მომავალს. ”შემომეძარცვა უკვე სხეული, დროულად უნდა განვერიდო ხილულ სამყაროს…”, ჩაესმა საიდანღაც.
ჯუანშერმა ყრუდ შესძახა და წყდიადს გამოედევნა. ლამის მიწას მოსწყდა. მერე დაეცა, თავი თოვლში ჩარგო, გაიტრუნა. მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას, მან კი, ის წამი მძევალივით შეატოვა და…
”…იყავ ლამაზად კეთილი, ციური სასუფეველი თავად ჩვენშია…” ღრმად ჩაისუნთქა ”სიწმინდე მისი დასჭირდათ მერე, როცა გამოძღნენ, ლეშად იქცნენ და ღვთის საუფლოს მიაპყრეს თავლი, ციურ ჩარჩოში ესვენა სხივი აწგარდაცვლილი, ბგერები ნაზი, მსხვერპლი სიჩუმის და სიყვარული და სიყვარული… სიწმინდე მისი დასჭირდათ მერე…” იგრძნო, ის წამი, რწმენის საგზლად უნდა ჩამოღვენთილიყო და კვლავ თავგანწირვით გაიბრძოლა, რათა ირას შეუცნობად სამყაროში შეეღწია. წამოიმართა, პირისახე ჩამოიმშრალა, მეუდაბნოეს უხილავ ნაკვალევს უიმედოდ მიადევნა მზერა, მერე იმ სევდიან შენობისკენ აიღო გეზი.
ბენზინის ჩამომსხმელ წერტთან წუთით შეისვენა, ბოღრას მიუალერსა, უდარაჯეო, დაუბარა და გზაშარაზე გავიდა. რიჟრაჟი ნაცრისფრად დაწინწკლულიყო. ”კუნძულის” შემოგარენისკენ სატვირთო ავტომანქანები და ქვეითნი, თითქოსდა მოერიშე კოლონასავით მოიწევდნენ.
ამ მხარეში, უმოკლეს დროში ათიოდე შენობის საძირკველი გაიჭრა, აქვე, სადღაც მიწისქვეშა გვირაბიც გაჰყავდათ. ”კუნძულს” კი ჯუანშერ ჯაბადარისთვის მაინც იდუმალებით მოცული ცივილაზაციის ლაბირინთში გატყორცნილი სამყაროს ელფერი ედო. და ქვეცნობიერად, დიოგენისეულ უხილავ კასრივით დაატარებდა ამ სამყაროს.
მიაბიჯებდა, გულღიად ესალმებოდა ნაცნობთ, ალერსით უთვალთვალებდა დილაბინდის საწიერს და კვლავ თავგანწირვით ცდილობდა ირას სამყაროში შეღწევას. ”მე შემოვაღწევ შენს საუფლოში, მეხსიერების ბილიკებით გამოგაპარებ… ნაზიარები იდუმალ ვნებას, მომავლის გენის…”, უნებლიეთ შეცბუნდა; ნევროპათოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის შენობის ფანჯრიდან ვიღაც ჟინიანად მისჩერებოდა.
შავგრემანი, სანდომიანი იერის, ოცდაათ წელს გადაცილებული ქალი ჩაძიებით უჭვრეტდა, ლამის სულში ჩაუძვრინა მზერა. ჯუანშერი წამით შეეჭვდა, იფიქრა, იქნებ ირა მითვალთვალებსო, მაგრამ მალე მიხვდა თავის შეცდომას და იქაურობას ნირწამხდარი გაეცალა.
ქვეცნობიერად ირასკენ მიილტვოდა…
ირა ხელეგაშლილი იდგა კედელთან; ბინდისფერი, კოჭებამდე ჩამოფრიალებული კაბა ეცვა. იატაკზე განრთხმული გახუ მონასელიძე, ვინაც ”ნექტარგოგონასათვის” უდაბნოდან ოაზისში შემოხეტებული, უმწეოდ მცოცავი ”ჭრი” გახლდათ, ქალის შიშველ ტერფებს ფინია ძაღლივით ლოკავდა. ”ნექტარგოგონას” ებრალებოდა ”ჭრი”, აღარ უშლიდა მიწაზე დაფენილ ცვრიანი ფოთლების ალოკვას, ოღონდ ხასხასა, ჩახვეულ ფოთლებში დაგროვილ ნექტარს საგულდაგულოდ მალავდა. და თუ ”ჭრი” თავის წამოწევას გაბედავდა, ”ოაზისის” ბინადარი უმალ შემოჰკრავდა შხვართუნა ტოტებს, უმალვე განერიდებოდა.
ნექტარს იგი მარადიული ნათელის სხივიდან იწოვდა, სხივი ”ოაზისამდე” ძლივსღა აღწევდა. ნექტარის მცირე მარაგი კი, უდაბნოს გადალახვისას უნდა ესაგზლა… უდაბნოსმიღმა სიცოცხლე დანაწევრებით უხმობდა. იქ მარადიული ნათელს იხილავდა და შეერწყმებოდა… ნექტარგოგონა ყოველივე ამას ქვეცნობიერად აღიქვამდა, და ასევე ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ რაღაც სხვა, მის სულში დალექილი ნექტარით საზრდოობდა, რაღაც სხვა მის სულსა და სხეულს ბანგივით ისრუტავდა.
ექსტაზს მინებებულმა გახუ მონასელიძემ საეჭვო ხმაური აღიქვა და ხოხვით უკან დაიწია, მერე კენგურუსავით წამოიმართა, გაფაციცდა, ხალათი შეისწორა და ირას მიაჩერდა. ენის წვერით ნეტარებით ილოკავდა ბაგეებს, ქალის სხეულს თითქოსდა თვალებით აქუცმაცებდა. მერე კვლავ აღიქვა საეჭვო ხმაური, ფახაკრეფით გააბიჯა, ჩაკეტილი კარი გააღო, დერეფანი მიმოათვალიერა და ოთახიდან გაიძურწა.
წოწოლა გახლდათ და კუნთმაგარი, ორმოცდაათ წელს იქნებოდა გადაცილებული, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ შესახედაობას ინარჩუნებდა. სქელი, უხეში თმა ავყია იერს სძენდა, თხელი პირისკანი და ქალური სინატიფის მომცველი სახის ნაკვთები _სათნოებას.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს გახუ მონასელიძეს საუკეთსო მკურნალის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მისი არსება კი ავხორცული ვნებით გახლდათ დაგესლილი. სხვების სულებზე სათარეშოდ აღგზნებული, ძლივსღა იოკებდა წადილს. მხოლოდ პაციენტებთან ურთიერთობისას ჰპოვებდა შვებას. ”მკურნალობისას” საკუთარ შეგრძნებებს შთაუნერგავდა მათ და ისინიც, აკვიატებული მანიისგან თავდახსნილნი, მწყაზარი სახეებით მონასელიძისეულ გესლსა და ვნებას აღვივებდნენ… მაგრამ ირას არამიწიერმა გამოხედვამ სულ სხვაგვარად აღაგზნო გახუ, სულ სხვა მოუხელთებელი ვნებით დასეტყვა… პროფესორი ლეთარგელი კი, ასისენტი ქალის გარდა არავის უშვებდა ავადმყოფთან. გახუმ ოთახის გასაღები იგდო ხელთ და პალატაში შეიპარა. ნექტარგოგონასთვის უმალვე უდაბნოდან შემოხეტებულ ”ჭრიდ” იქცა. და როცა ჩახვეულ ფოთლებში შემალული ნექტარის ალოკვა ინდომა, ნექტარგოგონამ ხელები შხვართუნა ტოტებივით შეარხია. დამფრთხალი გახუ კედელს შეასკდა, მერე თავისდა უნებლიეთ ჩაიმუხლა, იატაკზე განერთხო და ირას შიშველი ფეხის თითები დაუკოცნა. მერე შეპარვით წამოიწია, კისერი წაიწვდინა, ქალმა ისე ძლიერად შემოჰკრა ხელი, ლამის დაარეტიანა. გუმანით იგრძნო რის ნებას რთავდნენ… ტერფები ნეტრებით გაულოკა. და ასე, უკვე მერამდენედ მკურნალ ლეთარგელის საგანგებო პაციენტთან იმ სურვილით შეპყრობილი შეიძურწა… თუმც ჟინი ვერსგზით მოიკლა.
დერეფანში შეყოვნებული თავგანწირვით ფიქრობდა, როგორ ეგდო ქალი ხელთ, რომლის ვინაობა, რასაც ლეთარგელი შეძლებისდაგვარად ასაიდუმლოებდა, ადვილად გამოიკვლია. ლეთარგელს სიამოვნებით გაისტუმრებდა იმქვეყნად, ოღონდ მერე, შესაძლოა ავადმყოფს მეტისმეტდ თავნება პატრონი გამოსჩენოდა. ქალის მოსალოდნელ გამოჯანმრთელებაზე ფიქრი კი ზარავდა. გახუს იგი მხოლოდ ამგვარი ყოფით დათრგუნვილი ესაჭიროებოდა; მხოლოდ მისი ალერსით დათრობა ეწადა.
”არა, როგორმე უნდა დავითანხმო ლეთარგელი… ჩემს განყოფილებაში დავაბინავებ და… ჰოარაც თავისას იზამს…” გახუმ ისევ ვნებიანად გაილოკა ბაგეები, თავს ძალა დაატანა და ირას ადგილსამყოფელს გაშორდა.


-:-

მსუსხავი, გამჭოლი ქარი ქროდა. ჩამოუსისინებდა ფანჯარას, მიელამუნებოდა ელენეს სულს, ჩაუტოვებდა მჟრჟოლვარე სიტკბოს. ქალი თვალებს ნაბავდა. მერე შემოგარენისკენ მიაძვრენდა მომნუსხველ მზერას…
საკუთარ თავთანაც კი გულჩათხრობილი იშვიათად ამბობდა რასმეს; ორჭოფულად იძლეოდა პასუხს. ჰოს და არას ერთდროულად წარმოთქვამდა.
”ჰოარა” შეარქვეს, მიავიწყდათ მისი სახელი, არც თავად იხსენებდა. წარსულიც მივიწყებული ჰქონდა.
ისე კი, ”წესიერებაზე გადამკვდარ” ოჯახსი აღიზარდა. თავადაც სიწმინდისკენ ისწრაფვოდა და ხშირად სიბრალულით შენიღბულ დაცინვას იმსახურებდა… თანდათან ერეოდა სენი, დამამცირებელი ”სიბრალული” სულს უხუთავდა. და ერთხელ, ცნობიერება საოცარი სიმხურვალით დაესუსხა; ელენემ ტანსაცმელი შემოიფლითა და ქუჩას მიაწყდა…
ჩაქოლვას ითხოვდა…
რამდენიმე წლის შემდეგ, უნუგეშო ავადმყოფად მიჩნეული, მონასელიძემ თითქოსდა განკურნა და მედიუმ-ასისტენტის უჩვეულო სახელი მიაკუთვნა.
ახლა ასკეტური სისასტიკით აკვდინებდა ყმაწვილქალობაში გაღვივებულ ამბოხს.
”ჰოარა” ავადმყოფებთან უმალვე ამყარებდა ურთიერთობას, ალღოიანად თანაუგრძნობდა მათ, თან მონასელიძის სურვილისამებრ უჩუმრად გესლავდა კაცსა თუ ქალს. ბევრნი ვერ იოკებდნენ წადილს და გახუს ჩანაფიქრის მსხვერპლნი ხდებოდნენ. სხვებს თავად გახუ მოევლინებოდა მხსნელად; ”მადლს მოისხამდა”.
საკუთარ თავთან გულჩათხრობილი, მალული აგონიით შეპყრობილი ქალის ვნება კი ყველას და ყველაფერს ეღვრებოდა და ზოგჯერ თვით მონასელიძესაც აფრთხობდა; თვალს არიდებდა მის სავსე სხეულს… ელენე კი მორჩილად შესცქეროდა, მწყაზარი სახით, და თუ ფანჯარასთან მიყუჟულს თავს წაადგებოდა, ისე შესაბრალისად ამოხედავდა, გახუ უნებლიეთ დაუყვავებდა.
ამოჩემებულ ფანჯარასთან იჯდა, დერეფნის მყუდრო კუთხეში, თვალებმინაბული შემოგარენისკენ მიაძვრენდა მომნუსხველ მზერას…
”ჰოარას” ქვეცნობიერად წვავდა სურვილი, მიწა თუ ხე, ქვა თუ ბალახი ერთურთში აეგლისა და მერე საკუთარი არსებიდან ლავასავით ამოეფრქვია.
ალაყაფთან კაეშანი მოჭენდა, დაიჭიხვინა. ”ჰოარა” მოიბუზა, რატომღაც შეკრთა და მიიმალა. ჯიხურიდან კარისკაცი გამოვარდა, შეჰყვირა. კაეშანი გზას გაუყვა.
სევდიანი შენობის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე გარინდულ ჯუანშერს ჭიხვინის ხმა ყრუდ ჩაესმა. შორეული სევდა შემოაწვა, წამით თვალები მილულა. მერე ისევ მიაჩერდა ფანჯრის ამობურცულ მინას, ირას დანახვას ლამლობდა.
კაეშანის ჭიხვინი განმეორდა…
გზაშარაზე ბალანშეთრთვილული, ნაცრისფერი ცხენი მოდიოდა. უკან შავი ”ვოლგა” ზოზინით მოჰყვებოდა. იქიდან ვიღაც იგინებოდა. ცხენს ცარიელ ბოთლებს ესროდა. ცხენი ეურჩებოდა, არც კი ფიქრობდა გზიდან გადახვევას.
-კაეშანი!-მგზნებარედ შესძახა ჯუანშერმა და ლამის ბორცვიდან გადაეშვა.
მანქანიდან ”სლამაანთ ბიჭი” და წრიპა გადმომხტარიყვნენ. თმაშავა ”სალამაანთ ბიჭს” ხელთ მავთულის ღვედი ეპყრა.
კაეშანი უეცრად მოტრიალდა, მკერდი აზიდა, კისერი წაიწვდინა. ტყავის პალტოში გამოწკეპილი ”სალამაანთ ბიჭი” დაფრთხა, უკან გადაქანდა და წყლით სავსე არხში ჩავარდა.
-კაეშანო!-ჯუანშერი ცხენს კისერზე მოეხვია.
ცხენმა მოიხედა, ჩაიხვიხვინა, დაყნოსა, თავი მხარსუკან გადაუტარა.
ჯუანშერი გაოცებული მიაჩერდა არხში მოფართხალე ”სალაამანთ ბიჭს” და მის საშველად დაფაცურებულ წრიპას. ” ჩემგან რაღა უნდათ, ის გოგო ვიღაც სხვას გაჰყვა… ჩემგან რაღა უნდათ?!”-გაიფიქრა გულუბრყვილოდ.
იმ ზაფხულს ივეტა სახლიდან გაიპარა.
-ჰოოდე, ვინ იფიქრებდა ამას, დილით გაცნობილ კაცს, საღამოს გაეკიდა, მიუვარდა იმ კაცს ”სალაამანთ ბიჭი, იმანაც ადგა და დააჭერინა, ზის ახლა… დახარჯავს და გამოუშვებენ. შენ ნუ დამიღონდები, ისეთ ქალს შეგრთავ…-თითქოსდა მიუსამძიმრა ”კუნძულზე” დაბრუნებულს თენგიზ რაჭველიშვილმა.
-აგაშენა ღმერთმა…-მხიარულად მიუგო, მერე აღარც გახსენებია ეგ ამბავი.
”ჩვენგან რაღა უნდათ…” თითქოსდა კაეშანს თანაუგრძნო ახლა, არხიდან ამობობღებულისთვის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ კაეშანი გზას გაუყვა და გაიყოლია.
-რაზედ გადაიხვეწე, კაეშანო, რაზედ შემომწყერი?-შესჩურჩულა მან, ეამბორა.
ბალღივით ხარობდა, თავს ევლებოდა, ცისა და მიწისას გულუბრყვილოდ უამბობდა. საღამო ხანს დააბინავა თავლაში და ბენზინის ჩამოსასხმელ წერტისკენ გასწია. კაეშანმა კარის გაღება მოახერხა, გამოედევნა. მადლიერებით აღსავსე ხმით ხვიხვინებდა. ისევ შეიტყუა თავლაში, საიმედოდ ჩაკეტა კარი. ზამთრის სინესტეჩაბუდებული დღე საცა იყო მიილეოდა და თვალსაწიერზე სიბნელე ჩამოიღვენთებოდა. ლაღად მოაბიჯებდა იმედით მოსილი ჯუანშერი. ნაგავსაყარი ხრჩოლავდა.
ქვემოდან პედარასტი ღანდოს აქოთებული მანქანა მოთუხთუხებდა, კაბინიდან თორმეტიოდე წლის, სახეგამურული ბიჭები იჭყიტებოდნენ. სადღაც ზემოთ ტრაქტორი ხროტინებდა. ბექობზე, სადგარებზე შეყენებულ ძველისძველი ტროლეიბუსის ვაგონთან ორი ქერათმიანი კაცი ფუსფუსებდა, ”ცისფერი ექსპრესების” მძღოლთაგან ძველმანებსა და ალუმინს იბარებდნენ. პაწია ბიზნესს ატრიალებდნენ…
ტროლეიბუსთან, ზემოდან მომავალი სატვირთო შეჩერდა, კაბინიდან გიმნასტურის გულისპირგადაღეღილი ბიჭები გადმოცვივდნენ. ხევგაღმა აძენძილ ხეებთან ”ჟიგული” მიიმალა. შორიახლო გადაფრენილმა ყორანმა ავისმომასწავებლად დაიყრანტალა. ჯუანშერმა ღუიმილით გააყოლა თვალი და ბექობზე აირბინა. ქერათმიანებს მიეასალმა. ბენზინის ჩამომსხმელი წერტის ჯიხურს გახედა. ჯიხურის კარის ღრიჭოდან სინათლე მოჟონავდა. საფიქრალში რაღაც მიინიშნა და სასწორთან აზვინულ ძველმანებზე მიგდებული წიგნი შეამჩნია. ლამაზი ყდა ჰქონდა, შემოდგომის ფოთოლივით შეფერადებული. წიგნს მიწვდა, აიღო, გადაფურცლა. ”გედეონ კლდისპირელს! ჭეშმარიტ მამულიშვილს, მეგობარს… სიყვარულით, პატივისცემით.” ეწერა თავფურცელზე. კლდისპირელი ცნობილი, საზოგადო მოღვაწედ და მამულიშვილად სახელდადებული პიროვნება გახლდათ. წიგნის ავტორი, -მამულის მოსიყვარულე, მოკრძალებული კაცი. ის კაცი შეებრალა ჯუანშერს, თუმც მიხვდა შესაბრალი კლდისპირელი იყო.
”კარგი მონაპოვარი იქნებოდა მეუდაბნოესათვის…” გაიფიქრა უნებლიეთ მან და წარმოიდგინა, რა დაუდევრად მოისროლა ეს წიგნი გაღიზიანებულმა კლდისპირელმა სანაგვე ყუთში, ავტორის კაბინეტიდან გასვლისთანავე. ”ეგ გაუმართლებელი უბედურება სჭირს ჩვენს პატიოსან ინტელიგენტს, ღირსეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და მუდამ ჟამს მედროვის კეთილგანწყობის მოპოვებას ეშურება… იმათგან უღმერთოდ გამეტებულ ტალანტებს აღმერთებს და…” იგი გულისყურით ათვალიერებდა ესეებისგან შედგენილ კრებულს. ერთგან ფიროსმანისა და ტერენტი გრანელის ბედისწერის მსგავსებაზე გამოთქმული მოსაზრება ჩაიკითხა. სევდამოძალებული თანაგრძნობით აღივსო ტანჯულთა მიმართ. თავისთავად გადაეფურცლა წიგნი, ისევ თავფურცელს დახედა და უნებლიეთ ფიქრი ხმამაღლა გააგრძელა: ”კაცი ნაგავს გააყოლეს, გააყოლეს კაცი ნაგავს, უანგარო, წრფელი ზრახვა შეეწირა ხეპრულ მადას… ვინც მართლის თქმა ამჯობინა პანეგირკის თხზვა და რანდვა, ხალხში ჭკუით მან ივარგა _ ვერ იგუეს სულხან-საბაც…”
-ნაგავს ამოჰყვა, კარგი ყდა აქვს და გადაგდება დამენანა, თუ გაწყობს, გაჩუქებ!- უთხრა ქერათმიანთაგან ერთ-ერთმა.
-მადლობა მომიხსენებია…-შესცინა ჯუანშერმა, ბილიკს ჩაუყვა.
-ამოგვიარე, ეგეთებს ბლომად დაგიგროვებ!-დაადევნა მან.
-მადლობა მომიხსენებია…-გაეპასუხა ისევ და უნებლიეთ გაიფიქრა”ვაი, ჩვენს პატრონს…”
ჯიხურში მაგიდასთან ლეო იჯდა, მკვრივი აღნაგობის, საამო იერის, გულღია კაცი.
-ბალანსის კეთებას შევრჩი, რას იზამ, ცხოვრება თავისას ითხოვს, დაგვიძველდა პურ-მარილი…-მომლოდინესავით შეაგება, მაგიდიდან ფურცლები წამოკრიფა, სეიფში შეყარა, იქიდან დაჭრილი პური, ძეხვი, ყველი, კონიაკის ბოთლი და ჭიქები გამოიღო. სახელდახელოდ სუფრა გაშალა. ჯაბადარი მიიპატიჟა,-მერე ერთს გადმოვალ, შევყაროთ საძმო და შევუბეროთ ჩვენებურად…-ისე თქვა, გეგონებოდათ თავს იმართლებდა..
საძმო ”კუნძულის” მობინადრეებს” მიუსადაგა ჯუანშერმა. ასე ეგონა, მოსწონდათ ერთმანეთი, ერთმანეთს ენდობოდნენ… ზოგჯერ მიუსხდებოდნენ სუფრას, ჰყვებოდნენ თავისას, ლოცავდნენ დასალოცს, მოყვარესა და კაიკაცს. მერე ლეო მომართავდა გიტარას; შემაქცევარი ხმა ჰქონდა….
…ილეოდა ზამთრის ღამე, ჯუანშერი ”ოაზისელებს” ხედავდა, მთაში, თოვლით ჩახერგილ სოფელში მომწყდეულები საგალობელს აღავლენდნენ. მერე სხვა სოფლისკენ მიიკვლევდნენ გზას. ისიც მათთან ერთად მიაბიჯებდა… ”სიყვარულის ქარავანი მოტორტმანებს, ოაზისიდან გამოყოლილ სურნელს მომაფრქვევს, გაიყოლიებს იდუმალ სურვილს, მე სამეკობროდ მიმიწევს გული, სიყვარულის ქარავანი მოტორტმანებს…” წაიღიღინა ოცნებაში გახიზნულმა. ილეოდა ზამთრის ღამე. ლეო მღეროდა, სიყვარულისგან აოტებულ კაცზე მღეროდა, ალიონისას რაღაც გაახსენდა, აბა წავედიო, შესძახა, თანამეინახეს გადაეხვია, ჩაჯდა ”ჟიგულში” და თავის გზას გაუყვა. ფრთხილად, ფრთხილად იარეო, მიაძახა ღამის დარაჯმა. მხურვალე შუბლი ქარს მიუშვირა. მერე ბოღრას შეეხმიანა. ძაღლი არსად ჩანდა.
-დაწანწალებს ჩვენი ძმა…-ჩაილაპარაკა და გზაშარაზე გავიდა. დაღმართს ჩაუყვა. ”და მაინც ლოდინი, ლოდინის უფლებით მზის ამოსვლისას…” გასხლტა გონში. მხნედ მიაბიჯებდა. აღმართს აუყვა. მანქანის ძრავის ხმა მაშინღა მისწვდა მის სმენას, როცა ფარების შუქმა შემოანათა. არ მიუხედავს, მოსახვევს მიაღწია და ხევს ჩააცქერდა. ”ვოლგამ” ზუზუნით ამოიარა გზა, შედგა. მოულოდნელად გადმოცვივდნენ სამნი და შეტრიალებულს ერთმა უმალ აძგერა მუშტი.
-შენ რომ არ გამოჩენილიყავ, ის გოგო ჩემი იქნებოდა!-მიაყოლა გინებასავით. ჯაბადარი ვერაფერს მიმხვდარიყო, შეძლებისდაგვარად იგერიებდა მომხდურთ,-შენ რომ არ გამოჩენილიყავ, ის გოგო ჩემი იქნებოდა!-ჟინიანად იმეორებდა ის ერთი და დაუნდობლად ურტყამდა.
ჯუანშერმა, როგორც იქნა, შესძლო ორიენტირება, მოერიშეებს დაუსხლტა და სხარტი დარტყმებით სამივე ჩააჩოქა.
-რამ გადაგრიათ?-იკითხა თითქოსდა მშვიდად.
-კიდევაც მეკითხები!-წამოუვარდა ის ერთი.
მუშტი შეაგება და ისევ ჩააჩოქა. მერე საყელოში სწვდა, წამოაყენა და კვლავ თავშეკავებით ჰკითხა:
-რამ გადაგრიათ?
იმავ წამს ხელკეტი დაჰკრეს კეფაზე. იგი შებარბაცდა, თავი ჩაჰკიდა, გეგონებოდათ, უიმედოდ ჩაფიქრდაო. ამოუდგნენ აქეთ-იქიდან, წაუბიძგეს და ხევში გადაისროლეს. მიაგინეს ერთხმად, ჩასხდნენ ”ვოლგაში”.
-ერთი ის ცხენიც მივასიკვდილოთ!-შესძახა საჭესთან მჯდომმა.
”ის ცხენი” თავლაში ბორგავდა.; კვლავ ინსტიქტით მიილტვოდა. კარის გაღებისთანავე გაიჭრა თავლიდან. მოხდენილად გადაევლო მესერს. ორიოდე წუთის შემდეგ ”ვოლგა” აედევნა… კაეშანი გაუსხლტა ფარების შუქს, ორღობე მიატოვა და მინდორზე გაკვალულ სამანქანო გზას გაუყვა. ”ვოლგაც” მიჰყვა. კაეშანმა ისევ იცვალა გეზი, მარჯვნივ გადაუხვია, ორიოდე მეტრის შემდეგ შეუმჩნევლად გადევლო თოვლშეზვინულ არხს, გზატკეცილზე გაიჭრა. მანქანის მძღოლმა აზარტულად დაახვია საჭე. ”ვოლგა” ნასროლ ქვასავით მიაწყდა არხის ფსკერს, ლამის ჭავლივით აისვეტა, გადაყირავდა და გზატკეცილზე სახურავით გასრიალდა. კაეშანი შედგა. კისერი მოაბრუნა, ავბედითად შეიჭიხვინა და ჯუანშერის საძებნელად გაეშურა.
ჯუანშერმა გაყინული ხელები მომუჭა. თავი წამოსწია. ”შენ რომ არ გამოჩენილიყავ…” გაკრთა საფიქრალში. იგრძნო ნაგვით სავსე ხევის ფსკერზე იწვა. წამოიმართა, სხეული გაშალა, კეფა ძალისძალად მოისრისა.
თენდებოდა. ქარმა, სადღაც ზემოდან გადაიშხუილა, მერე ხევში შემოეხეტა, აგორგოსიალებული თოვლი ჯუანშერთან ერთად ფერდობს მიახვეტა. ჯაბადარმა პირისახე ჩამოიწმინდა, აღმართზე ააბიჯა, დასრიალდა, რაღაცას ჩაეჭიდა.
ნაგავს ქათქათა თოვლი მშვენიერ თავსაბურივით გადაჰკვროდა. ნაგავში კი უამრავი რამ ერია პირბასრიანი, და სითეთრე სისხლით დაიწინწკლა. ვაჟი ისევ დაუდგრომლად მიიწევდა. ასე ეგონა, საცა იყო, მზის ამოსვლას იხილავდა. მერე კვლავ დასრიალდა, ხელებით თოვლი ჩამობღოტა და მის წინ მელნით გადაღებილი ბარათი გაშიშვლდა.
”მიეხმარე შვილო, მიეხმარე, მიეხმარე დედა გენაცვალოს…” ამოიკითხა. სხეული აზიდა, ისევ დაცურდა და ახლა სხვა ფურცელს შეავლო თვალი: ” შეჭამა ეს ხალხი საკუთარმა ”მემ”… სადაც ფულია, იქ ერთგულება უფრო მეტია… ახლა გინდ ლუვრი მომატარე და გინდ ბოსელში მაცხოვრე. ადამიანი ტიკინაა, საშინლად მოგინდება, საკუთარ თავს პანღური ამოარტყა… ეგ კი, ისეთი თესლისაგანაა, სადაც ნაკელს იპოვის, იქ ამოხეთქვას…”
ხევგაღმა ძაღლი აყეფდა. სადღაც იქვე კაეშანმა ჩაიხვიხვინა. ჯუანშერი გამხნევდა, სასოწარკვეთა ნებისყოფად დაუგროვდა. ორიოდე მეტრიც აათავა, სხეულს წაუბიძგა და კაეშანს კისერზე შემოეჭდო. აღმოსავლეთს გახედა. მზის სხივები ამოჰფენოდა თვალსაწიერს.
-ლოდინის ბორცვზე… ლოდინის ბორცვზე, მზის ამოსვლისას…” ფაფარში ხელებჩაჭიდებული ჯაბადარი ერთიანად მოხრილიყო და ისე ჩაუქროლა, ამოყირავებულ, შავ ”ვოლგასთან” თავშეყრილთ, მიწაზე დასვენებული ”სალაამანთ ბიჭისა” და მორგვკისერა ტრაქტორისტის გვამები ვერც კი შენიშნა. ”დარდი ვარ და დარდი მიმაქროლებს…” გულუბრყვილოდ ეღიმებოდა.
”ლოდინის ბორცვზე” კი უნებლიეთ მამაკაცური, შვების მომგვრელი ქვითინი წასკდა. შეჭირხლულ მიწაზე აციაგებულ მზის სხივს შესცინა…

-:-
”ისევ ისაა, ის დამთხვეული…” გახუ მონასელიძემ მზერა დაძაბა. რომელიღაც პალატაში ავადმყოფმა თავგამოდებით გადაიხარხარა. ”ლამისაა თვალებით შენობაში შემოძვრეს…” ოთახის ფანჯარასთან მიყუჟული ”ჰოარას” გამოხედვას ჩაუსაფრადა.
”ჰოარა” ჩვეულებისამებრ მწყაზარი სახით, დაბეჩავებულივით შესცქეროდა, მერე შესაბრალისად გაიღიმა. მონასელიძე შეშფოთდა, ასე ეგონა, სხეულმოზიდული ცხენ-კაცი, საცა იყო, კამარას შეჰკრავდა, და საკუთარ წარმოსახვაში აოტებულს გადათქერავდა. ”ჰოარასეული” ვნება კი ქვეცნობიერად ახელებდა. ”ეგ ცხენი მაინც მიმესიკვდილებინა…” მონასელიძემ კბილები დააღრჭიალა… ”ლეთარგელისთვის რაღამ მათქმევინა…”
-ადროვეთ, რას გვიშლის, ნუ გაახმაურებთ ამ ამბავს…-მრავალმნიშვნელოვნად სთხოვა პროფესორმა.
-კეთილი…-თავი დახარა გახუმ. მართალია, პროფესორი მის თანამშრომლად ითვლებოდა, მაგრამ დღენიადაგ განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა,-კეთილი…-დაემოწმა მერე მალულ ფიქრს.
ორიოდ დღეში ჯაბადარის ვინაობა გამოიკვლია. მის სახელზე ”ოაზისიდან” გამოგზავნილი წერილიც იგდო ხელთ. წერილი მისთვის გაურკვეველი ცნებებითა და მინიშნებებით იყო შედგენილი. ჩაეძია, ჩაუღრმავდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მიხვდა, ის კი, რომ ჯუანშერ ჯაბადარს მაშვრალისთვის, იმ მაშვრალისდა მალულად ”ოაზისის” სიკეთე უნდა მიეწვდინა, აბდაუდად ეჩვენა. აიმღვრა, ეჩვენა, თითქოსდა მის გაცურებას ლამობდნენ…
მონასელიძე ისევ ”ჰოარას” გამოხედვას ჩაუსაფრდა. ქალი შიშნარევი თრთოლვით მისჩერებოდა ”ლოდინის ბორცვს”, მერე ჩაიხითხითა, თვალები აუელვარდა, დაიკვნესა და ოთახში კაეშნის ჭიხვინმა შემოაღწია. გახუ შეტოკდა, ფანჯარას გაეცალა, ოთახიდან შლეგივით გაიჭრა, გზადაგზა ხალათი გაიძრო, ექთან ქალს შეატოვა და კიბეზე დაეშვა. მონასელიძე გზატკეცილზე გავიდა. ბორცვისკენ გააპარა მზერა. ცხენ-კაცი არსად ჩანდა, გულდინჯად გასწია მაღლობისკენ, შემოგარენს მზაკვრული სიფრთხილით ზვერავდა. მარცხნიდან მეთოთხმეტე ფანჯარას თვალებიღ ჯიჯგნიდა, ირას ”სამკვიდროს” ვერასგზით მიაწვდინა მზერა. შვებით ამოისუნთქა, ირას ზმანებას ფეხის თითები გაულოკა…
…ირა ”სურნელას” გაუსხლტა.
-ჩამოუქროლე საყვარელო, ჩამოუქროლე…_შესჩურჩულა თეთრმა ქალმა, ექთანმა-გადიამ, ვინაც დედობრივი მზრუნველობით ცდილობდა მის განბანას. დაეწია,, ზეწარი მოახვია. ნექტარგოგონა გაიტრუნა, ჩახვეული ფოთლები ჩაახვია. ”სურნელას” ისევ გაუსხლტა,-ჩამოუქროლე საყვარელო, ჩამოუქროლე…-ქალმა ზეწარი შემოაცალა და კაბა გადააცვა.
”გოგონამ” ჩამოუქროლა, მერე წითელ ყვავილზე მიწვა და მიიძინა.
…ბინდდებოდა, ცისკიდურზე ეული ვარსკლავი ციმციმებდა. გახუ მონასელიძე ტუჩებს ილოკავდა. მოულოდნელად ”ჰოარას” თვალები შემოეფეთა. აიძაგრა, შინაგანი სიმხურვალისგან აოტებული ბორცვიდან დაეშვა. მიიძურწებოდა, მოლია გზატკეცილი, ეზოსა და შენობაში თვალებახვეულივით შეაბიჯა. ირას დაპატრონების წადილს ლამის გაეგუდა. ნერწყვის გადაყლაპვას ვეღარ ასწრებდა და ბაგეზე დორბლი ჩამოსდიოდა. აათავა კიბე, სითამამე დაიმჩნია და დერეფანს გაუყვა, ოთახიდან ”ჰოარამ” გამოიჭყიტა. მორიგე ექთანი მიიხმო, თავისთან შეიტყუა, მონასელიძეს კი თვალებით თითქოსდა გზა გაუკვლია. გახუ პალატის კარს მიეტმასნა, ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა…
”ნექტარგოგონა” წითელ ყვავილზე თვლემდა. ჩახვეულ ფოთლებში დაგროვილი ნექტარის სურნელით ტკბებოდა, უდაბნოდან ისევ შემოეხეტა ”ჭრი”, ფეხების თითები აულოკა, უცაბედად შეაცოცდა, მედუზასავით მიეკრო, ნექტარის ამოწოვა ინდომა. ”გოგონამ” შხვართუნა ტოტები შეატოკა, ამაოდ, ”ჭრი” საცეცებით ძალუმად შემოეხვეოდა. თავგანწირვით გაიბრძოლა, წამოფრთხიალდა და უდაბნოსკენ გაიჭრა. უდაბნოსეული ხვატი სახეზე შემოენთო, მერე ყინულივით შეაცივდა, თავბრუ დააეხვა…
ირა ჩიტივით შეასკდა კედელს და ჩაიკეცა. დივანიდან გადმოვარდნილი მონასელიძე გაფორთხდა. შუბლიდან ჩამოღვრილი სისხლით გადაღებილი მკერდი აულოკა. მერე სასაგამშრალმა ამოიხავლა. წამით თვალებდათხრილივით გახევდა. წამოიჭრა, ქარშემონაქნევ ხესავით გადაქანდა და ოთახიდან გაიძურწა, უმეთვალყუროდ მიტოვებული დერეფანი გაირბინა, კიბეზე დაეშვა.
დაღამებულიყო, ცისკიდურზე კი ისევ ეული ვარსკლავი ციმციმებდა. კაეშანი თავლაში დრტვინავდა, ნესტოები ებერებოდა, ფრუტუნებდა, ცდილობდა შუბლით გამოემტვრია კარი. სავარძელში ჩაღრმავებული ჯუანშერი დაუნდობლად ძაბავდა ცნობიერებას, იმპულსებად იღვრებოდა. ირას შეუცნობად სამყაროსკენ თავგანწირვით მიილტვოდა და უცებ, ირას არსებიდან ასხლეტილი ბგერები მოიხელთა, მიმწყდარ ექოსავით უხმო, უტყვი და იდუმალებამოსილი. ”ჯუანშერ…” თითქოსდა იმ ბგერებიდან შესჩურჩულა ირამ ”ჯუანშერ…” ვაჟი წამოიმართა, იმ ხმას აედევნა.
”გამარჯვებამდე! _მომქონდა საგზლად და გამარჯვების სიხარული მაშინებს ახლა, ტკივილს აკვანი უდგია ჩემთან და ბედად ჩემდა, სხვა ტკივილის ნასახლარიც მომეპოვება…” გზად კაეშანის ფრუტუნი მისწვდა, თავლას მიაშურა, კარი გამოაღო. ტორტმანით გამოვარდნილ ცხენს თავისდა უნებლიეთ მოექცა ზურგზე. ცხენმა გაინავარდა, მესერს გადაევლო ”ლოდინის ბორცვისკენ” მიისწრაფოდა.
და როს აიჭრა ზედ, შედგა, კისერი წაიწვდინა, გაირინდა. ჯუანშერმა იგრძნო, მის წინ უცხო სხეული ამოიწვერა. ცხენის არსებიდან ამოზიდული სახება, ადამიანური ვნებით აღვსილი კენტავრის ნაკვთებად იღვრებოდა.
კაეშანი შეტორტმანდა, ყალყზე შედგა, ცას სასოწარკვეთით შესჭიხვინა და კამარა ჰკრა. მხედარი ცხენის ზურგს მოსწყდა, ფერდობზე დაეცა. კაეშანი კი ბორცვის ქვემოთ აღმართულ გალავანს დაენარცხა.
ფანჯარასთან მიყუჟულმა ”ჰოარამ” საზარლად შეჰკივლა. ამბოხებული კაეშანის ბიოველიდან ასხლეტილმა იმპულსებმა მისივე ვნებით დანექტრეს, იდუმალების თანაზიარი სიყვარულით აღავსეს. ექთანმა შიშნარევი სიფრთხილით შეაღო მონასელიძის კაბინეტი, სინათლე აანთო. ”ჰოარა” ტიროდა. ქალურად გულამოსკვნილი ტიროდა. გაოგნდა შემყურე, მორიგე ექიმი იხმო.
-მდაა… აი საოცრება!-აღიარა ახალგაზრდა კაცმა, ფანჯარას მიშტერებული ”ჰოარა” იჭვნეულად შეათვალიერა.
-გაღიმებული კი, მაგრამ აცრემლებული ეგ არავის უნახავს!-წაიჩურჩულა ქალმა.
-მდაა…-ექიმმა რაღაც თავისებური აზარტით აიქია ხელი, სინათლე გამორთო, მინას მიჩერებული გაირინდა და მთავრის შუქზე თვალი მოჰკრა ეზოს გალავანზე გადმოჩეხილ ბალანშეთრთვილულ, ნაცრისფერ ცხენს,-მდაა!-აღტაცებით შესძახა მან. ”ჰოარას” დამშვიდებას შეეცადა. მერე ოთახიდან გავიდა, გაუჩქარა. გზად კარისკაცს გასძახა, გალავანს გაუბედავად მიუახლოვდა. კაეშანის უსიცოცხლო სხეული მიწისკენ ჩამოზიდულიყო. ექიმს კვნესა მოესმა,-მდაა,-გამოცოცხლდა იგი. კარისკაცის დახმარებით გალავანზე გადაძვრა და გონმიბნედილ ჯუანშერს წააწყდა.
ჯუანშერს საბრძოლო ყიჟინასავით ჩაესმა ქალის შეკივლება. თითქოსდა კბოდეზე ჩამოცურდა. კიდევ ერთხელ დაასკდა ქვიან მიწას, ტკივილმა ცნობიერება დაუნისლა. ქალის კივილი კი ისევ საბრძოლო ყიჟინასავით ჩაესმოდა…
ახალგაზრდა ექიმი თავს დასტრიალებდა, პალატის კართან ატუზულ, ცრემლად დაღვრილ ”ჰოარას” შესცინოდა და მოუთმენლად ელოდა გათენებას. დილით კი თანამშრომლებს თავმომწონედ უყვებოდა იმღამინდელ ამბავს. მონასელიძემ ნაძალადევი სიმშვიდით მოუსმინა.
-სასწრაფო უნდა გამოგეძახათ!-უგუნებოდ შეახსენა. ირას სამყოფელს თვალი აარიდა. ფიქრმორეულმა ”ჰოარას” დაუყვავა.
”ჰოარა” კვლავ ტიროდა, მისი სისავსე იცრემლებოდა, მოკვდინებულ სიყმაწვილესა და ქალობას დასტიროდა. თანაგრძნობა წრფელად აღიქვა. ცრემლად დაიღვარა.
ნირწამხდარი გახუ გაეცალა. კაბინეტში შეიკეტა. ზიზღით გაჰყურებდა გალავანზე გადმოგებულ კაეშანის გვამს. ჯუანშერის და ”ჰოარას” სახეებთან აზავებდა, საკუთარ თავში მიმალული, იმღამინდელი შემთხვევის განჭვრეტას ლამობდა. მაგრამ პირი ისევ ევსებოდა ნერწყვით. ისევ ილოკავდა ტუჩებს. ირას სახელის გაგონებას ელოდა. ის ღამეც მომლოდინე სულში გამოატარა. ”ირა!” შესძახებდა ვინმე და ამოთქვამდა: ”ცოცხალია…”
-ირა!-შესძახა მართლაც ვიღაცამ,-შვილო, ხმა გამე…
გახუმ ცხვირსახოცით პირი მოიწმინდა, ოთახიდან დინჯად გავიდა. ლეთარგელის თანამშეწე, თეთრი ქალი სასომიხდილი ქვითინებდა. ლეთარგელს ის იყო, ამოევლო კიბე, დერეფანში მიიჩქაროდა. ორიოდე წუთის უკან თვალმოკრული ნაცრისფერი ცხენის გვამი ახლაღა შეიცნო, შეაჟრჟოლა. პალატის კარს მიაწყდა. სახეჩატეტკილი, სისხლჩამოღვრილი ირა იატაკზე ესვენა.
-მაინც რა მოხდა?-გულუბრყვილოდ იკითხა გახუმ, თავისდა უნებლეთ გულგრილობამ მოიცვა.
ლეთარგელი ჩაიმუხლა.
-დამშვიდდით!-სთხოვა თეთრ ქალს. მშვიდად მოძრაობდა, ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაცის იმედი. მაგრამ ორიოდე საათის შემდეგ, როცა ირას სიცოცხლეჩამკვდარ სხეულში ვარასგზიით ააძგერეს გული, საოპერაციო ოთახის კედელს დაუზოგავად შემოჰკრა ხელი, დერეფანში გავარდა,-კედლებს, ქვის კედლებს, როგორ ვენდე!..-შესჩივლა საკუთარ თავში შეყუჟულ თვალებაელვარებულ მონასელიძეს. გზად ჯუანშერთან შეიარა, დანაშავესავით დააცქერდა. ისღა დარჩენოდა ”ოაზისელთათვის” მიეწვდინა ხმა, კაბინეტისკენ წალასლასდა.
-მოვა გონს, აუცილებლად მოვა…-დააიმედა ჭაბუკმა ექიმმა, განსაკურნავი ძვირფასი ნადავლივით მიმოათვალიერა.
ბურანსშერჩენილი ჯუანშერი კი ირას შეუცნობად სამყაროსკენ ისევ თავგანწირვით მიილტვოდა. იწვოდა სული, იფერფლებოდა… იმპულსებმა შეაღწიეს ”ნექტარგოგონას” ბიოველში, ცნიბიერებაში ჩამარხულ ”მეხსიერების კუნძულებს” შეესივნენ. ”და ჰა, კუნძულზე შემოხეტებულ უცხო სურნელში შეიცნო ქალის გულისძგერა სუსტი, უმწეო. იმავ სურნელში სულ სხვა სიცოცხლე და იმ სიცოცხლის იდუმალება…” იმ სიცოცხლემ მოზიდა გული, მოზიდა გული და ააძგერა. ის გულის ძგერა, ის ლაღი სუნთქვა, ემოციების ყოველი ჩქამი… მას ეკუთვნოდა.
”სიკვდილი გარბის!”, _”სიკეთის მარცვლებმა” სიხარულის ზარი ჩამოჰკრეს. ”სიკვდილი გარბის…” _ვერასგზით დააღწია ბურანის ტყვეობას თავი.
შფოთავდა, თვალების გახელას ლამობდა, მერე მოითენთა, ბედსმინდობილი გაყუჩდა და თვალები გაახილა.
-ირა!-აღმოხდა თრთოლვით, წამოიწია. მხარ-მკლავიდან ტკივილმა ჩამოჟონა. ნათურის მკრთალ შუქზე ”ოაზისელთა” სახეები დალანდა, ”ირა!..”-ირასთან მიმიყვანეთ!-შეჰყვირა მათ.
-იწექი…-სთხოვა ლომკაცმა, ჯანსაღ მხარზე დაადო ხელი.
ის კი წამოდგომას ცდილობდა და ჟინიანად იმეორებდა:
-მიმიყვანეთ ირასთან, ირასთან მიმიყვანეთ…
-ირა აღარაა…_დაიბნა ლომკაცი, ერთიანად დაიძაბა, უმწეობისგან რისხვით აღენთო და უხერხულად გადაადგილდა.
-მიმიყვანეთ!..-ჯუანშერი მოჩვენებასავით აღიმართა, სარაჯიშვილმა ხელები მოხვია,-ირა ცოცხალია, გესმის ლომკაც! მიმიყვანეთ მასთან, მზის ამოსვლისას, მზის ამოსვლისას, მზის ამოსვლისას ცნობიერება დაუბრუნდება…
ლომკაცმა დაბნეული მზერა მიაპყრო თანადასელებს.
-ცხედარი მორგში ასვენია…-ჩაილაპარაკა ლექსომ.
-არ გაბედოთ!-ლამის დაიღრიალა ჯუანშერმა, საწოლიდან გადმოვიდა, წამით კედელს შუბლით მიეყრდნო,-არ გაბედოთ...-ისევ ამოთქვა მერე,-სწრაფად, სწრაფად, მასთან მიმიყვანეთ!
ლომკაცმა ხალათი მოახურა, გურისელებმა ფრთხილად აიყვანეს. იმედგაღვიძებული ”ოაზისელები” საცხედრისკენ მიიჩქაროდნენ. შუარამე მილეულიყო, თითქოსდა ცახცახებდა სიბნელე.
-დიახ, ბატონო გახუ…-გაისმა მოულოდნელად ”მშიშოს” ხმა, მერე ვიღაცამ კარი გამოგლიჯა და დერეფანში მიმავალთ გადაეღობა,-ვერსად წამიხვალთ!..-ჩაიხრიალა.
-მშიშო…-მეგობრულად გაეპასუხა ჯუანშერი და თავდასასხმელად შემზადებული დაამშვიდა,-ეს ჩვენ ვართ, შენი ძმები…
”მშიშო” შეყოვნდა, ჯუანშერს ცნობისმოყვარედ შეხედა, საცოდავად გაიღიმა და ოთახში შეიძურწა.
-მონასელიძე მკურნალობს…-ჩაიდუდუნა ლომკაცმა.
-ეს თუ მკურნალობაა… აკვიატებულ სიმფრთხალეს სულ მთლად დაუბეჩავებია კაცი…-ჩაილაპარაკა ჯუანშერმა და უცებ,-სწრაფად, სწრაფად!-გეგონებოდათ მათრახს იქნევსო, ისე შესძახა.
საცხედრეს კიბესთან ძმების მზრუნველობისგან თავი დაიხსნა და შეუჩერებლივ ჩაუყვა მიწისქვესა საფეხურებს. ლომკაცს ცხვირა დარაჯის დახმარებით უკვე გაეღო კარი, სინათლეც აენთო და მეგობარს შესასვლელთან ელოდა.
ირა კედელთან მიდგმულ გორგოლაჭიან მაგიდაზე ესვენა.
ჯაბადარი თითქოსდა მხარმკლავიდან ჩამოჟონილ ტკივილში მიაბოტებდა. ჰაერში განზავებულმა წამლის მწველმა სუნმა წამით სუნთქვა შეუკრა, თავლები დაახუჭვინა. მაინც არ შეჩერებულა, მიადგა მაგიდას, ზეწარი ჩამოსწია და თვალებგახელილი ძუძუთა შუა მოჩინარ პაწია ნაჭრილობევს სიყვარულით დააცქერდა. ბალღური ცნობისმოყვარეობით შეახო შუათითი. იარას გადაბზინებულ სახეს შეჰღიმილა.
იქ, იმ ჭრილობის მიღმა სიცოცხლე ჩქეფდა
-სწრაფად!-თავად ინდომა ირას აყვანა. ლომკაცმა დაასწრო. წამით ეგონა, შემაკრთობელი მომხიბვლელობის ქალწულის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ქანდაკი აიტაცა,-სწრაფად! თავის პალატაში აღმოსავლეთით პირშექცეული დაასვენე…-ძალაგამოლეულ ჯაბადარს გურისელები წამოეშველნენ.
შუაღამე მილეულიყო, თითქოსდა ცახცახებდა სიბნელე.
ლომკაცი გარბოდა…
-არა, ეს რაღაც განსაკუთრებული იშვიათობაა!-იძახდა ექიმი ქალი,-პროფესორს გამოვიძახებ, გამოვიძახებ პროფესორს…-აზრის მოკრება უჭირდა.
-დაგვტოვეთ მარტოდ და მყუდროებას ნუღარ დაგვირღვევთ!-მკვეთრად წარმოთქვა ჯუანშერმა და ლექსოს მიერ ირას საწოლთან მიჩოჩებულ სავარძელში ჩაჯდა.
-ვენდოთ!-სარაჯიშვილმა ექიმი და მედდა ოთახიდან ღიმილით გაისტუმრა.
ჯუანშერმა ირა რიდით შეათვალიერა. ”როგორ შეველიე…” მზად იყო იაპონელი სამურაის დარად მუცელი გამოეფატრა.
”ოაზისელები” ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიხურეს.
ჯუანშერს ეღიმებოდა, ძუძუთა შუა მოჩინარ ნაჭრილობევს უღიმოდა, საიდანაც წყლისფერ, ვნებით მთრთოლვარე ძვირფასი თვლის ელვარება ირეკლებოდა. ”მზის ამოსვლისას… მზის ამოსვლისას…” საამოდ ეჩურჩულებოდა სესილი.
თენდებოდა. ”ოაზისელები” პალატაში შემოსვლის მოსურნეებს იგერიებდნენ. ლეთარგელიც მათ ეხმარებოდა.
ჯუანშერი წამოდგა, ფანჯარა გამოაღო. უეცრივ, თითქოსდა ”ლოდინის ბორცვის” მზერა შემოეფეთა. ”კაეშანი”, გაახსენდა უმალ, ”კაეშანი…”, კაეშანმა სადღაც შორს დაიჭიხვინა და ჰორიზონტზე მზის სხივებიც ამოიწვერნენ.
მიტრიალდა, თითქოსდა მზის სხივებს მიჰყვა. ირა შეინძრა, სახეზე ღიმი ჩამოუცურდა, წამწამები ზღაპრულ ფერიასავით აახამხამა.
თვალსაწიერზე ამოცურებული მზე წითლად ღუოდა.

-:-
კაეშანს გველის ტბისკენ მიასვენებდნენ. ფოლადის სახელურებზე ამოქსოვილი მავთულბადის საკაცე ბილიკ-ბილიკ და მაინც გულდინჯად ამოატარეს და ახლა ფრთხილად ეშვებოდნენ მთიდან.
მხარ-მკლავ შერხვეული ჯუანშერი თავისას არ იშლიდა, ჯანსაღი მარცხენა ხელით ეზიდებოდა საკაცეს. სევდით აღვსილი, უსაზღვროდ ემადლიერებოდა თანმხლებთ.
-საად?..-ჰკითხა ცხედართან ჩამუხლულს ლომკაცმა.
-გველის ტბასთან…-მიუგო მან. სხვა აღარაფერი უკითხავთ, არც არავინ შესიტყვებია.
”ოაზისელებმა” შესაფერისი საკაცე გამოძებნეს და ”კუნძულელ საძმოს” დახმარებით ცხედარი წამოასვენეს.
ინსტიტუტის შენობის ფანჯრებიდან ასობით ცნობისმოყვარე იჭყიტებოდა. ლეთარგელს ყმაწვილობისდროინდელი სევდით ევსებოდა სული და რაღაც გულუბრყვილოდ ეამაყებოდა. იქითკენ მიუწევდა გული, მიხვდა, იმათ უნდა გაჰყოლოდა.
-ადამიანიშვილივით უყვარდა ეგ ცხენი…-გადაულაპარაკა ჭაბუკ ექიმს, ჯუანშერს გულისხმობდა. წარსდგა ნაბიჯი. ნაოჭებით დაღარულ სახეზე საფიქრალის მწუხრი ჩამოეფინა.
მიჰყვა ჭაბუკიც, იმასაც ეამაყებოდა რაღაც, აღგზნებული მიაბიჯებდა.
განვლეს ეზო, გადასჭრეს გზატკეცილი, წამოეწივნენ მიმავალთ და მაშინღა შეამჩნიეს, ელენე ადევნებოდათ.
ქალური სათნოებითა და მომხიბლელეობით აღვსილს ჩამოფრიალებული, ვერცხლისფერი კაბა ემოსა. წლების მანძილზე დატყვევებული სილამაზე გაზაფხულის სურნელივით მიმოფრქვეოდა. დამრთეთ ნებაო, ცრემლმორეულმა სთხოვა პროფესორს.
განცვიფრებულმა ლეთარგელმა მონასელიძის დანახვა ინდომა, თუმც კარგად ახსოვდა, ორიოდე საათის უკან უგუნებობა რომ შესჩივლა და გამოეთხოვა.
-თუ არ დაიღლებით, მე მგონი ძნელი გზა გვექნება გასავლელი…-გაეპასუხა ქალს უნებლიე რიდით.
-მაგის ფიქრი ნუ გექნებათ, არავის შევაწუხებ…-შეჰპირდა იგი. მშვენიერ, შავგვრემან სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, ჯუანშერს მოკრძალებით შეაცქერდა, ალბათ მისგანაც ითხოვდა თანხმობას.
და მან თანაგრძნობით გაუღიმა.
-ნახე, ეგ სამგლე რა პატივშია?!-ჩაილაპარაკა მენახირემ და ელენეს უკეთ შესათვალიერებლად ჭროღა თვალები მიმოაცეცა.
რაჭველიშვილმა ჩაიხითხითა, მაგრამ მწუხარებით გასხივოსნებულ ”ოაზისელთა” იერმა სიდინჯე დაუბრუნა.
ელენე თავდახრილი მიაბიჯებდა, მორჩილად ეყრდნობოდა ლეთარგელის გამოწვდილ ხელს. შუბლზე ჩამოშლილი ყორნისფერი თმის ჩრდილოვანი ანარეკლი უხილავ პირბადფესავით ჩამოჰფენდა.
დასავლეთით, მთაზე აღმართულ ტაძრის გუმბათისკენ დაცურებულ მზეს ველის სიღრმეში შემალულ, ლაქაშებითა და ლელიანით შემოსაზღვრულ გველის ტბისთვის დაეფინა ვარდისფერი სხივები, იმ სხივებში თრთოდა ტბა. ”ოაზისი” ისევ გულდინჯად მიჰყვებოდა გზას., ჩვეული ცნობისმოყვარეობით ჭვრეტდა გაზაფხულის სუნთქვამოდებულ სივრცეს. ბილიკი ბილიკს ენაცვლებოდა. ”კუნძულელი საძმოც” ჯიუტად მიიწევდა. შევისვენოთო, არავის დასცდენია და როს ტბის სანაპიროსთან გააღწიეს, საკაცე მხრებიდან ჩამოაცურეს, ფრთხილად დაასვენეს, თბილად შეაჩერდნენ ერთურთს.
-ჰოოდე…-ჩაიღიმილა თენგიზმა, ლეოს თვალი ჩაუკრა,-არც ჩვენა ვართ ჯაბანნი…
-არა ვყოფილვართ!-თქვა იმან ფიქრმიდევნებით.
ჯუანშერი სანაპიროს გაუყვა, გზად ხის ტოტი აზიდა, მერე რაღაც იდუმალს გუმანით მოუღერა, მერე ტოტი დააგდო და მეგობრებს გახედა.
წამოიშალნენ წამიერად ჩამუხლულები, ტოტები წამოკრიფეს, ელენეც წამოგოგმანდა…
-გადამრევს ეს ხალხი…-ჩაილუღლუღა მენახირემ, ”კუნძულელი საძმო” გაიყოლია და ხევს მიაშურა.
მოზიდეს შეშა, აზვინეს, ზედ საკაცე დაასვენეს და გადგნენ. ასანთს ჯუანშერმა გაჰკრა, გააღვივა ცეცხლი, წამოიმართა, თვალებით პატიება სთხოვა კაეშანს და განშორდა.
ავარდა ალი, აისვეტა, დაუქროლა ნიავმა, წარიტაცა სიდამწვრის სუნი, მოამძლავრა ცეცხლი. ეკლესიის მიღმა ჩაცურებულმა მზემ კოცონს დააფინა სხივები, თითქოსდა საბოოლოდ ათბობდა კაეშანის სხეულს, თავად ცეცხლს.
იწვოდა კაეშანი, მასთან ერთად ჯუანშერის სულსაც მოსდებოდა ცეცხლი. თვალებაელვარებული ეთხოვებოდა ელენე ცხედარს. მენახირესაც კი წართმეოდა გაოცების უნარი, და არვის შეუმჩნევია, საიდან შემოსრიალდა უგრძესი და უმშვენიერესი მეწამულისფერი გველი. შემოსრიალდა, თავი აიღერა, წამოყელყელავდა, ალს შემოეხვია და ჩახვეული ჩამწვარ ცხედარზე ჩაესვენა. მალულად შეკრთნენ, მიავიწყდათ შიში და ძრწოლვა, გველის მომნუსხველ სიდიადეს მიაპყრეს თავალი. წარღვნას გადარჩენილ დედამიწელივით ერთ ამოსუნთქვად გამოინასკვნენ. ჯუანშერმა წამით ალში მოფარფატე შემაკრთობელი მომხიბვლელობის ქალწული დალანდა. ”სევდით ერთნი ვართ ცისა და მიწის… და ამ სევდაში გამომწყდეულნი ამბოხებული სიცოცხლით ვიწვით…” გაახსენდა უნებლიეთ.
-გველი…-ამოთქვა ლეთარგელმა,-გველი შეეწირა მსხვერპლად!-და ამაღლებულად წარმოსთქვა,-რამეთუ ჰყავ ესე წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგნ მხეცთა ქუეყანასა ზედათა. მკერდსა ზედა და მუცელსა ხვიდოდი, და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. და მტერობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა, და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა. იგი შენსა უმზერდეს თავსა და შენ უმზერდე მისსა ბრჭყალსა…
ყველასდა მოულოდნელად ელენემ ხმა გაიღო, მთრთოლვარე ბგერები შიშის მომგვრელ ბანგივით დაიღვარა:
-განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებაი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაი შენი და გეუფლებოდეს შენ… რამეთუ ისმინე ხმა ცოლისა შენისაი და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაი, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა…-დაეცა მუხლებზე, ეკლესიას შეაცქერდა და პირჯვარი გადაიწერა.
და წყევლა უფლისა მათ სამთა ზედა, თითქოსდა ჰაერში განზავდა.
მინავლდა ცეცხლი, წამოუბერა ნიავმა, აიტაცა და გველის ტბას მოჰფინა ნავლი, ჯუანშერი ჩაიმუხლა, ფერფლი წამოხვეტა, უცქირა ერთხანს, მერე თავს ზემოთ მიმოფანტა, წამოიმართა თანმხლებთ გამამხნევებლად გაუღიმა, გააბიჯა. დაიძრნენ სხვებიც… გველის თვითმოკვდინებას ფარული გატაცებით ასურათხატებდნენ. იდუმალებანაწვევი ელენე დუმდა. მოუღლელი, ქალური ღირსებით სავსე მიუყვებოდა გზას.
იქ კი, სანაპიროსთან ლექსო უხილავ ნაკვალევს ადევნებოდა. უჩუმრად მიიწევდა წყლისკენ, მთელი არსებით მღვრიე ტალღისფერ თვალებში შეწოვილიყო. ”ნუ შეყოვნდებით…” ჩვეულებისამებრ გულისძახილით მიაწვდინა ”ოაზისელებს” ხმა. გალია ლაქაშები, ჩაუღრმავდა ტბას…
-ალბათ კიდევ რამდენიმე მღვიმე თუ ქვაბული შეემატება საქართველოს რუქას…-გადაულაპარაკა ლომკაცმა ჯუანშერს და სხვები დაამშვიდა,-ლექსოს გაუჩინარება ნუ შეგაშფოთებთ, ეგ მისი გატაცებაა… თავისებურად წაინადირებს…
-უიარაღოდ?! გადამრევს ეს ხალხი!-ვეღარ მოითმინა მენახირემ.
-გუმანითა და კაცური შეძლებით,-გაეპასუხა ლევან გურისელი,-ის სჯობს მზის შუქით ჩამობანილ მონასტერზე გვიამბო რამე…
-ეგ, აქედანა ჩანს ეგრე ლამაზი, თორემ შიგა ერთი მოუვლელი რამეა,-გააწბილა იმან და თითქოსდა შეიცხადა,-ამხელა გზას შეუსვენებლივ როგორღა გავივლით, წამობრძანდით ჩემსა, აქვე, იმ ხევის იქით ვსახლობ, დაგაპურებთ, მოგასვენებთ, წამობრძანდით…
-ყოჩაღ, თედო!-უმალვე შესძახა ”კუნძულელ საძმოთაგან” ერთ-ერთმა, იმას მეორეც გაეხმიანა და გამასპინძლდა.
-რობიზონა!-ისევ შეიცხადა თედომ,-შენ ხარ კუნძულის გუბერნატორი და შენს პარასკევას ნუ გააწბილებინებ ამ ხალხს!-სხვების ხარხარმა ჯუანშერს სიცილი მოჰგვარა.
-მართლაც გულითად მასპინძლობას გაგიწევთ… დილით მონასტრის დათვალიერებასაც შეძლებთ…-აღიარა მან.
-ტაძრის ნახვა მართლაც გვწადია, არც შენს მასპინძლობაზე ვიტყოდით უარს…_ჩაიბუბუნა ლომკაცმა.
-დიდებულია!-შესძახა პროფესორმა ლეთარგელმა და ელენეს ქათინაურის შესატყვისობით ჩაეკითხა,-თქვენც ხომ წამობრძანდებით, ქალბატონო, ხომ ისევ დაამშვენებთ ჩვენს საზოგადოებას?-ელენეს ყვრიმალი შეუფაკლდა. ჯუანშერს დამორცხვებულ ბალღივით შეაცქერდა. პროფესორი მიხვდა ქალის საფიქრალს,-თქვენც უნდა წამოხვიდეთ ჯუანშერ! დარდი ნუ გექნებათ, ირა თავად გამოიღვიძებს… სამსონ რცხილაზე კი შესანიშნავი მკურნალია.
ჯუანშერი დუმდა. წამით ეზმანა, ირამ თვალები გაახილა, მზეს შეაცქერდა და ისევ მილულა. ”მშვიდად, თავად გამოიღვიძებს… მშვიდად…” ეჩურჩულებოდა სესილი. ირას სახეზე ღიმილი ჩამოცურდა, წამწამები ზღაპრულ ფერიასავით აახამხამა, ჯუანშერმა საწიერზე ამოწვერილ მზეს მიბნედილი მზერა მიადევნა და ისევ მიიძინა. ”მშვიდად, თავად გამოიღვიძებს… მშვიდად…” დაუყვავა სესილმა.
-ჯუანშერ!-შესძახა ”კუნძულელმა საძმომ”, მან კი შეხვეული მხარ-კლავი შეძლებისამებრ წამოსწია და ხევისკენ მიმართა.
ლეთარგელმა ქართული საბრძოლო სიმღერა წამოიწყო. შეუვალი, ომახიანი, შვებისმომგვრელი სიმღერა იყო მათი მეგზური… ელენე სასეირნოდ გამოტყუებულ სეფე-ქალივით მორონინობდა.
ოჯახის დედა გაოცებანარევი სიხარულით შეეგება სტუმრებს, ქალიშვილებს გასძახა და ისინიც, თვალებგაბრწყინებული, ტანშეღერებული, ცქრიალა გოგოები კისკისისთ გამოცვივდნენ თლილი ქვით ნაშენებ სამზადიდიდან, მიირბინეს ძმასთან, რაღაც შეჟღურტულეს.
-გაიქეცით, ცეცხლი გააჩაღეთ!-შესწყრა დედაქალი.
-შეპირებული ვარ, საქმროებს მოგგვრით-მეთქი და იმად გიჟობენ…-გაამხილა თედომ და გამოფუსფუსებულ დედაბერს ახარა,-შენ იცი და შენმა ქალობამ, დიდედო, ამათზე უკეთეს ხალხს ვეღარ გასტუმრებ!-დიდედომ ამაყად შეათვალიერა მოსულნი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთო, დალოცა და ძმის მკლავებზე ჩამოკონწიალებული გოგოები წაასხა,-რაცა გაქვთ, ახლავე გამოიტანეთ!-დაადევნა თედომ,-აცივდა, ბუხართან შეთბით…-გადაულაპარაკა ჯუანშერს,-მობრძანდით!-მიიპატიჟა სხვები, სამზადს მიაშურა.
მიჰყვნენ, ბუხართან მოიკალათეს, მერე იძალეს და სუფრაც იქვე გააშლევინეს გალაღებულ მასპინძლებს.
საამოდ მიმოათამაშებდნენ შეღერებულ სხეულებს დები, გამომწვევად ჭვრეტდნენ ”ოაზისელებს”.
ჯუანშერს კი, ღვინო მოსწყურებოდა. თედოსა და ”კუნძულელი საძმოს” თხოვნას გვითამადეო, გულარხეინად ისმენდა, მერე გამაფრთხილებლად წარბებმოზიდულ ლეთარგელს დაუყვავა:
-მომიტევეთ, უნდა განვიმუხტო პროფესორო, სისხლი თავისას ითხოვს…
-სისხლი თუ ითხოვს…-ფიქრიანად ჩაილაპარაკა ექიმმა,-მაგ ხელსაც ეშველება…-გაიღიმა და მეწამულისფერი ღვინით სავსე ჭიქა წამოსწია.
სისხლი თავისას ითხოვდა… სხეული წვიმასდანატრებულ მიწასავით ისრუტავდა ღვინოს…
-ლექსი უნდა გითხრათ!-გამოტყდა მოულოდნელად თედო, ჯუანშერს შეჰღიმილა,-ნუ დამზარდებით და გემო გაუსინჯეთ…-ალალმართლად წარმოსთქვა და იქ მყოფთ დარცხვენით შეაჩერდა.
-ჩვენი თავი გენაცვალოს…-გაამხნევა ლევან გურისელმა და სხვებმაც უმალვე შეაგულიანეს.
თედომ კი მედგრად შემოსძახა:
-აღსარება!... მამულიშვილთ სათითაოდ გულს გავუხსნი, წინაპართა საფლავებთან მუხლს მოვიყრი მოწიწებით, ერისკაცებს თაყვანს ვუძღვნი და ვიცხოვრებ ქართველურად, ოღონდ არა ჩარჩულად და ქვემძრომობით… შენი ფიცი - ”სამშობლო და ერთგულება”, გულთან ხატად მისვენია, ის გამიგებს, მე, მხოლოდ ის! ვისაც ჩვენი ჭირ-ვარამი უგემნია… მამულიშვილთ, მოამაგეთ მშობელ ერის, მივენდობი, ხელს გავუწვდი გასაჭირში, მოღალატეს, დამვიწყებელს ქართულ ენის, დაჭრილს ვნახავ, წყალს არ მივცემ სიკვდილის წინ… ჩემი ხალხის შეძახილის ხმაში გავქრე, მის ძალას და მჭექარებას შევეწირო; საქართველოს მოძახილად აღვსდგეთ, დავშვრეთ და ღვთის მადლი შეგვეწიოს!..-თედომ სასმისი წამოსწია და სტუმართა დალოცვის ნიშნად მიმოატარა,-თქვენ გაგიმარჯოთ!..-გულღიად დააბოლავა.
იქ მყოფთ ლექსი მოუწონეს, გაოცებაც ვერ დამალეს…
-სხვაგვარად შევწუხდი, სხვაგვარად დავუწყე ცხოვრებას თვალთვალი, ვძლიე ჩემში ჩაბუდებულ შიშს და სტრიქონიც გავმართე…-გულშემატკივართ გაენდო თედო და ჯუანშერისკენ მადლიერებით აღვსილი მზერა გააპარა.
-სისხლი თავისას ითხოვს…-ორაზროვნულად გაიხსენა ლეთარგელმა და მასპინძელს კეთილად მიმართა,-ყმაწვილო, შენი მგზნებარება შესაშურია…
სადღეგრძელოს სიმღერა ენაცვლებოდა, სიმღერას გულღია საუბარი და ელენეს მიმართ დაღვრილი ქათინაურები.
ელენე ბუხართან მიყუჟულ დიდედოს შეჰკედლებოდა. დედაბერის პუტუნს სმენამიდევნებული, შეფარვით ჭვრეტდა გაგიჟმაჟებულ თამადას.
ჯუანშერს ”მშიშოზე” ფიქრი წამოპარვოდა, გაორებული კაცის არსში ჩაბუდებული სასოწარკვეთის გაცამტვერება ეწადა.
ელენე უჩუმრად თანაუგრძნობდა…
”პაციენტი 3017… გაგა ბაგაური, მოტივი _ სამართალმა პური ჭამოს…” თითქოსდა, რომელიღაც ჩანაწერის ფრაგმენტი უსიტყვოდ უკარნახა უნებლიეთ.


(იხილეთ გაგრძელება: ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.)


=======
========
საძიებელი
The index
/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

=======

=======
free counters
=======

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


Комментариев нет:

Отправить комментарий