воскресенье, 6 декабря 2009 г.

ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.

(გაგრძელება)

-:-

შუაღამისას ლეთარგელმა მოსვენება ინება.

წამოდგა ლომკაცი, წამოიშალნენ გურისელები, ჭაბუკი ექიმი და კიდევ ორი ქანცგამოლეული კაცი.

დანარჩენებს კი არ ეთმობოდათ ლხინის შეწყვეტა. ელენამაც გააწბილა დიასახლისი და ბუხართან დარჩენა ინდომა.

-მე ამათ ვერ ვუღალატებ!-მოიბოდიშა ჯუანშერმა.

-ალიონისას ტაძრისკენ გავწევთ…-შეახსენა ლომკაცმა.

ჯუანშერმა გაშლილი ხელი მკერდზე მიიდო, თავი დახარა, მერე მიმავალთ ძილი ნებისა უსურვა. ”კაეშანიც კი შეაძრწუნა ჩვენმა სატკივარმა… სიცოცხლე შემოგვწირა… სათნოებით, სათნოებით უნდა აღივსოს ჩვენი სამკვიდრო და მომავლის გენიც მხოლოდ მაშინ გვიწილადებს გამარჯვებული სიცოცხლის იდუმალებას…” მეგრობებს ფიქრმიდევნებული მზერა მიადევნა და თანამეინახეთ შეჰღიმილა.

-დავლბეთ ღვინოსა შიგა…

-დავლბეთ!.-დაქადნებით გაეპასუხა სტუმრების საპატივცემულოდ გადმოპატიჟებულმა თვალებამოღამებულმა კაცმა.

-დავლბეთ…-დაამშვიდა მან და კიდევ ერთხელ შეავსებინა ყანწი. ქართველთა ციხე-დარბაზებისა და ეკლესია-მონასტრების აღმშენებელთა სადღეგრძელო წარმოსთქავა.

-დაილოცოს ქადაგ-ანგელოსთა საყდრის აღმშენებელი…-ჩაიპუტუნა დიდედომ.

ღვინოს დაწაფებულ თამადას ცნობისმოყვარეობა მოეძალა, ხარბად დაცალა სამოსი, თვალებამოღამებულს გადაუგდო და დედაბერს დაუტკბა.

-ქადაგ-ანგელოსთა, დიდედო?

-ქადაგ-ანგელოსთა, შვილო…-ბუხრისკენ წაწვდენილი თავ-კისერი შემოაბრუნა დედაბერმა,-ციდანა მოდიოდაო ღვთიური ხმა, სყდრის გარშემო დაჩოქილნი ისმენდნენ ქადაგებას… ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა შენთა, სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი მოსიან ეკლესიასა, მათ მიერ გევედრებით, ქრისტე ღმერთო. მოწაყალებანი შენნი გარდმოუვლინენ ერსა შენსა, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. დიდება მამასა, ძესა, და წმიდასა სულსა…-ჩაიბუტბუტა წამიერი შეყოვნების შემდეგ. ბუხრისკენ მიიხედა, ჯოხით ნაკვერჩხალი გამოჩხრიკა.

-მერე დიდედო?..-ჩაეძია ჯაბადარი და ალუღლუღებულ თვალებამოღამებულს ანიშნა, შესვიო.

-საყდარში შესვლისა და შიგ სანთლის დანთების უფლება მხოლოდ ანგელოსთგან შესახელებულთ ჰქონდათ. საყდრის გარშემო დაჩოქილნი ისმენდნენ ქადაგებასა, ციდანა მოდიოდა ღვთიური ხმა,-იგი გულმოდგინედ ჩხრეკდა ნაკვერჩხალს,-ციდანა…-შეყოვნდა, რომელიღაც ლოცვა კვლავაც ჩაიბუტბუტა.

-სადა დგას ეგ ტაძარი, დიდედო?-ისევ დაუტკბა ჯუანშერი.

-სადღაა შვილო… დაუტევებიათ ანგელოსთა, ჩაქცეულა საყდარი. ჩემს ბალღობაში, აი, ეს დააშენეს მის ფუძეზე, მთაზე რო დგას. დაილოცოს ქადაგ-ანგელოსთა საყდრის აღმშენებელი…-გაახსენდა და ფაცაფუცით გადაიწერა პირჯვარი.

-დაილოცოს!-შეღრიალა სამზადში შემობრუნებულმა თედომ, ჯუანშერს მიეხალა, გადაეხვია.

თვალებამოღამებული აიმღვრა, საჩხუბრად მოიპირა, მერე ლამის წამოაზიდა და ფეთიანივით გავარდა გარეთ. რაჭველიშვილი გულიანად ახარხარდა.

-წავედით დასაძინებლად!-გამოფხიზლდა მთვლემარე ბონდო,-წავედით!-თენგიზსა და ლეოს დაეჯაჯგურა.

-ჰოოდე, ვინც თავისთან გვეპატიჟებოდა, გაიქცა და…-შეესიტყვა თენგიზი.

შემოვარდა თვალებამორამებული და ნაძალადევი სიმშვიდით განაცხადა:

-ცოლს გავძახე, ლოგინები გაშლილია!

ჯუანშერმა ხელები გაშალა, შეხვეული მხარ-მკლავი თავისებურად ამშვენებდა.

_წავედით!-ისევ რიხით შესძახა ბონდომ და მომავალ მასპინძელს გადაეხვია.

აიშალნენ, ღიღინით მიაშურეს ეზოს. ჯაბადარმა ფეხი აითრია.

-თქვენ, ქალბატონო?-მიმართა ელენეს.

-აქ დავრჩები, დიდედოსთან…-მიუხვდა იგი.

ჯუანშერმა კედელთან მიდგმულ ტახტს გახედა.

-დავუშვათ…-დააზუსტა თავისთვის და დიდედოსთან ჩაიმუხლა,-რაისთვის დაუტევებიათ, სმწყსო, საყდარი?..-ხმას სინანული მოსდებოდა.

დედაბერი გამომცდელად შეაცქერდა.

-სადღა ყოფილა ხალხი, ჟამიანობისას გადახვეწილა…

-ჯუანშერ!-ზღურბლს აღარ გადმოაბიჯა თედომ.

-ძილი ნებისა, ქალბატონო…-დედაბერს ხელზე ეამბორა, ელენეს თავი დაუკრა, რაინდული სულისკვეთებით დამუხტული მოხდენილად გაშორდა ქალებს.

-ის ექიმი, ტაძარში ძრომიალი, რომ უყვარს, რად არ არის თქვენთანა?-ჰკითხა მოხუცმა უცებ ელენეს…

-რომელი…-იგი იჭვნეულად შეაჩერდა.

-განა არ იცი, ოღონდ ვერ გაგიმხელია, ჩემი გოგოები ხუმრობით მფრინავ კუდს ეძახიან… არ ვიცი საიდან მოიგონეს, ისე კი, გავს ხომ იცი…-ჩაიცინა მან.

-გახუ…-თითქოს წამოცდა ელენეს.

-ალბათ, რაღაც საიდუმლოს დაეძებს… -და უცებ ელენეს, თითქოს მის გონში შემალულმა ”მეხსიერების კუნძულმა” უჩურჩულა, ”ქადაგ-ანგელოსთა ხელოვნების საიდუმლოს სურს მიაგნოს, გაიწაფოს და მერე სიკეთე ბოროტებად გარდაქმნას, ადამიანებში ზღვარსგადასული ქცევების გამოწვევები მოახდინოს…”-თანამოსაუბრეს კი თავისთავად გაეპასუხა,-ვერ მოიცალა…

-ჰო, ეგ სხვანაირი კაცია, მართლაც რო მფრინავი კუდია, მახის დაგება ეხერხება, მეც მომინდომა, მაგრამ ლოცვით განვდენვე…

”ამ ტაძრისა და ქადაგ-ანგელოსთა ამბავი ალბათ რომელიმე პაციენტს გამოსტყუა…” ელენე დაიძაბა და გონში აფუთფუთებულ ფიქრის მიჰყვა… გახუს მზაკვრული მიზანსწრაფვის ამოცნობას შეეცადა.

ღამე მთვარის შუქს გადაესაკრა. ორღობეში მიმავალნი გულამოსკვნით მღეროდნენ. ჯუანშერმა ეზო გადაირბინა. სუსხმოკიდებულმა ჰაერმა აბორგებული მკერდის სიმხურვალე დაუამა. თვალებით მთაზე აღმართული საყდარი დაძებნა. მბზინვარე სიბნელემ მზერა დაუელამა… ”ციდანა მოდიოდა ღვთიური ხმა, ციდანა… ჩამოაგრილე ჩემი სულისთქმა და ჩამომბანე უმწეო სევდა, მერე სიმშვიდის მომხვიე ბადე, ნადავლივით ჩამომზიდე სივრცის ღრმულიდან… შენ მიწავ ჩემო, სიბრალულით გულმოწურული ამისვრი ზეცას…შენ, მიწავ ჩემო…”

-რად გარბიხარ?-წამოეწია თედო.

-საყდართან მინდა ავიდე, ქადაგ-ანგელოსთა წინასწარმეტყველება მინდა მოვისმინო,-გულუბრყვილოდ გაუმხილა.

-დიდედო გიამბობდა!-გაეხარდა მას, შაგულიანა,-ავიდეთ მერე, მოკლეზე გატარებ…

-გამიძეხ პარასკევა!

-მომყევი…

სამზადიდან ქურთუკმოსხმული ქალი გამოსხლტა, თვალი ჰკიდა და კვალში ჩაუდგა.

”შენ მიწავ ჩემო… შენ, მიწავ ჩემო…” თედო რაღაცას ჰყვებოდა, ვეღარ უსმენდა. დაძაბული მიიწევდა, ეწადა, ჩქარა მოელია გზა, დაჩოქილიყო საყდრის წინ და ზეცის საუფლოსთვის მიეპყრო სმენა. ”შენ, მიწავ ჩემო, შენ, მიწავ ჩემო…” მიძუნძულებდნენ…

ტაძარს მთვარის შუქი ვერცხლისფერ მანდილივით ეფინა. გამტკნარებული სიჩუმე მკერდში მახვილივით შესრიალდა.

-შენ მიწავ ჩემო!..-ამოიგმინა, შეტოკდა.

თედო მიწაზე გაიშხლართა.

-ეჰე, ანგელოსებო! ანგელოსებო!-შეჰყვირა ველური ხმით,-მიქადაგეთ! მიქადაგეთ!-ხელებს გახელებული უტყლაშუნებდა მიწას.

-იყუჩე…-იგი ჩაიმუხლა,-იყუჩე და უსმინე…

-ჯუანშერ, ჯუანშერ…-ჩამოიღვარა ზეციდან. უხილავმა აძგერებულ სიმივით ჩამოაჟღრიალა ბგერები,-ჯუანშერ!..-გადაიქსელა ექო.

თვალებდაჭყეტილი თედო გაილურსა. ხესთან მიმალულმა ქალმა მთრთოლვარე ხელით პირჯვარი გარადაისახა. ჯუანშერმა მიუყურადა.

-გაიგე?!-ძლივსღა გაიღო ხმა თედომ.

-იყუჩე!-სულანთებული მიილტვოდა, სივრცის ღრმულში იძირებოდა.

-ჯუაანშერ…-კრთოდა ჰაერში.

”შენ, მიწავ ჩემო!..” შესჩიოდა იგი. იდუმალების ხილვის წყურვილით გათანგული, ღრმულში მიექანებოდა. სიმთვრალისგან ძილმორეული თედო ბურანში უილაჯოდ ფხიზლობდა. ხესთან მიმალული ქალი სასოებით ლოცულობდა.

-ჯუანშერ…-ჩაიშრიალა სიბნელეში.

აღმოსავლეთის მხრიდან მთაზე ვიღაც ამორბოდა. ჯუანშერმა შორეთში გადახვეწილი მზერა უნებლიეთ მოზიდა და მისი ხედვის არეში ლექსო თავისებურად შემოტორტმანდა.

-სხვები სად არიან?-იკითხა მან.

-სხვებს ეძინათ…-გაუბედავად გაეპასუხა.

ლექსოს სახეზე ღიმილი გაუკრთა.

”ისევ და ისევ ქვეცნობიერი გონი…” ჯუანშერმა თედოს გადახედა, წამოიმართა.

-ეძინოს, მძინარესვე ამოუსწრებ… შენ კი მომყევი, საიდუმლოს უნდა გაზიარო, მეშინია, უცაბედად არ მიმტყუნოს სიცოცხლემ და ჩემგან მოკვლეული ისევ წარსულში არ ჩაიკარგოს…-წარუძღვა და ისიც სულგარინდებული მიჰყვა.

ფერდობზე დაეშვნენ. ლექსო ჩვეული ალღოიანობით მიიკვლევდა გზას. ჯუანშერი მარჯვედ მიაბიჯებდა. სიფხიზლე და სიმხნევე ეძალებოდა. მერე მთვარით გადავერცხლისფერებულ ველზე გარბოდნენ. უჩუმრად ადევნებულ ქალსაც გამოევაკა. დაუკითხავად მოძალებული იჭვი თუ შიში, მსტოვრულ ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა. თვალი ჰკიდა ლაქაშებში მიმალულთ. მოიკრიბა ძალი, ლამის სულთქმა შეალია სწრაფვას. ისინი კი გველის ტბის სანაპიროსთან იდგნენ, იმშვიდებდნენ სულთქმას…

-ჩაყვინთვამდე ღრმად ჩაისუნთქე და სრულიად მომენდე…-შეჰღიმილა დვალაძემ მეგობარს, ხელები მოსჭიდა, ზეზეურად შეაცურა წყალში, მერე ჩაღრმავდა, ნადავლივით გაიყოლია.

ციცქნა, მიწისქვეშა უბეში ამოყვინთეს. ჯუანშრმა გაუბედავად ჩაისუნთქა და ქვის საფეხურზე შედგა ფეხი, ვიწრო ტალანის კლდოვანი ჭერ-კედლებიდან მღვრიე სითეთრე თითქოსდა იატაკზე იღვრებოდა და ციცქნა უბისკენ მოედინებოდა.

-თამამდ… მღვიმე საჰაერო ხვრელებით შესაშურად ნიავდება. სინათლე და სითბო კი… დატკბი, ბუნების გასაოცარი ქმნილებაა, ალბათ ადამიანიც წაეხმარა…-დვალაძემ ფრთხილად წაუბიძგა, მერე შეუმჩნევლად ასრიალდა ტალანში, გაირინდა, წამით ორთქლში გაეხვია და სამოსი ტანზე შეაშრა,-დასაბამიდან შესაძლებლობის ძალზედ მცირე ნაწილს ვიყენებთ…-ჯუანშერი სინანულით შეათვალიერა,-მიმავიწყდა… არც შენ გაგიღია ხმა, გაიხადე…

-დროს ნუ დავკარგავთ, აქ ისედაც თბილა… კიბე აათავა, ტალანს გაუყვა. თითქოსდა ცოცხალ სხეულში მიირწეოდა. აეძაგრა სული, თან უჩვეულო სურნელება მიესალმუნა.

ტალანი ოვალისებურ დარბაზს შეუერთდა, დარბაზს გარს სენაკები შემორწყმოდა.

-იქ, მეექვსე სენაკში…-ლექსოს ნიშნის მოგებით გაუღიმა.

მეექვსე სენაკის კედელი რაღაც გაურკვეველი, ერთმანეთში ჩახლართული გამოსახულებებით დაღარულიყო. გაკრული ხელით მინაწერსა ჰგავდა. ჯუანშერს რაღაც ენიშნა, ხელისგულით ჩამოიმშრალა სახე.

-მეუდაბნოე…-წაიჩურჩულა უნებლიეთ,-თითქოსდა ახლახან უცხოვრია ვიღაცას…

-შესაძლოა, აქ მართლაც ადამიანის სუნი ტრიალებს… აი, აქ კი მიკროფონული ღრმულია, აქედან მომესმა შენი და თედოს ხმები, აქედანვე გამოგეხმიანე…-დვალაძემ დასავლეთის კედლიდან გვერდებამობრეცილი თლილი ქვა გამოაძვრინა.

ჯუანშერი შეაჩერდა ღრმულს, სიმბოლოებად მიჩნეულ ხაზებს ფაქიზად შეახო თითები, ფერფლისფერი სურნელი შეისუნთქა და აღმოხდა,-მეუდაბნოე!..

-ხმადაბლა…-მეგზურმა ქვა უკანვე შეაცურა.

-ჯუანშერ!-გამოაღწია ღრმულიდან შიშნარევმა ხმამ, ჯუანშერ!-ლექსომ ქვა ბოლომდე მისწია.

-შგვიყრის ქვეყანას, წავიდეთ… წავიდეთ, თანაც სველი ხარ, ყოველივე ეს ”ოაზისის” საიდუმლო მონაპოვარია, მერე ყველანი ერთად ჩამოვეშვებით,-ხელი მოხვია, სენაკიდან გაიყვანა და წარიმძღვარა.

-საიდუმლო… სანამ ამ საიდუმლოს არ ამოვხსნით საიდუმლო ”ოაზისის” მომავალში გადანახულ რელიქვიად დარჩება…-დააჭაშნიკა თავისებურად.

ჯუანშერს ასე ეგონა მღვრიე სითეთრე ციცქნა უბისკენ მიაქანებდა.

-ჩაყვინთვამდე ღრმად ჩაისუნთქე…-შეახსენა მეგობარმა, შესრიალდა წყალში და ჩაღრმავებულმა ნადავლივით გაიყოლია.

”პაციენტი 3017… გაგა ბაგაური, მოტივი _ სამართალმა პური ჭამოს…” გაახსენდა უნებლიეთ.


-:-

”პაციენტი 3017” ჩვეულებისამებრ შფოთავდა; …ესიზმრა, თითქოს ვიღაც მკერდზე შეაფორთხდა, ვეებერთელა ხელები კისერზე მოაჭდო და ახრჩობდა.

სუნთქვა თანდათან უჭირდა. ეწადა, ვინმესთვის საშველად ეხმო, მაგრამ პირიდან ხავილის გარდა არაფერი ამოსდიოდა.

სხეული გაუშეშდა და სასიკვდილოდ მოემზადა, საკვირველი ის იყო, გრძნობდა, უცაბედად ჩაძინებული რომ იყო და გაღვიძებას ცდილობდა… როგორც იქნა, გაახილა თვალი… კვლავ უჭირადა სუნთქვა. მიხვდა საბნის კიდე ებჯინებოდა კისერზე და ეს გუდავდა.

სწრაფად ჩასწია ქვევით და შვება იგრძნო. სუნთქვა დაიწყნარა, ფანჯრიდან შემოღწეულ სინათლეს გაბედულად მიაშტერდა და ფეხის ხმა გაიგონა, მერე ვიღაცამ კარზე დააკაკაუნა.

-ხელები მაღლა!-აგდებულად შესძახა.

კარი გაიღო და ოთახში სილუეტი შემოვიდა.

-ჩავარდი…-მედიდურად შესცინა,-რას გამოშტერებულხარ, აბა აორთქლდი, აორთქლდი და მეორედ აღარ დაგინახო…

სილუეტი არ იძვროდა.

დამფრთხალი ერთიანად წამოიმართა. საწოლიდან გადმოხტა და იმ მხარის კედელს მიაშურა, რომელზედაც ჩამრთველი ეგულებოდა.

-ხელები ზევით!-შესძახა ნათურის ანთებისთანავე.

-დამშვიდდი, მე ვარ მოკეთე…-სიმშვიდის მომცველი ხმით გაიმეორა შემოსულმა.

როგორც იქნა, თვალიდან ზმანების ლიბრი გადაეცალა.

-აა, საიდან მომაგენი…-საწოლისკენ წავიდა და ლოგინში შეწვა.

-როგორ გრძნობ თავს?..-ჯუანშერი გულისყურით შეაჩერდა, მერე აუჩქარებლად მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

-რაღა როგორ, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი და…-მის სახეზე თითქოსდა ის ქრონიკული ღიმილი ამოიწვერა.

-მერედა რატომ, შენ ხომ ჭეშმარიტი წარსულიც გაქვს…

-ნაღდი რაც მქონდა წამართვეს, მხოლოდ მშიშოღა დავრჩი…

-მშიშო კი არა, გაგა ხარ, გაგა ბაგაური, იმ ავბედით დღემდე ხომ ამ სახელს გეძახდნენ… მშვენიერი სახელია, ხშირად უნდა გაიხსენო…

-იმ ავბედით დღემდე…

-გაბედული ბიჭი იყავი, სამართალმა პური ჭამოსო, იქადდი…

-სამართალმა პური ჭამოსო…

-უნდა გაიხსენო, ის ბალღობისდროინდელი მედგარი სული უნდა აღიდგინო. გაგას წარსულზე უნდა დასახლდე და ეგ აკვიატებული შიშიც ჩამოგეცლება, სამართალმა პური ჭამოსო, განა ტყუილად იქადდი…

”მშიშო” შეფიქრიანდა, რაღაც ეჭვმა გაიტყუა.

ჯუანშერმა გამომშვიდობების ნიშნად ხელი ხელზე მოუჭირა, წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.

”სამართალმა პური ჭამოს…” გაგა ბაგაურის ცნობიერება მახსოვრობის ცხრაკილტულისკენ მიილტვოდა.

…გაქცეულს, როცა წამოეწია, უკვე გვიან იყო. ბიჭს მოესწრო მითვისებული ფულის დამალვა. მხრებში მოხრილი მირბოდა.

-გაგა შეჩერდი!-უთხრა კაცმა, არ უყვირია.

ბიჭი შედგა და გაბედულად შეხედა.

-გაგა, რატომ გარბიხარ?-ორიოდ ნაბიჯი კიდევ გადადგა კაცმა და შეჩერდა.

ბიჭმა არაფერი უპასუხა.

-რატომ გარბიხარ-მეთქი?

-ისე, მომეხასიათა,-თამამდ მიუგო და გაუღიმა.

კაცმაც გაუღიმა. სახებუნჩულა და თვალციმციმა კეთილ ძიას ჰგავდა.

-ჩემგან რამე ხომ არ წამოგიღია?-საეჭვო ალერსით ჰკითხა.

-რა უნდა წამომეღო?1

-ფული, ასი მანეთი იდო დახლზე…

-ასი მანეთი?1-გამხდარი სახე დაეძაბა ბიჭს.

-ჰო…

-თვალითაც არ მინახავს,-ბიჭს კვლავ გაეღიმა.

-გაგა…-წამოიწყო კაცმა.

-არ ამიღია,-უკმეხად უპასუხა ბიჭმა,-არ ამიღია შენი ასი მანეთი!

-აბა, რაზე გარბოდი?

-ისე, ტყუილად, გაქცევა მომინდა…

-ეეჰ…-ამოიხრა კაცმა,-იქნებ აიღე, აა?..

-არა-მეთქი…

კაცი მოიხარა და ბიჭს მხარზე მოჰკიდა ხელი. ცდილობდა, რაც შეიძლება კეთილი გამომეტყველება ჰქონოდა.

-მომეცი და მე თავად მოგცემ, რამდენი გჭირდება?

-არაფერიც არ მჭირდება!

ბიჭი საკმაოდ უკმეხი იყო, უნდოდა, კაცი გაებრაზებინა, მაგრამ იგი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

-მომეცი ფული, არ გრცხვენია?-თითქოსდა დაუყვავა.

ბიჭმა გზა განაგრძო.

-ჩემი არც არაფერი მაქვს… ისე რამდენი გჭირდება?-ვითომ კაცის გასაჭირმა შეაფიქრიანა.

კაცს გაეცინა. ბიჭის სიდინჯემ გააცინა.

ერთხანს უხმოდ მიაბიჯებდნენ. მერე კაცმა უცებ წაავლო ბიჭს მკლავზე ხელი.

-მომეცი, თორემ მილიციაში წაგიყვან!-შესძახა და ჯიბეები სწრაფად მოუსინჯა.

-ბიჭი მშვიდად იდგა და იღიმებოდა; ალბათ უნდოდა კაცს მოთმინება შემოხარჯვოდა.

კაცი, ლამის იყო გაბრაზდა, მაგრამ მაინც წყნარად უთხრა:

-დამიბრუნე ფული…

-შენთვის მე არაფერი გამომირთმევია…-ბიჭი ისევ იღიმებოდა.

-მომეცი-მეთქი!

-რამდენი გინდა?-ინტერესით ჰკითხა.

-ასი მანეთი…

-მაგდენი არ მაქვს,-სრული სიდინჯით მიუგო,-მანეთი თუ გეყოფა?

-მასესხებ არა?!..-კაცი ახარხარდა. მერე უცებ შეწყვიტა სიცილი,-ცუდია, ცუდი, უნდა გრცხვენოდეს…-უთხრა თვალთმაქცურად და მსუქან სახე ამაზრზენად დაემანჭა.

-სირცხვილით შენ უნდა გრცხვენოდეს, ფულს შენ ტაცებ ხალხს…-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ნელა გააბიჯა.

მხრები გაშლილად მიჰქონდა, თავი მაღლა აეწია.

მამაკაცი მიხვდა რისი თქმაც უნდოდა ბიჭს და ერთბაშად აენთო.

-გცემო?..-მაჯაში წვდა და შემოატრიალა.

ბიჭმა ზიზღით შეხედა, რამაც კინაღამ გააშმაგა კაცი.

…მერე მათი საუბარი საშინლად უთავბოლო იყო. ერთი ფულს დაბრუნებას სთხოვდა, მეორე უარს ეუბნებოდა…

ქუჩაში მოსიარულენი ცოტანი იყვნენ და ხელსაც არავინ უშლიდათ ეკამათათ. თუ ვინმე დაინტერესდებოდა, კაცი უმალ ცვლიდა საუბრის კილოს და სახის გამომეტყველებას. ეტყობოდა, მომხდარი ამბის გახმაურებას უფრთხოდა. ბიჭი გრძნობდა ამას და უფრო ემატებოდა სითამამე.

ბოლოს კაცს ნებისყოფამ უღალატა, ხელი ჩაიქნია და წავიდა, წასვლისას კი ბიჭს ღიმილით უთხრა.

-განანებ, ოჰ, როგორ განანებ!

-სამართალმა პური წამოს…-ღიმილით შეეპასუხა იგი.

კაცი რომ მოსახვევს მიეფარა, ბიჭმა წელზე შემორტყმული ბრტყელი ქამრის ქვემოდან, სამად მოკეცილი, ტკიცინა ასმანეთიანი გამოაძვრინა, რიდით დახედა და ჯიბეში ჩაიდო. ქურდის ქურდი ცხონებულიაო, გაახსენდა ვიღაცის ნათქვამი, მაგრამ მაინც შერცხვა. თითქოს ახლა იგრძნო, ფული რომ მოიპარა. მიხვდა, გაარაკებულ ”არსენობისა” თუ ”რობინ ჰუდობის” მაგივრად სხვაგვარი თაღლითობა გამოუვიდა. მიხვდა და შეწუხდა.

ჯიბეში ჩადებულ ასმანეთიანს თითებით დაუწყო წვალება. ახლა იგი სრულებით არ ჰგავდა იმ კაცთან თავხედურად მოლაპარაკე ბიჭს, თითქოს მოტეხილიყო.

”იმას კულტურულ ქურდს ეძახიან…”-გაიფიქრა კაცზე,-”მე კი…”, ერთხანს თავი ვერ მოაბა აზრს: ”მე ხომ ფული მის თვალწინ, პირდაპირ დახლიდან ავიღე. ის იყო, წამით საანგარიშოს ჩააჩერდა და… მოპარვა სულაც არ მინდოდა, წართმევა, ჰო… მერე შემეშინდა და გამოვიქეცი. ვერც ის მივახალე პირში, წაგართვი-მეთქი, ვერ მივახალე… ვიქურდე… თუმც იმას ათასები მართებს ჩვენი, ჰო, მაგრამ მეც თუ ქურდის სახელი დამერქვა; დედამ რომ გაიგოს… იქნებ მართლა იქურდაო, რომ დაეჭვდეს?..” შეწუხდა ბიჭი, ძალზე შეწუხდა.

ტყუილუბრალოდ ვინმეს განაწყენებას ერიდებოდა… თუ ვინმე ზედმეტად შეაქებდა, თავისებურად ითრგუნებოდა მისი სითამამე… ეწადა, ლამაზად და მოხდენილად ეცხოვრა…

ცხრათავიან გველეშაპად არა, მაგრამ იმისდამაგვარ ბილწ არსებად კი მიაჩნდა ის კაცი.

რაინდობა ეწადა და მისი კლანჭებიდან მშობლის ”განავისუფლება”. გაარაკებული ”არსენობა” თუ ”რობინ ჰუდობა” ეწადა და ქურდობა კი გამოუვიდა.

შეწუხდა ბიჭი, ძალზე შეწუხდა…

’არა, წავალ და დავაბრუნებ…” გადაწყვიტა ბოლოს, მაგრამ უმალ გაახსენდა, დედამისი მომავალ ზამთარშიც ძველისძველი, გახუნებული პალტოთი რომ ივლიდა და სიბრაზე მოეძალა. ”ორმაგი ფასი რომ არ გადაეხდევინებინა იმ ჩემს მოსწავლის ფორმაში, დედაჩემი თავისთვისაც იყიდდა რაიმეს… უჰ, ეგ წამგლეჯი! სამართალმა პური ჭამოს…”

ცდუნება დიდი იყო ფულის თავისთან დატოვებისა, მაგრამ ბიჭს გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ კაცთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოსულიყო და რაც შეიძლება სწრაფად მოეშორებინა ტკიცინა ასმანეთიანი.

ქუჩის ბოლოს დაბალ სკამზე ნახევრად უსინათლო, შავოსანი დედაბერი იჯდა. წინ მზესუმზირით სავსე პატარა ტომარა ედო.

ბიჭი დედაბრის წინ შეჩერდა; რაღაცის თქმა ეწადა, მაგრამ სასა ერთბაშად გაუშრა. სიტყვაც ვერ დასძრა.

მარჯვენა ხელი ისევ ჯიბეში ჰქონდა, ამიტომ, მოიხარა თუ არა, მარცხვენა ხელით სწრაფად აიღო ტომარაში ჩადგმული მზესუმზირით სავსე ჭიქა და შარვლის ჯიბეში ჩააპირქვავა.

-ფული!..-შესძახა შეშინებულმა დედაბერმა.

ბიჭმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან მარჯვენა, რომელშიც ასმანეთიანი ჰქონდა მომუჭილი, ფული ჭიქასთან ერთად ტომარაში ჩააგდო და გაიქცა.

ბიჭი უკანმოუხედავად მირბოდა.

ახლა ბევრად უფრო თავგამოდებით მირბოდა, ვიდრე მაშინ, როცა კაცი მისდევდა.

და იგი ქადილით იმეორებდა:

-სამართალმა პური ჭამოს…

-სამართალმა პური ჭამოს…

-სამართალმა პური ჭამოს…


-:-

იცრიცებოდა ზმანება, ხედვის არედან უსხლტებოდა.

განქარდა მერე, წამიერად ამოიწვერა და სულთქმაში ჩასრიალდა.

-სესიილ…-წაიჩურჩულა, სხეულათრთოლებულს გამოეღვიძა,-სესიილ…

ექთანი-გადია უღიმოდა.

ნურაფრისა გეშინია, შვილო ნურაფრისა…-კართან მიდგა და ექიმს გასძახა.

ირა წამოიწია, მზერა მიმოატარა.

-ჩვენები სადღა არიან?..-იკითხა მოთენთილი ხმით.

-მოვლენ შვილო, მოვლენ…-ქალმა ბალიში შეუსწორა.

ოთახში სამსონ რცხილაძე შემოვარდა.

მაღალი, სპარტანული აღნაგობის კაცი.

ირას გულღიად მიესალმა, ტლანქი თითებით მაჯა მოუსინჯა.

-თავს ხომ კარგად გრძნობთ?

-ამას რაზედ მეკითხებით?!-იწყინა მან.

-ნუ აღელდებით, თქვენი ბედით ყველანი ძალზედ ვართ დაინტერესებული…

-კი მაგრამ, ჩვენები სად არიან?!

-დღენიადაგ აქ ტრიალებდნენ, ალბათ საცაა მოვლენ… მე მომანდეს თქვენი თავი, მიმსახურეთ…

-მაშინ ტანსაცმელი მომიტანეთ, თუ იცით, გათხრების საქმე როგორ მიდის?-ისე, სხვათაშორის დაინტერესდა უცებ.

-ჩინებულად…

-აკადემიკოსი ანდრიაძე ალბათ ჩამოფრინდა…

-მგონი კი…-ლეთარგელისგან ”დამოძღვრილი” რცხილაძე დაუფიქრებლად იძლეოდა პასუხებს,-ოღონდ, გთხოვთ, ადგომას ნუ იჩქარებთ, ჯერ კიდევ…

-ჩინებულად გამოვიძინე…-გამომწვევად ჩააგონებდა ირა.

-უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდხანს იავადმყოფეთ…-ახლა ალღოს მიენდო რცხილაძე.

-მით უფრო, დროა, წამოვდგე…-გულგრილად ჩაიცინა მან.

-ისიც უნდა გითხრათ, რომ იქ, ზღვისპირეთში, სულიერი ტრამვა მიიღეთ და…

-თავიდანვე გეთქვათ… მე კი, ისე ვგრძნობ თავს, თითქოსდა, როგორც იქნა, რიგიანად გამოვიძინე. იქნებ ისიც იცით, რა აღმოჩნდა სამარხში…-რაღაცის გახსენებას შეეცადა იგი.

-უმშვენიერესი ქანდაკი, რომელიც ახლა მუზეუმში ინახება, საქართველო დიდად მადლიერია თქვენი…-უეცრად მოვლენილმა ზეატაცებულმა განწყობამ სამსონი შეაცბუნა და ნაჩქარევად გააგრძელა,-მოისვენეთ, მოისვენეთ, სხვას მეგობრები გიამბობენ…

-მართლაც მიავადმყოფია…-მოიწყინა წამით ირამ, ფანჯარას გახედა,-რაღას უდგეხართ, მომიტანეთ ტანსაცმელი…-შეუწყრა მერე ექთანს. იმან ხალათი სასოებით გადააფრა საწოლზე,-მე ტანსაცმელი გთხოვეთ, ყველაფერი ის, რითაც შეიძლება ადამიანი ქუჩაში გავიდეს…

ქალს ცრემლები ჩამოსცვივდა, იმ გულშეჭირვებულ გადიას ემსგავსა, ალერსში გამოზრდილი პრინცესა გაჯოხვით რომ ემუქრება.

-აი, ეს ქალი თვეების მანძილზე თავს გევლებოდათ, თვეების მანძილზე თქვენ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდით…-არ დააყოვნა რცხილაძემ.

-მადლობას მოგახსენებთ…-ირამ ექთანს გაუღიმა და ხაზგასმით წარმოთქვა,-და აწ მე მივხედავ საკუთარ თავს!

-მერე კედელს შეასკდით, სისხლი დაკარგეთ…-დაუტკბა იგი.

-მაგრამ ახლა საოცრად ჯანმრთელად ვგრძნობ თავს, და ძალზე მსურს ამ კედლებიდან გავაღწიო!

-გთხოვთ, პროფესორის მოსვლას მაინც დაველოდოთ…-სათქმელი შემოეძარცვა მკურნალს.

-საოცრად ჯანმრთელად ვგრძნობ თავს…-ჟინიანად ჩამარცვლა მან.

-მოართვით შესამოსი!-საზეიმო ხმით შესძახა სამსონმა,-ცოტა ხნით ეზოში გაასეირნეთ…-გადაულაპარაკა ექთანს,-ირას თავი დაუკრა და ოთახი დატოვა,-მდაა… გამოჯანმრთელობაც ამას ჰქვია…-გულუბრყვილოდ ეღიმებოდა.

ირა სხარტად წამოდგა, ხალათი მოისხა, ფანჯარასთან მივიდა, მინიდან არეკლილ ორეულს დააკვირდა, ნაიარევს თითებით მიუალერსა და თეჯირს მიღმა მოფუსფუსე ”გადიას” ჰკითხა.

-კი მაგრამ, სად ვიმყოფებით?..

-ქალაქგარეთ…-მიუხვდა იგი, თავისთან მიიხმო, მერე სამოსი შემოაცალა, წყლით სავსე აბაზანაში ჩააყენა და სხეული ჩვეულებისამებრ დედობრივი სინაზით ჩამობანა. ირამ თმაზე გადაუსვა ხელი, მივიწყებული მოვალეობის მოხდა მოუნდა.

გახალისებული ქალი ჩაცმაში ეხმარებოდა და მისადმი შეჩვევისა თუ შეთვისების ამბავს ისე ჰყვებოდა, გეგონებოდათ, ბავშვობისდროინდელ ტკბილსევდიან ეპიზოდებს ახსენებდა. ირას კი, მოსმენამდე მობეზრებოდა ყოველივე, მისი არსება, რაღაც ჯერ კიდევ შეუცნობს პატივმოყვრულად ითხოვდა და ეს დამქანცველად აღაგზნებდა.

ჩაილუკმა მცირედ, თეჯირს იქით გააღწია და საწოლზე მიწვა. გახუ მონასელიძე წვრილფეხა მტაცებელივით შემოსუნსულდა. იჭვნეულად შეათვალიერა ირა და ფარისევლურად ჰკითხა:

-რაიმე ხომ არ გნებავთ ქალბატონო?

ქალი მწყრალად შეაცქერდა. გულისშემაწუხებლად აექავა ფეხის თითები, ფეხსაცმელები წაიძრო, აწრიალდა. მონასელიძე დარეტიანებულივით შებარბაცდა, სადღაც ხორხში ამოიხრიალა, ლორწოდ მოდებული ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, დერეფანში მომავალ ”ოაზისელებს” ჭკუამხიარულ მახარობელივით აცუნდრუკებული გაეგება.

-მოგილოცავთ!-შესძახა მონდომებით და გაიძურწა.

გალაღებული ”ოაზისელები” ფრთხილად მიუახლოვდნენ საწოლს, ხარბად შეაცქერდნენ გონმოსულს. ირამ მისალმების ნიშნად თითები შეათამაშა, იქედნურად, ცხოვრებისგან მეტისმეტად აღზევებულ მეგობარყოფილივით შეჰღიმილა ყველას. გურისელებს საგალობელი სიხარულის ცრემლივით წამოსკდათ. წამოიმღერა ირამ, გამომწვევად მყივანა ხმა გაუსხლტა ”ოაზისელთა ღაღადისს”, თითქოსდა ელვასავით გაიკლაკნა. მან კი ტაში შემოჰკრა, წამოდგა და ხმაურით გადაკოცნა გარსშემოხვეულნი, თვით უცნობებიც კი… ჯუანშერს გამორჩეული თაყვანისმცემელივით მოუთათუნა თითები ლოყაზე, ფეხსაცმელებიც ჩაიცვა…

-გეპატიჟებით რესტორან არფაში!-განაცხადა მერე, თავის ხმასავით გასხლტა, დერეფანი გაირბინა, კიბეზე დაეშვა. გულუბრყვილოდ გამოუდგა ლეთარგელი, მერე შეყოვნდა, გამოხედა ლომკაცს, თვალებით შველას ითხოვდა.

-ირას ხელწერაა…-დაამშვიდა სარაჯიშვილმა, ფანჯარასთან მივიდა.

ირამ გორგოლაჭებიან კართან შეჩერებულ ”ჟიგულთან” მიირბინა, შიგ დაუკითხავად ჩაჯდა და ლოყებღაჟღაჟა მძღოლს მოუწოდა:

-რესტორან არფაში!

მძღოლმა თვალები დააჭყიტა, მერე გაიბადრა და მანქანა სანახევროდ ღია კარში გაიჭრა.

-გეპატიჟებით რესტორან არფაში!-წარმოთქვა ლომკაცმა და დამნაშავესავით მოდრეკილ ჯუანშერს შესცინა,-ნუ შიშობ, დაცხრება…

-ღმერთმა ქნას…-ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა; იგრძნო, საიდანღაც ცნობისწადილით აღვსილი ელენე უთვალთვალებდა; გამხნევდა, გამხიარულდა, მეგობრებთან ერთად სამასპინძლოდ განეწყო და ლეთარგელი და მისი კოლეგები მიიპატიჟა: ”გეპატიჟებით რესტორან არფაში!” ჩაესმოდა ირას ხმა და იმ ხმისკენ მიისწრაფოდა.

ირა გაშლილ სუფრასთან შამპანურით სავსე სასმისით ელოდათ. შენობის სახურავზე აღმართულ ქნარის ლარებს სუსუტი ქარი ანანავებდა. ჯუანშერმა ღიმილით მიაშურა.

-სესილი სადღაა?-წყრომით შეაგება მან, გაუძნელდა რაიმეს თქმა.

-სესილი დაიგვიანებს…-გაეპასუხა დვალაძე,-ირამ იჭვნეულად შეათვალიერა.

-ოაზისელო ლექსო დვალაძე!-გამოკვეთილად წარმოთქვა ლომკაცმა,-იმედია დამეგობრდებით…-მერე პროფესორი ლეთარგელი და სამსონ რცხილაძეს წარუდგინა.

-გმადლობთ, ბატონებო, გთხოვთ!..-სუფრასთან თავმომწონედ მიიხმო ისინი ქალმა, სასმისი წამოსწია და გათამამდა; გაიკრიფა ენად. მის მოლოდინში გატრუნულ ორკესტრს მიაშურა და მიკროფონს დაეპატრონა.

აჟღრიალდა საკრავი, მყივანა ხმამ უმოწყალოდ გადათქერა მისი ბგერები, გაითარეშა და იქ მყოფთა ყურთასმენას წამით უმოწყალოდ დაეპატრონა.

დარბაზში თეთრსახოვანი ბიჭი შემოცუნცულდა, ირას ფეხებთან ლამაზად შეფუთული მუყაოს ყუთი დადგა და მსწრაფლ გაძვრა კარში, გაუჩინარდა. სიმღერით გულმოოხებულმა ირამ მოხდენილად აიტაცა საჩუქარი და ზედ გაკრული ხელით მინაწერი ხმამაღლა ამოიკითხა:

-უბრუნდება ოაზისს!...-ტაშისკვრით აბორგებულ, მოქეიფე უცნობ მამაკაცებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და შეცბუნებულ თანამოსუფრეებისკენ წამოფარფატდა,-ჩაიბარეთ!-ყუთი ლომკაცს შეაჩეჩა.

ლომკაცი წარწერას დააცქერდა, უნებლიეთ დაიბნა, ნაჩქარევად, მაგრამ შესამჩნევი სიფრთხილით გახსნა ყუთი და იქიდან ძვირფასი ქვების ელვარება გადმოიღვარა. გაირინდა წამით, მერე ცნობისმოყვარეობით მოათვალიერა დარბაზი და ყუთიდან ძვირფასი ქვებით მოოჭვილი, შემაკრთობელი მომხიბვლელობის ყმაწვილი ქალის ქანდაკი ამოიღო.

აღტაცების შეძახილი აღმოხდა ყველას. ჯუანშერი თვალებით ძუძუთა შუა მოჩინარ წყლისფერ ქვას ჩაუსაფრადა, მის ელვარებაში უხილავი სიცოცხლე მოიძია. მერე იდუმალებით გაუჩინარებული პაწია ქვა-მარცვლის დანახვა ინდომა, რომლის მსგავსი ორმოციოდე წლის მამაკაცის ქანდაკს შენივთებულ, ადამიანის თვალისსადარ ქვას ობოლ ცრემლივით ჩამოჰკიდებოდა. ირას მკერდს შეაცურა მზერა. გუმანით მოხელთებულ ძუძუთა შუა მიმალულ ნაიარევს მიუყურადა. ნაიარევს მიღმა უცხო სიცოცხლე სულდგმულობდა. ირა იჭვნეულად უცქეროდა ქანდაკისკენ წამოზიდულ სახეებს, მერე გამოსტაცა ლომკაცს და გაკაპასებულ გოგონასავით შეჰყვირა:

-ეგ, მე მომართვეს!

-ეგ ქანდაკი შენ იპოვე, ირა… გამტაცებლებმა კი სესილი იმსხვერპლეს, ლამის შენც შეეწირე…-სევდიანად გაეპასუხა ჯუანშერი.

ქალმა მზერა ავად მიმოატარა, მერე შეცბუნდა.

-სესილი?!-იკითხა შიშით.

-სესილი…-დაუდასტურა მან,-შენ კი…-აღარ გააგრძელა, საფეთქებლთან მწველი ტკივილი ჩამოეღვარა.

-რა მე, მე არაფერი მესაქმება თქვენთან!-ქანდაკი ყუთში ჩადო, ისტერიული ტირილი წასკდა.

გამოჩნდნენ ცნობისმოყვარენი… ლომკაცმა ბიჭის ვინაობა გაიკითხა, არავინ იცოდა, ვერც მისი დასურათხატება შესძლეს. მოულოდნელად ირამ მის დასამშვიდებლად მოდუდუნე ლეთარგელი ჩამოიცილა.

-ირას დღეები გრძელდება!-შეჰყვირა ნიშნისმოგებით და გაიქცა.

-თქვენ ქანდაკს მიხედეთ!-დაიბარა ადევნებულმა ჯუანშერმა. ირას კიბეზე წამოეწია.

-რას მომდევ?!-შემოსწყრა იგი,-მე თქვენთან არაფერი მესაქმება…

-ირა…-ვაჟმა შემოაბრუნა, მიიზიდა, თვალებში ჩააცქერდა. ქალი შეცბუნდა.

-კარგი, ჰო…-ნებაჰყო,-ტაქსი!-აიქნია ხელი და შეჩერებულ ”ვოლგისკენ” გაუჩქარა,-სახლი მომენატრა,-უთხრა მძღოლს,-სახლი, მომწყინდა ტყე-ღრე წანწალი…

იგი დუმდა, უსმენდა მის ლაზღანდარობას და საფიქრალში ჩურჩულებდა: ”სიმშვიდე, სიმშვიდე მოუვლინე, ღმერთო!.. სიმშვიდე, სიმშვიდე მოუვლინე, ღმერთო!..” ირა კი, არ ცხრებოდა, ალქაჯივით გადახტა სადარბაზოსთან შეჩერებულ ”ვოლგიდან” და შეჰკივლა:

-ლუიზა! ლუიზა!

ბედად ლუიზა. მისი შორეული ნათესავი, ვისთვისაც ბინა ჰქონდა მიბარებული, შინ აღმოჩნდა. გამოაღო ფანჯარა და ჩამოსჩხავლა:

-ირა, უიმე, შენ კი გენაცვალე!-მერე გამოეგება, ჩაეხვია, მოიკითხა, ჯუანშერს მუშტრის თავალით ახედა.

ირა ბინაში შევარდა, ოთახები მიმოირბინა, ტელეფონს მიუჯდა, ყურმილი მოიმარჯვა.

-ირას დღეები გრძელდება!-დაიქადნა და ცნობარი გადაშალა.

…მაგრამ ეს სულ სხვა დღეები იყო. იმ საღამოსვე გაივსო სახლი მივიწყებული დაქალებითა და ნათესავებით. ირა გასტროლებიდან დაბრუნებულ ესტრადის ვარსკლავივით კეკლუცობდა, ჭირვეულობდა. პროფესორ ლეთარგელისა და ”ოაზისელთა” შემოსტუმრებამ საოცრად გააღიზიანა.

-თქვენი საპატრონო მე არაფერი მჭირს…-შეუწყრა ჯუანშერს და დაქალებთან ერთად საძინებელ ოთახში შეიკეტა. ლუიზას ჩიტისებური სახე ჩამოუგრძელდა.

-გადაღლილია, სხვა დროს მობრძანდით!-კარისკენ წავიდა და ”შერისხულნი” აიძულა გამომშვიდობებოდნენ.

-წარსული შეიძულა, მწვავე ჩარევამ შესაძლოა ისევ სულიერი ტრამვა გამოიწვიოს, დაველოდოთ, იქნებ მოიბრუნოს გული…-თქვა ლეთარგელმა და ჯუანშერის დაიმედებას შეეცადა, ამნეზიით დავადებული ვიღაც ქალის ამბავს მოჰყვა,-მიაკითხეთ ხოლმე, ჯუანშერ, თქვენ მიაკითხეთ, სიყვარულს შეუძლებელი შეუძლია… წარსულს ნუ ჩაუღრმავდებით, უმჯობესია მომავალზე ესაუბროთ, მომავალზე…-სთხოვა მერე, გადაეხვია, გადაკოცნა,-გმადლობთ, ყველაფრისთვის გმადლობთ!..-შეჰღიმილა სხვებს და ფეხით გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას.

-აქვე ცხოვრობს…-დაამშვიდა ლომკაცმა მკურნალის გასაცილებლად შემზადებული მეგობრები,-დროა, ჩვენს შინისკენ გავწიოთ, მოვისვენოთ… ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია,-ჯუანშერს დაკვირვებით შეხედა, რომელმაც უნებლიეთ გახუ მონაელიძის დემონისეულ სულზე რაღაც გაიფიქრა,-აკი, ქანდაკიც დაგვიბრუნეს… ახლახან შევიტყვე, ბიჭებმა იმ ყმაწვილის ვინაობა დაადგინეს. ყველასთვის ცნობილი პიროვნების შვილიშვილი გამოდგა, ქანდაკი, თითქოსდა ლოგინად ჩავარდნილი დიდედის თხოვნით ჩადო ყუთში და მისივე მითითებით გამოსწია რესტორან ”არფასკენ”. ოღონდ, ოჯახის თავკაცმა ამგვარ ვერსიაზე სასტიკი უარი განაცხადა… საეჭვო ისაა, რომ, ქანდაკთან ერთად, ვიღაცის მიერ შედგენილი შემოსავლისა და გასავლის აღმნიშვნელი ჩანაწერიც აღმოჩნდა. დალაქავებულ ფურცელზე, სხვადასხვა ანტიკვარულ ნივთების ჩამონათვალებს შორის ქანდაკიცაა მოხსენიებული, თავდაპირველად იმ ცნობილის კალიგრაფიას მიამსგავეს, მაგრამ სულ მალე ყოველგავრი ეჭვი მოკრძალებით უარჰყვეს. შესაძლოა ეჭვმიტანილმა ქანდაკი მძარცველებისგან შეიძინა… ლოგინადჩავრდნილს კი ხილვა ჰქონდა… საარაკო ამბავია. ასე თუ ისე, ორმოციოდე წლის, ქალთა გულების მპყრობელი მამაკაცი სატრფოს დაიბრუნებს…-ლომკაცი ცდილობდა, მეგობრებს ხალისიანი ჩვენებოდა.

ყველანი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, მაგრამ ჯუანშერს საშინლად მოეწადინა ”კუნძულზე” დაბრუნება. თითქოსდა მეუდაბნოე უხმობდა, თითქოსდა თავიდან უპირებდა დამოძღვრას.

-მე წავალ…-ბალღივით ითხოვა მან.

-რას ამბობ, ჩემთან ავიდეთ, ვივახშმოთ…-შეესიტყვა სარაჯიშვილი.

-არ დაიღალე, ხეტიალის, უძილობისა და ამდენი დავიდარაბის შემდეგ,-უთხრა ლექსომ.

-დასაბამიდან შესაძლებლობის ძალზე მცირედ ნაწილს ვიყენებთ, ნეტა ვისთვის ან რისთვის უნადა გადავინახოთ ამდენი ენერგია…-ღიმილით გაექილიკა და შეჩერებულ ტაქსს მიაშურა.

-მოგაწვდენთ ხმას…-შეჰპირდა თანაგრძნობით მეგობრებს, ჩაჯდა ”ვოლგაში” და მძღოლს ”კუნძულთან’ მდებარე ქალაქის განაპირა დასახლება დაუსახელა.

აღარაფერზე აღარ ფიქრობდა, თვით სიკვდილზეც კი, ქალაქი რაღაცით ჯადოსნური ნათებით აბრჭყვიალებულ ურჩხულს ჰგავდა და ისიც ცნობისმოყვარეობით უთვალთვალებდა სიბნელეში განრთხმულ საოცრებას. მერე სივრცე სივრცეს მოერღვა და უსასრულეთში ჩაინთქა. ჩასწყდა ძარღვი და იჩქეფა სამყაროსეულმა სისხლმა, ჩაშავდა ყოველი, მიწას ჩამოსდინდა ღვართქაფი სიკვდილისა…

-ახალა საით?-იკითხა მძღოლმა.

-პირდაპირ, მარჯვნივ და ისევ პირადაპირ…-გაეპასუხა თვალებმილული.

-ეგ როგორ?!-იწყინა მან.

-მიდი, მიდი!-ჯუანშერმა თვალები გაახილა.

-ქალაქი აქ თავდება…

-მიდი, იქ ზემოთ, ქვესადგურთან ამიყვანე…

-ეგეთი არ ვიცი…-კვალავ ჭირვეულობდა ის.

-მიდი, მიგასწავლი!

მძღოლმა რაღაც ჩაილუღლურა. იგი დუმდა. სასოწარკვეთით ავსილი სული დუმილით საზრდოობდა.

-ბატონო?-შესძახა უცებ საჭესთან მჯდომმა, მოიხედა. სახეჩატეტკილი საცოდავად იცქირებოდა. ჯუანშერი რაღაცას მიხვდა, შეეცოდა შიშისგან დაზაფრული, ალაპარაკდა, ცდილობდა, მეტისმეტად გულუბრყვილო სჩვენებოდა.

-ბატონო…-წამდაუწუმ იმეორებდა იგი.

შეაჩერეო, წამოსცდა ლამის. გზის ფეხით გაგრძელება იფიქრა, მაგრამ მიხვდა, ერთიანად დაფრთხებოდა კაცი. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს ქვესადგურს. ფული გაუწოდა და ნაჩქარევად გადავიდა შეჩერებულ ”ვოლგიდან”. მძღოლი ერთხანს მონდომებით იხდიდა მადლობას, მერე გამოერკვა, საჭე დაახვია და მანქანა გააქროლა.

ჯუანშერს ელენე შემოეგება, შემოაფრქვია გაზაფხულის სურნელი და შესჩურჩულა:

-გელოდი…

-რა იცოდი, რომ დავბრუნდებოდი?!-გულუბრყვილოდ იკითხა მან.

-ვიცოდი…-ქალი მიეკრო, ჩაეკონა და იმ სურნელით გააბრუა. სისხლაფორიაქებული ვაჟი მის ნებას დაჰყვა, გახელდა მერე, დაეწაფა ქალის სხეულს, ვითარც სიმხურვალისგან აბორგებული დაჭრილი წყალს, აივსო მწველი სიტკბოთი და თითქოს ხასხასა მოლით შემოსილ ველზე გადაიღვარა… თვით დედამიწა აღვივებდა ვნების ნაკვერჩხალს.

ჩამოშხაპუნდა გაზაფხულის წვიმა, მადლიერებით ეამბორა ქალი, ცას უღიმოდა. შეძრწუნდა უნებლიეთ, თითქოსდა ახლაღა გაახსენდა, ირაც ქალი რომ იყო, ელენეს მსგავსი და თვისტომი… ”წარმავალზეა ფესვგადგმული თვით სიყვარულიც, საკუთარ თავის გადასარჩენად გამოგონილი და მეშინია, დავკარგავ იმას, რაც საწყისშივე არ იყო ჩემი”.

იგი გარბოდა, მიარღვევდა ილუზიის ბადეს, იქ მღვიმეში, იქნებ მეუდაბნოეს გადჰყროდა და მისგან ამოეზიდა წარსულში, აწმყოსა და მომავალში ღუზასავით ჩაშვებული იდუმალება. გუმანით მიიკვლევდა გზას, ჩვეული დაჟინებით მიიწევდა, მიეგდებოდა მიწაზე, წამოდგებოდა უმალ. ტკივილით იპყრობდა მიწის ყოველ მტკაველს და მაინც მხნედ მიაღწია გველის ტბას. მოიძია კაეშანის ფერფლი, მობღოტა მიწასთან ერთად; სულთქმიდან გამოიხმო მისი სურნელი. მიადგა სანაპიროს, გაშიშვლდა წელზემოთ, მოიცილა მხარმკლავიდან სახვევი, გაშალა ხელი, ძალა მოსინჯა. შეაბიჯა წყალში, ჩაუღრმავდა ტბას. მიაწყდა კლდოვან ფსკერს, აწრიალდა, მკლავთან ტკივილი ჩამოეღვარა, ძლივსღა მიაგნო ჭრილს, ძლივსღა ამოცურდა ციცქნა უბეში… მღვრიე სითეთრე მხსნელად იგულა, აუყვა წყალქვეშა საფეხურებს.

მიაბიჯებდა უხილავს მინდობილი, აედევნებოდა გულისხმას. ოვალისებური დარბაზიდან მღვრიე სითეთრის ნაკადი შემოეფეთა, გამოაცალა მიწა; შეტორტმანდა, მიეყრდნო კედელს, ნოტიო სითბო მიელამუნა. და უცებ ყურთასმენას თითქოსდა კომეტასავით ჩაუქროლა უცხო ბგერამ. გაფაციცდა, დაიძრა ფრთხილად. მეექვსე სენაკში შეიტყუა იჭვმა. გამოაძვრინა გვერდებამობრეცილი ქვა. შემაკრთობელი მდუმარება სუფევდა ღრმულში. ის უცხო ბგერა კი, სადღაც ქვემოდან, ისევ გამოსხლტდა. უკანვე შედო ქვა და უნებლიეთ ხელები ჩახლართულ ღარებზე ჩამოუსრიალდა, ის ბგერა ახლა, თითქოს ერთ-ერთ თითს მიენარცხა. ჩაიმუხლა, გულისყურით მოსინჯა კედელი და მალე ღარებში შემალული ოვალისებური სარქველი გაიღო. ცოცხალ არსებასავით შემოაწყდა ყმუილისებური ღაღადისი სასოწარკვეთითა და მუდარით სავსე. შეუქანდა გული, აიძაგრა, უსმინა ერთხანს..

-ჰეჰეე!.-შეჰყვირა მერე,-ჰეჰეეი!-უცხო ხმამ შთანთქა შეძახილი. მოდუნდა წამით… ”მინდორში ძოვდა დარახტული თეთრი მარანი, იდგა მლოცველი ეკლესიის მიკეტილ კართან…” დახარა თავი, განაჩენივით ისმენდა ღაღადისს…


-:-

-ირას დღეები გრძელდება!..-კვლავ იქადდა იარა, კვლავაც მართავდა ”მეჯლისებს”. აჟღერებდა ფორტეპიანოს; ჟინმორეული მღეროდა. მყივანა ხმას აღტაცებაში მოჰყავდა სტუმრები და ირასათან ერთად ანდამატივით იზიდავდა სნობებსა და ჭორიკანებს.

ვინღა არ ტრიალებდა ფირანიშვილის კარზე. თვით გახუ მონასელიძე, ყვავილებით და საჩუქრებით ხელდამშვენებული დღენიადაგ აკითხავდა. მის დანახვისას ქალს ფეხის თითების აუტანელი ქავილი ეწყებოდა, სულაწრიალებული მსუნაგურად შემოჩერებულს ლამის ქეჩოში ჩაფრენოდა. მდიდრული საჩუქრებით მოხიბლული, ერთხანს მაინც ახერხებდა მონასელიძის მიღებას. მერე გაუსაძლისი გახდა ქავილის ატანა და ლუიზას ”შავ სიაში” შეატანინა. სხვა თაყვანისმცემლები კი, ჩვეულებისამებრ, კომფორტს ულამაზებდნენ. ყველასგან, რომელიღაც საესტრადო ანსამბლის მესვეური, ვინმე ტრახიშვილი გამოირჩეოდა; მკერდწამოზიდული, კისერდაჭიმული, ყოყლოჩინა კაცი. მისი თავქარიანი საუბრისთვის რომ გესმინათ, გეგონებოდათ, სადმე ”პაპუასებში” მოღვაწეობდა და იმავე ”პაპუასებს” სიმღერით დატკბობას ჰპირდებოდა. ყოველ ნდომასა და ახირებას, აშკარა განდიდების მანიით, რომ გახლდათ მოსვირინგებული, ეროვნულ გრძნობასთან აიგიავებდა. თან დაჰყვებოდა კეკლუცი მეუღლე, გაურკვეველი წარმომავლობის, ცბიერი, შემპარავი გამოხედვის, მოვლილი, ჯიშიან მწევარივით ლამაზი, მომღერალი ქალი, ვინც ირას გამოჩენისთანავე იყნოსა ის რაღაც განსაკუთრებული, რაც მას და ტრახიშვილს სარეკლამო ფეიერვერკისთვის სჭირდებოდათ. და ახლა ალღოიანად ხლართავდა ინტრიგის ქსელებს, რათა გზააბნეული თავად მიჰკედლებოდა.

ღმერთმა უწყის, სად არ დაეხეტებოდნენ, სად იღამებდნენ და ითენებდნენ.

ჯუანშერმა ”ოაზისს” შემომწყრალი ვერასგზით მოიხელთა. ბოლოს ძლივსღა მოახერხა ლუიზას ყურადღება მოედუნებინა და ”მეჯლისზე” შეაღწია.

ირამ დამცინავად შეათვალიერა, ოთახის კუთხეში მდგომ სავარძელზე მიუთითა და იქედნურად გააფრთხილა;

-ოღონდ თქვენებური განმანათლებლური არ დამიწყო…

ჯუანშერს ხმა არ გაუღია. სტუმრებს, იჭვითა და გამომწვევი ცნობისმოყვარეობით რომ ჭვრეტდნენ, თავი დაუკრა და მიკუთვნებულ სავარძელში ჩაჯდა.

ტრახიშვილის კეკლუცი მეუღლე გესლიანი თვალებით ჩაუსაფრადა… საერთო ყურადღებით მოსილ, სავსე გაპუტკუნებულ ჯიქანთან სადარი იერის კაცს, რაღაც ამცნო.

-შეეშვას ცაში ფრენას…-აგდებულად ჩაილაპარაკა ჩაპუტკუნებულმა კაცმა და ჯუანშერს იქედნურად გამოხედა.

ჯაბადარმა კი, უცაბედად, ნაგავსაყარის მძახე სუნი შეიგრძნო.

შეცბუნებულმა მიმოიხედა.

ტრახიშვილს სიმსუქნეჩაბუდებული თავ-კისერგაერთიანებული, ჟანგისფერი კაცი ეჩლიფინებოდა. ყელსახვევით ”ყელმოგუდულს” ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და ქონმოდებულ პირისახე ყვავილებით მოხატული ცხვირსახოცით მალიმალ იმშრალებდა.

ნაგავსაყარის მეუფე გახლდათ. მენაგვე გეოს აღმზევებელი. მეუდაბნოეს რომ თავის ”სამფლობელოში” გავლას უკრძალავდა.

ჯუანშერთან სხეულგამოკვანწულმა, მხრებზე თმაგადაფენილმა და მაცდუნებლად სახემომცინარმა ქალიშვილმა მისრიალა სავარძელი.

-თეთე, ირას ნახევარდა…-გაეცნო და ჩაეკითხა,-მართლა ასე გიყვართ?

თავი დაუქნია, ამრეზით შემოჩერებულ, სავსე, გაპუტკუნებულ ჯიქანთან სადარი იერის კაცს თვალი გაუსწორა და თეთეს გადასჩურჩულა:

-ეგ ვინღაა?

-როგორ?! აა, თქვენ იმ ქვეყნიდან ბრძანდებით… ეგ ხომ კლდისპირელია… გეტყობათ, მართლაცდა ცაში დაფრინავთ…-დამცინავად დაუყვავა თეთემ.

-ის ურჩევნია, ცხოვრებისელ პროზას მიხედოს…-გამაფრთხილებლად ჩაიქირქილა კლდისპირელმა და ტრახიშვილის კეკლუც მეუღლეს მაამებლურად გაუღიმა.

”ჩვანიძე…”, ჯუანშერის სულში შურისძიების გრძნობამ დაკვესა და უმალვე მის არსებაში ჩაბუდებულმა სიმშვიდემ გაიტყუა, გახელება მოთოკა…

”ქვეყანა ლექსით ვერ აშენდება, არც ყიჟინაა ლაშქრის მეაბჯრე! მაგრამ ულექსოდ გადაშენდება სიტყვის სურნელი კაცი მოაზრე… არა აქვს გემო წყალს სუფთა სახით, ვერც მე ვილხინე, ვერც სტუმარს ვასვი… მიწის სურნელით შემატებული მოგიკლავს წყურვილს აგავსებს მადლით… ასე სული ლექსით ნაგეში, დახშობილ ჭკვა-გონს აახასხასებს, ტანჯვა-ვაებას მორთავს ნუგეშით და თავგანწირვით შეჰკრავს ათასებს…” _ ჯუანშერი წამით თითქოსდა გონში აშრიალებულ სტრიქონებს შეეხიზნა.

ირა ფორტეპიანოს აჟღერებდა, მერე ამღერდა და მისი ხმა ჯუანშერს წალეკვით დაემუქრა. ”გედეონ კლდისპირელს! ჭეშმარიტ მამულიშვილს, მეგობარს… სიყვარულით, პატივისცემით… გაახსენდა ნაგავსაყარზე ნაპოვნი წიგნის თავფურცელზე მინაწერი.

სავარძელში გამოჭიმულ, მენაგვე გეოს აღმზევებელს ჩათქვირებულ გოგოს ბარძაყზე ჩამოესვენებინა თითები, ჭერს წამებულის სიფათით მიშტერებოდა.

ჩაესმა თუ არა ტაშისცემის ხმა, წამოიჭრა, ჯიბიდან ოქროს სამაჯური ამოაძვრინა, ირას მაჯაზე შეაბნია, ხელები დაულოშნა.

მან კი თავზე ნეკა თითი წამოუცაცუნა, მერე სამაჯურიანი ხელი ზეაღმართა.

ქალებმა ვნებიანად ჩაიკრუტუნეს, კლდისპირელმა ტანი აიბერტყა ირას ხელს საამბორებლად მისწვდა.

-მეგობრებო! ხვალ, ღამის თერთმეტ საათზე, ტელეეკრანებთან გიწვევთ, შესდგება ჩვენი ანსამბლის სატელევიზიო პრემიერა და თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დატკბეთ მისი სუპერვარსკვლავების ხილვით და მოსმენით,-განაცხადა ტრახიშვილმა, ირა და თავისი კეკლუცი მეუღლე ლამის ერთდროულად ჩაკოცნა.

-მომილოცნია!-მამამარჩენლის გამომეტყველებით მიმართა კლდისპირელმა და მიმლოცველთა ჩაცხრომის შემდეგ განაგრძნო,-ჩვენ, ჩვენ აღარ ვიცით, ვინ რისი ღირსია… ვის აქვს უფლება, თვითნებურად, ჩვენდა დაუკითხავად ითამაშოს ოაზისობანა თუ რაღაც ქველმოქმედობანა…

გაოგნებული ჯუანშერი გადაფითრდა, ეგონა ძარღვებში სისხლი ჩაეყინა. წამით ირას შესაბრალისად შეაჩერდა.

ქალს ”ოაზისელთა” ფიცისთვის ეღალატნა…

აღარ უსმენდა კლდისპირელის ქაქანს. წამოიმართა, მზაკვრულ ცნობისმოყვერეობით მომზირალ თვალთა ალყა გაარღვია, ყელმოღერებულ ირასთან მიაღწია და სილა გააწნა.

ქალმა დაიკვნესა, მეტისმეტი გაოცებისგან დაშინებულს ემსგავსა.

ტრახიშვილის კეკლუცმა მეუღლემ დაიწივლა. ტრახიშვილი კლდისპირელს აეფარა და წაეჭიმა. ჯუანშერმა მასაც გააწნა სილა, შეაბარბაცა, მერე კარისკენ გაუტია.

-ბრავო მაესტრო!-თეთემ ტაში შემოჰკრა.

მიაბიჯებდა გახელებული.

-გამეცალეთ, ყველანი გამეცალეთ!-მიაცილებდა რისხვითა და მუდარით სავსე ირას ხმა.

აღარ იცოდა, რა ექნა, რა საოცრებით აღგვილიყო წამიერად მიწისგან. ”და თუ ტკივილმა განურჩევლობით მოიშთო თავი, ტკივილი როცა გაუცხოვდება და ტკივილს როცა ვერ იცნობ შენსას, შენ არ მომკვდარხარ და ცოცხლობ მაინც… ერთსა გთხოვ მიხვდი! ბედნიერება გექცა მრუშობად და შენ იხრწნები, შენივე სულის სასაფლაოზე…” ანგარიშმიუცემლად მიილტვოდა და მაინც იქ აღმოჩნდა, საითკენაც ალბათ გული მიუწევდა. კრთომის მომგვრელი სილამაზის ყმაწვილი ქალისა და ორმოციოდე წლის მამკაცის ქანდაკებებთან იდგა. წყლისფერი ქვების ელვარებამ წამით შვება მოჰგვარა. საოცრად მოუნდა ობოლ ცრემლივით ჩამოკონწიალებული ქვამარცვალი ჩამოეწყვიტა, საკუთარი მკერდი გაეფატრა და შიგ ჩაეთესა. სძლია ცდუნებას, მნახველთა წრე გაარღვია. ღალატის გახსენებამ ისევ დაუსუსხა სული. ყმუილისებური ღაღადისის მოსმენა მოუნდა.

ხმა თითქოსდა გაფრთხილებდათ, თითქოსდა გიხმობდათ, გემუდარებოდათ კიდეც, რაღაცის შეხსენებას ლამობდა. მიიჩნევდით მგლის ყმუილად და უმალ დაეჭვდებოდით, მიიჩნევდით სასოწარკვეთილი ადამიანის ახმიანებად და ისევ ეჭვს მინებდებოდით.

საათობით უსმენდნენ ამ ხმას ”ოაზისელები”, საათობით ისხდნენ სენაკებსა თუ ოვალისებურ დარბაზში და ღაღადისის ამოცნობას ლამობდნენ. დაზვერეს მღვიმე, მღვიმის მიწისზედა შემოგარენი, მაგრამ ვერასგზით განსაზღვრეს მისი სადაურობა, ვერც სხვა რამე იპოვეს შესამჩნევი და ყურადსაღები, სენაკთა კედლებზე რწმენით აღვსილ სულთა წვა-დაფერფვლის უხილავი ნაკვალევი მიმოფანტულიყო, ოღონდ აღარავის ძალუძდა მისი შეცნობა. ჯუანშერმა სიმბოლოებად მიჩნეულ ხვეულებზე მიანიშნა მეგობრებს.

-შესაძლოა ჩვენთვის უცნობი განზომილებებითა სარგებლობდნენ, ალღოს მივენდოთ… მივყვეთ და გადავჩხრიკოთ ყოველი…-წამაქზებლად წარმოთქვა ლექსომ.

-ეძიებდე და ჰპოპვებდე…-ჩაიდუდუნა ლომკაცმა,-ერთხელ კიდევ დავზვეროთ შემოგარენი…-ქალაქს სევდიანად გახედა, რაღაც სხვა მიანიშნა მეგობრებს.

გადახვეწის წადილით აღვსილი ჯუანშერი შურისმაძიებელივით იქადდა:

-გავაღწევთ, გავღწევთ… აქაურობას უნდა გავეცალოთ, შთაგონებით მივყვეთ ღრმულს…-თითქოსდა მოტყუებით გაქურდულ ბალღს მიაგავდა.

-ეძიებდე და ჰპოვებდე…-ლომკაცი საგანგებო სიმშვიდეს იმშვენებდა,-მოვალენი ვართ ჩავწვდეთ ღაღადისის გენეალოგიას… მეხთატეხისას, შესაძლოა მღვიმეს შორეული ცივილიზაციის ოაზისმა შეაფარა თავი. ქრისტიანულ გარესამყაროს თავიანთი იდეების ამბიონად იყენებდნენ. ღაღადისის ღრმულით კი თავად საზრდოობდნენ… თუმც შესაძლოა ვინმე დაეჭვდეს, რომ ახლა იქ ნანგრევებია და ქარი ქშუის, ან მიხრწნილი მგელი ყმუის ან დილეგში ჩაკეტილი ჭეშმარიტების მაძიებელი რაინდი კვნესის, ან გზაჯვარედინთან ჩამუხლული სალოსი ბერი ლოცულობს, ან დავრიში ვარსკლავებს უმღერს, ან განდეგილი ვედრებას აღავლენს, ან ბუდისტი ღვთისმსახური მზის ამოსვლისას ლოცულობს… და ასე ათასი სიმბოლოს კვალად ჩვენ უნდა მოვიკლიოთ ამ ხმის წარმომავლობა, ჩავწვდეთ ღაღადისის გენეალოგიას, რადგან იგი ჩვენსკენაა მომართული…-და როცა შეამჩნია ჯუანშერი მაშინვე აპირებდა გზას გადგომოდა თავისებური დამაჯერებლობით სთხოვა,-ოღონდ, ჯუანშერ შენ აქედან უნდა გვიერთგულო, აქედან შენი ”მეხსიერების კუნძულიდან” უნდა გვიდარაჯო; მზის ჩასვლისას ჩაეშვები მღვიმეში, ღაღადისის ღრმულს მიუყურადებ და თუ იქიდან ოაზისის გულში ნამღერი საგალობელი გამოაღწევს, მხოლოდ შენ შეძლებ მის გაშიფვრას… მომავლის გენთთან დაკავშირებული საიდუმლოს შეცნობას…

ჯუანშერი შეკრთა, მსვლელობის ამგვარად განვითარებას არ ელოდა, მაგრამ ლომკაცის გამოხედვა იმდენად მიმნდობი იყო, ხმა ვერ გაიღო… მეგობრები ღაღადისის ღრმულამდე მიაცილა…

ჯუანშერი ტკივილის ბილიკს მიუყვებოდა… ლოდინით უნდა აღვსილიყო, თავად ქცეულიყო ”ლოდინის ბორცვად”.

”იქნებ ის გვიხმოს, სხვა სიცოცხლეში გამომწყვდეული მომავლის გენი…” ფიქრში გაუკვალავი ბილიკებით მიმავალ თანამოაზრეთ მიაცილებდა.

ჯიუტად მიიკვლევდა გზას საკუთარ არსში განრთხმულ უკიდეგანო სივრცეში…

უდაბნოსეული ხვატი, გნიასი, უსასოო სიჩუმე და აქა-იქ გამომკთალი სულნაფენი სიტკბო მხოლოდ უთვალავჯერ აღქმულის გახსენებას ჰგავდა…

იმ სივრციდან ჭვრეტდა შორეულ მთებსა და ხევებში ჩაკარგულ ”ოაზისელთა” ნაკვალევს, მზის ჩასვლისას ნამალევად შეცურდებოდა გველის ტბის სიღრმისკენ…

დაწრწოდა ცოდვილივით, გაურბოდა ყველას, თვით ”კუნძულელ საძმოსაც” კი, ირას მივიწყებას ლამობდა. ანგარიშმიუცემლად ესიყვარულებოდა გზასავალზე ჩასაფრებულ ელენეს.

-ელენე,-თავისთავს უხმობდა ქალი,-ელენე…-სასოებით ეფერებოდა წლების მანძილზე მივიწყებულ სახელს.

-ელენე!..-მოკრძალებით ეძახდნენ სხვები, რიდით უთვალთვალებდნენ ამ ქალაქში აღზევებულ მშვენიერებას და სათნოებას. მხოლოდ გახუ გაურბოდა მასთან შეხვედრას, უფრთხოდა შეჭირვებულთა ჭეშმარიტ ქომაგს, აღარაფრით რომ არ ჰგავდა მივიწყებულ ”ჰოარას” და ახლა, ლეთარგელის თანაშემწედ შერაცხული სითბოდ და სიკეთედ იღვრებოდა.

”გაგა… გაგა…” სათნო ხმით ებასეებოდა ”მშიშოს”; უსიტყვოდ შთააგონებდა, რომ ჭეშმარიტი სახელი და მასთან დაკავშირებული ბავშვობის ნათელი ფერები სულის კუნჭულში მიმწყვდეული სამალავიდან გამოეხმო.


-:-

პაციენტი 3017 გახუ მონასელიძის მეთვალყურეობას გაურბოდა. ”მშიშოდ” ხმობისას შეპასუხებას აგვიანებდა.

მერე მშობლიურ უბანში გავლა და მივიწყებულ ძმაბიჭებთან მასლაათი მოენატრა.

ზირკო თათავასთან გაუწია გულმა.

ვენებდაჩხვლეტილი თათავა დივანზე იწვა და ჭერს გამოლენჩებული შესჩერებოდა. სახედაღარული და თმაგაცვენილი მუმიას ჰგავდა.

ოთახში შესულს ზანტად შეავლო თვალი:

-ვა, მშიშო… აი, ზუსტად, შენ გიგონებდი…-დუნედ, მაგრამ გამომწვევად ჩაილაპარაკა, წამოდგომა არც უცდია.

-გაგას მეძახიან…-კეთილად შეუსწორა ბაგაურმა.

-ვა, ეს რაღაც ახალია…-ახითხითდა იგი, ოდნავ წამოიწია, დაკვირვებით შეაცქერდა, თითქოსდა ეცნაურა,-მშიშო, მშიშო… კარგად ჟღერს, არა? ამიტომაც მიივიწყე შენი სახელი,-რაღაცით კმაყოფილს ჰგავდა.

-გაგას მეძახიან…-კვლავ კეთილად შეახსენა და სავარძელში ჩაჯდა.

-მერედა, შენ ხარ გაგა?!-უნებლიეთ შეშინებულს დაემსგავსა და უცებ აღტყინებით თქვა,-კიდევ კარგი, რომ გაგახსენდა, მე ხომ სკოლაში ყველაზე შეუმჩნეველი არსება ვიყავი, ჩუმი, სუსტი… ეს მერე ვიწყე დაგროვილი ბოღმის გადმონთხევა, ახლა კი, ვაგდივარ ლეშივით და აღსასრულს ველოდები… რაც მე ციხის კედლები ვხეხე… ალბათ შენმა ცოდვამ მიწია… მშიშო, მშიშო!.. კი, ლამაზად ჟღერდა, მით უფრო მაშინ, როცა იცოდი კვირის ბოლოს ათმანეთიანს ჩაიჯიბავდი…-კვლავ უღონოდ ჩაიხითხითა და და აღსარების იშტაზე მოვიდა,-ჰმ, მაინც რამხელა გაიძვერა ყოფილა იასონა ნოქარი, ასე ვიტყოდი დიდი ექსპერიმენტატორიც; რა მოხერხებულად შეგარქვა სახელი-ჯალათი, მეც მოხერხებულად გამიხადა თანამზრახველად; ის ფურცელი მშიშარა-მშიშოთი მე მოგაწებე ზურგზე. პატარა ბიჭებსაც მე ვასწავლიდი შენთვის მშიშო-მშიშარა დაეძახნათ, ჰო, იასონას მითითებით შეგიჩინე სულის მღრნელი…-რატომღაც სახე გაებადრა, ყოფილი თანაკლასელი ნიშნისმოგებით შეათვალიერა.

-შეენ?!-გაოგნებულს თავადაც გაეღიმა.

-ჰო, იასონმა და მე… იასონას ჩანაფიქრს მე შევასხი ფრთები, რისთვისაც იგი ათმანეთიანებით მასაჩუქრებდა, სულ ათჯერ დამასაჩუქრა ტკიცინა ათმანეთიანებით, ასი მანეთი კი მაშინ, წამოყვინჩილებული ბიჭისთვის დიდძალი თანხა იყო, ერთ-ერთი ათმანეთიანით შენც გაგიმასპინძლი…

”დახლზე ასი მანეთი იდო..’’, გაახსენდა უნებლიეთ.

-გასაკვირია რატომ გაისარჯა ასე… მახსოვს, ბოლო ათმანეთიანი, რომ მომცა მისეული ავანტიურის შედეგით კმაყოფილმა ჩაიქირქილა,-ეგდოს ახლა და ივაჟკაცოს, სამართალმა პური ჭამოს… ეგ სახელი მოჩვენებასავით გააწამებს, მარადიულ ჯალათივით აედევნება, არც მოკლავს და არც დაარჩენს, სიცოცხლეს მოუწამლავს, დააჩაჩანაკებს, ღდინს გააცლისო… მაინც რა ასიამოვნე ასეთი? ბოლოს, ათმანეთიანები, რომ გამომელია, თითქოს გონს მოვეგე და ვუთხარი, გაგა გაბედული ბიჭია და მშიშარა რაზედ შეარქვი მეთქი… იმიტომ, რომ გამბედავების ხუშტურით, ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევაო, ჩაიხითხითა, მერე კი, გამაფრთხილა, მე კი არა, შენ შეარქვი, არ გაგიგონ, თორემ ციხეში გიკრავენ თავსო და დაიქადნა, იასონი არავის აპატიებს გაპამპულებასო, აბა რა, ესღა მაკლია ჩემი დახლიდან სამართალმა პური ჭამოსო… მაინც რა ასიამოვნე ეგეთი?! ჰო, ჰო, მართლაც დიდი ფსიქოლოგი და სადისტი ყოფილა იასონა ნოქარი… ამ სახლმა-ჯალათმა, ეტყობა, მართლაც ღდინი გაგაცალა,-ყოფილ თანაკლასელს გამომწვევად შეაჩერდა,-მერე მეც გულღრძო და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მოყვარულ ტიპად ჩავმოყალიბდი… ბოლოს კი, რაღაც ინტელექტუალად გავბაზრდი… მივხვდი თუ არა, რა გილოტინა გაგიმზადა იასონმა, მოსვენება დავკარგე…-მან უცებ მოწყვეტით მილულა თვალები და გაირინდა.

გაგა კი სანაპიროზე გამორიყული უცხომიწელივით გონს მოსვლას და ორიენტირებას ცდილობდა.

-სამართალმა პური ჭამოს…-შვებით ჩაილაპარაკა მოძალებული განცდების მეშვეობით საკუთარ თავში ჩაყურსულმა გაგამ, თითქოს, როგორც იქნა, შემორჩენილი მეხსიერების ცხრაკლიტულში შეაღწია.

არაქათწართმეული ზირკო ჩვეულებისამებრ ახითხითდა.

-ციხეში გაგიხსენებდი და გული მერეოდა… არადა, ასეთ საქმეს ოხერი გამომძიებელიც ვერ აგკიდებს. ჩვენი კანონით ასეთი რამისათვის არ სჯიან, რადგან კგბ-ს თუ უნდა ისეთ ლეგენდას გაგიჩალიჩებს, რომ… ჰო, ჰო, ბირჟაზე ნამალევად გითვალთვალებდი, თითქოს იასონას ექსპერიმენტს მე ვაგრძელებდი. ჰმ, მახსოვს ხანდახან იასონას ვილას დაყენებული ბრექით თავმომწონედ ჩაუვლიდი… თითქოს მის ბიჭებს უმტკიცებდი, რომ მშიშარა სულაც არ იყავი… მე კი, ვიცოდი შენს თავს არ ეკუთვნოდი, ნამალევად დამთხვეულივით იქცეოდი… თუ გინდა სახელი აღიდგინო, ეს ქალაქი უნდა მიატოვო, მაგრამ იქნებ უკვე მოგწონს კიდეც ეს მშიშოობა, სატყუარასავით იყენებ… ისე, სანამ გინდა შერქმეული ჯალათივით დაგყვებოდეს… აუ, რა ინტელექტუალურად გავბაზრდი…

-უკვე, აღარ დამყვება, ჩემს ნამდვილ სახელს მივეჩვიე…

-და მშიშოზე აღარ ეპასუხები ბიჭებს?..

-ესეც საინტერესო ექსპერიმენტია, კარგი აწ მეც გაგას დაგიძახებ, ოღონდ დიდი ხნით ვერ დაგიდგები ძმაო, ალბათ მალე სამუდამოდ მივიძინებ… თუმც, არ მინდა შურისძიების საშუალება მოგისპო… იასონა კარგა ხანია იმ ქვეყანას მიბარდა, მე შეგრჩი, მიდი…-სულში ჩახვეული ექსტაზით წარმოთქვა მან.

გაგას გაეცინა, წამით ეგონა ჩვეულ სიზმართან ქონდა საქმე.

-იასონა ნოქარი და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, დაუჯერებელ ამბავს ჰგავს… ჰმ, ჭაბუკობაში ალბათ სამედიცინო კაერიერაზე ოცნებობდა…-ჩაილაპარაკა უნებლიე სიფრთხილით.

-იასონას გამოღრღნის საოცარი უნარი გააჩნდა. შესაფერისად აუღო ალღო და მუქთა ფულიც ბლომად იშოვა. ის გაქუცული მაღაზია უნივერმაღად აქცია, უნივერმაღი კი…-ზირკოს რაღაც ისეთი გაახსენდა და ხველანარევი ხითხითი აუტყდა,-მერე სიდედრის სახელზე ერთი სამი რესტორანი გახსნა, ამდენივე სათამაშო სახლიც… არა ეს ყველაფერი ვითომდაც სახელმწიფოსი იყო, სათამაშო სახლებს კი ოფიციალურად გართობის ცენტრი ერქვა, გავლენიანი ხალხი დაიმოყვრა და შვილებიც მეფურ საძოვრებზე მიუშვა. ოთხივეს მოდური ფაკულტეტბი დაამთავრებინა, ოთხივეს სამოთხის კართან დაჯავშნული თანამდებობები უშოვა და ლომების საქაფავში დაადებინა წილი… თავისი, ცხვირმოუხეცელი გრილო აკაცა, დიდი ბატონის ქალიშვილი შერთო და კლანის მამად აქცია. იმ კლანმა ბევრი პატიოსანი გენი დააკასტრირა, მშიშოების არმია მოამრავლა და ნაღდი კაცებიც დააბეჩავა…-მონოლოგივით ჩაათავა ზირკომ და თითქოს სიტყვა მოუჭრა,-ვიცი, მეც მაგათ ღირსებას ვიცავდი…

-ცუდად დაგიცავს, არის ხალხი, ვისაც ვაჟკაცური სული შერჩა…-ნიშნისმოგებით მიუგო გაგამ.

-აუ, რა ინტელექტუალურად გავბაზრდი… იმედია, რაიმე ორიგინალურს მიბოძებ, ანუ ენაზე მშიშოს ამომკვეთ და მერე გამასაღებ…

-ეეჰ, შენ უკვე შურისსაძიებლადაც აღარ ვარგიხარ…-ალალად შეიბრალა იგი.

-გაგა, ეს, შენ ხარ გაგ?!-წამოდგომა სცადა თათავამ, მაგრამ ძალა არ ეყო და ისევ დივანზე მიესვენა, თვალებში შიში ჩასდგომოდა.

"გააგ..." ბაგაურს სევდიანად ეღიმებოდა. არავითარ დაძაბულობას არ გრძნობდა, მით უფრო შიშს, ახლა ამ ქვეყნიერების შეუცნობელ იდუმალებაზე ფიქრობდა და თითქოსდა შავ ფარდასავით ჩამოფარებულ წყვდიადში შეჭვრეტა სურდა.

”გააგ, გააგა…”, გულისძგერა სითბოდ იღვრებოდა და უკვირდა, გულუბრყვილოდ უკვირდა, ეს ცხოვრება რომ შემთხვევითობას და ერთეულთა ახირებას იყო მინდობილი.


-:-

მონასელიძე დარეტიანებულივით დაბორიალობდა. ნერწყვით ევსებოდა პირი, სუნთქვა უჭირდა. ვეღარც შორიდან ახერხებდა ირას დანახვას.

თავისივე ნებით სახლში გამომწყვდეული, ლუიზას გარდა აღარავის იკარებდა. სილაგანაწნავი ლოყა ეწვოდა. თავგანწირვით ცდილობდა მეხსიერების სიღრმიდან მივიწყებულის ამოზიდვას…

გახუ კი ვეღარ აუდიოდა მოძალებული ნერწყვის ყლაპვას და ერთ დღეს, ყველასდა მოულოდნელად, ირასეულ პალატაში შლეგივით შევარდნილს ხავილით აღმოხდა სული.

ელენეღა ჩახვდა მისი სიკვდილის მიზეზს, მაგრამ მეხსიერების ლაბირინთში ჩაქოლა ყოველი… იმ ქალის ”თავისუფლება” აშინებდა, ვინაც ჯუანშერს ეცილებოდა. მფარველი ანგელოზივით უთვალთვალებდა ჯაბადარის გზასავალს და არც კი გამოჰპარვია, ერთ ღრუბლიან დღეს ”კუნძულისკენ” რომ მიაქროლებდა ვერცხლისფერ ”ჟიგულს” სახეგანაწამები ირა.

ღრუბელთა ნაცრისფერი ნაფლეთები დაკემსილივით აჩნდა ცას. ჯუანშერი ყანას მარგლიდა. ფეხშიშველს, თოხს მოყოლილი ხაოიანი მიწა ესალმუნებოდა. ორღობეში ”ჟიგული” შემოიჭრა, მოაწყდა ჭიშკარს. გახევებული ჯუანშერი მონუსხულივით შესცქეროდა ფარფატით მომავალ ქალს, მზისფერ თვალებსღა ხედავდა, საოცრად შორეული, ელვარებამოდევნებული გამოხედვით მოსარკულს.

-მიყვარხარ, გესმის, მიყვარხარ…-ირა მკერდზე მიეყრდნო, ლამის ჩაიკეცა.

შეაშველა ხელი, ასე ეგონა, სამარხიდან ფეხამოდგმული სივრცეში შეცურებულ ირას მიჰყვებოდა. ქალი ხმას არ იღებდა, შემცივნებულივით ეკვროდა. შეიყვანა სახლში, საწოლზე დააწვინა. ჩამოჯდა იქვე, დააცქერდა სახეგაცრეცილსა და ჩამომდნარს… იასამნისფერ კაბაში დედოფალასავით შეცურებულს. მკერდში სითბოდ ჩაეღვარა მწველი ტკივილი. მაგრამ ღალატის გახსენებამ ისევ დაუსუსხა სული, მოაშთო სითბო. დუმდა, არც ქალი ამბობდა რასმეს, თვალებით ელოლიავებოდა.

”ნეტარ არიან მორწმუნენი…”, გაიფიქრა უნებლიეთ, მიხვდა, უნდა გასცლოდა ქალს, სული მოეთქვა, გარკვეულიყო რა ეწადა მისგან ან თავისივე თავისგან რაღას ითხოვდა. მოულოდნელად საიდანღაც ქარმა წამოუქროლა, ფანჯარას მტვერი შემოახვეტა. შეშფოთებული იერით წამოიმართა და ჩაილაპარაკა.

-შენ მოისვენე, მე მალე დავბრუნდები…

-მტოვებ?-სევდიანად ჩაეკითხა ქალი.

-ეგ რამ გაფიქრებინა, მხოლოდ გველის ტბასთან ჩავირბენ, მზის ჩასვლისას აუცილებლად იქ უნდა ვიყო, ზოგ რამეს გადავამოწმებ და…-ნაჩქარევად გაეპასუხა, სახლიდან გავიდა. უმზეო ცას ახედა, გუმანით მიხვდა ”მზის ჩასვლამდე” კარგა დრო იყო. მაინც სწრაფად გადაიბანა ფეხები, რეზინის წაღები ჩაიცვა და გველის ტბისკენ გაუტია. ”დაუგვიანდათ… ვერც სხვაგვარად მომაწვდინეს ხმა. დაუგვიანდათ…” ამ სადარდებელს ამოეფარა, მერე დაისია ათასი წვრილმანი ფიქრი. დროს იგებდა…

იჭვისგან სულაფორიაქებულ ელენეს მინდორ-მინდორ ერბინა. ცნობისმოყვარეობას ბრმად მინდობილი მალულად ადევნებოდა. ”ალბათ იმას მისდევს, იმას…” გაფაციცებით ცდილობდა იმ ქალის დანახვას.

ის ქალი კი ფანჯარასთან იდგა; დაოსებული, სასომიხდილი, ვაებით ამოღწეული ქვეცნობიერში ჩალექილი მეხსიერების დილეგიდან. ახლა ისე უყვარდა ეს კაცი, როგორც არასოდეს, ახლა ისე ეწადა მისი ალერსი, როგორც არასოდეს… ის კი გარბოდა, ვიღაც სხვა ქალი მიაცილებდა. ”მიყვარხარ, გესმიის, გესმიის, ჯუანშერ!” სურდა ეყვირა და არ ძალუძდა. ”უნდა დავაჯერო, უნდა დავაჯერო ჩემს სიყვარულში…” უმტკიცებდა საკუთარ თავს. ”უნდა დავაჯერო…” იკრებდა ძალას, მერე გაშორდა ფანჯარას, გავიდა სახლიდან.

ჯუანშერი უკვე მთაზე არბოდა. აივლიდა ასიოდე მეტრს და დაეშვებოდა გველის ტბისკენ.

”იქ, მთის გადაღმა…”, ირა გამოცოცხლდა. ”ჟიგულის” საჭეს მიუჯდა, მიენდო ხელებს, იხსენებდა ხეტიალისას მოვლილ, ველის სიღრმეში შემალულ, ლაქაშებითა და ლელიანით შემოსაზღვრულ ტბისკენ მიმავალ სავალს. ჩაუხვია ”ჟიგულმა”, გაიჭრა გზაშარაზე, გაუსწრო ”ცისფერ ექსპრესებს”, შეუყვა ნაგავსაყარის აღმართს, მერე მთაგრეხილზე გამავალ ყამირგზას დაამჩნია საბურავების კვალი, მოლია ისიც და ძეძვნარით მოსილ ფერდობზე ალალაბედზე დაეშვა. ”უნდა დავაჯერო, უნდა დავაჯერო…” ირამ შორიდანვე შეამჩნია გველის ტბაში შეცურებული ჯუანშერი.

-ჯუანშეერ!-შესწივლა და თავგანწირვით გააქროლა ავტომანქანა. ჯუანშერი აღარსად ჩანდა., ირამ ძლივსღა დაიმორჩილა საჭე, ”ჟიგული” ლაქაშებსა და ლელიანში შესრიალდა. ქალი გაოგნებული მისჩერებოდა მღვრიე სითეთრეს. მერე იმძლავრა იჭვმა,-ჯუანშერ…-ამოიკვნესა,-ჯუანშერ… მიყვარხარ, გესმიის, მიყვარხარ…-მიატოვა მანქანა, თავისდა შეუმჩნევლად შეაბიჯა წყალში. ანდამატივით იზიდავდა მღვრიე სითეთრე. იქითკენ მიცურავდა, ჯუანშერისკენ… ახლა, როგორც არასდროს, ისე ძლიერ უყვარდა ეს კაცი, ახლა, როგორც არასდროს, ისე ძლიერ ეწადა მისი ალერსი, და საცა იყო შეიწოვდა უხილავი, სულთქმაში ჯუანშერის სიყვარულად ამოტვიფრული. ბედისწერას მინდობილი ტბის სიღრმისკენ მიექანებოდა. იასამნისფერი კაბა დუმფარასავით ამოეფინა მღვრიე სითეთრეს და განქარდა.

ყრუდ შეჰკივლა მთას გადმომდგარმა ელენემ. თვალებში კოცონი უგიზგიზებდა. ეჩვენა კვლავ იწვოდა კაეშანი, ცეცხლის ალს ყვავილწნულივით ჩახვეოდა იასამნისფერი კაბა. მერე წყალში შეცურებული ჯუანშერი გაუკრთა თვალწინ. ”ამ ტბასთან ხომ ხშირად დახეტიალობს, მიიმალება ლაქაშებში, ჩაიკარგება… ალბათ რაიმეს ეძებს, სხვებიც ეძებდნენ და უცნაურად გადაიკარგნენ…” მიიჩქაროდა ქალი და იმ ჩვეულებრივსა და მივიწყებულში იმედს ეძიებდა. თვალებში ისევ კოცონი უგიზგიზებდა… ალს ჩაწნული იასამნისფერი კაბა ძალისძალად მოპოვებულ სიმშვიდეს სტაცებდა… რაღაცას უმალავდნენ. ”ჯუანშერ…”, მოსთქვამდა უჩუმრად.

სენაკში განრთხმული ჯუანშერი ღაღადისს უსმენდა. ათასი წვრილმანი ფიქრიდან თავის საფიქრალს ძერწავდა. მერე შეაშფოთა იმის შეგრძნებამ, მომლოდინე ქალი შველასა და სიყვარულს, რომ ითხოვდა. წამოიმართა, ნოტიო სითბოსგან ტანზე შემშრალი სამოსი შეისწორა, ადევნა მღვრიე სითეთრის ნაკადს, ციცქნა უბეში ჩაღრმავებულს უჩვეულო ელვარება გაუკრთა თვალწინ, დაუფიქრებლად მიეტანა, ვეღარ მოიხელთა და ჭრილს მიაშურა. კისერზე წყალმცენარესავით შემოეხვია რაღაც ლბილი და საამო.

-ჯუანშერ!-შემოეფეთა ტბიდან ამოსულს ელენე. ვაჟი მკერდზე ჩამოფენილ იასამნისფერ კაბას დასცქეროდა,-ის, ის სადღაა?-შიშნარევი იჭვით იკითხა ქალმა.

-ვინ ის?!-აღმოხდა ვაჟს.

-ირა! ეგ კაბა ვისიცაა, ვინაც შენსკენ შემოცურდა!-გამომწვევად შესძახა ქალმა,-განა ვერ ვხვდები, მიმალულ ადგილას განვმარტოვდით…-იასამნისფერმა კაბამ ძალისძალად მოპოვებული სიმშვიდე ერთიანად მიიტაცა. რაღაცას უმალავდნენ, მისი ღალატი ეფიქრათ. ”მე მაინც ვილოცებ შენთვის, მე მაინც ვილოცებ შენთვის…” ელენე გულამოსკვნით ქვითინებდა; ”გადავიკარგები აქედან, გავაჩენ შენს შვილს და იმას შევალევ დარჩენილ სიცოცხლეს…”, თავზარდაცემული თავის სიმარტოვისკენ გარბოდა. მიაცილებდა ჯუანშერის გაოცებული მზერა.

მერ კაცმა ისევ იასამნისფერ კაბას დახედა. შემოიხსნა ყელიდან, გაშალა და იმ კაბაში თოჯინასავით შეცურებული ირა გაუკრთა თვალწინ. საწიერის ბინდბუნდში ვერცხლისფერი ”ჟიგული” აირეკლა. გაიქცა მისკენ, შემოგარენს ქამანდივით მოავლო მზერა, დაუფიქრებლად შემოხვია ირასეული სამოსი წელზე, გადაეშვა წყალში, ქალის გადასარჩენად აფორიაქებული…

მიმოჩხრიკა ფსკერი, ვერას მიაგნო. მიეგდო სანაპიროზე. ”ირას ხელწრაა…”, ფიქრობდა გულუბრყვილოდ. გაეღიმა კიდეც და კაეშანის ავისმომასწავებელმა ჭიხვინმა შესძრა. წამოვარდა დაფეთებული, შეაძრწუნა სიმარტოვემ. შევარდა ”ჟიგულში”, აამუშავა, მოსწყვიტა ადგილს და გახელებული სიჩქარით შემოატარა შემოგარენი. ”ირას ხელწერაა…” დაახვია საჭე, წყალში შეაქროლა მანქანა. საჭეს ჩაფრენილი ერთხანს ერთგულად მიჰყვებოდა ფსკერისკენ. მერე სისხლშემოწოლილმა ანგარიშმიუცემლად გაიბრძოლა, გააღწია შეღებულ კარში. უხილავ დინებას მინდობილი მიილტვოდა. მერე გონმიბნედილივით მიესვენა ციცქნა უბის სანაპიროსთან.

უჩვეულო ელვარება ჩაეღვარა სულში, მიელამუნა და მოაცოცხლა… ეჩვენა, იმ ელვარებაში ირას სუნთქვა კრთოდა. წყლისფერ ქვას ამსგავსა, ადამიანის თვალის სადარს, ვნებით აღვსილსა და მთრთოლვარეს. სასოებით შეეხო, ეამბორა და ირას სულთქმისგან გაბრუებულმა მკერდში ჩაიკრა. ”კუბოდ გამოგეჭრები, მკერდში ჩაგისვენებ, შენი სულის სარკოფაგს, შენვე დაამშვენებ…” ღაღადისის ღრმულისკენ მილასლასებდა.

”მეხთატეხისას განუკვეთეს მკერდი რჩეულთ ამა ქვეყნისა… ჩათესეს სიცოცხლის მარცვლები… მარცვლებმა შეიწოვეს ორთა სიცოცხლე, შეისისხლხორცეს და ჩაიბუდეს. განზავდნენ ძვირფას თვლებად… ჩააასვენეს მოოჭვილ ქანდაკთა ძუძუთა შუა… რათა უცნობ მომავალს დედამიწისას, ნაბარტყ ქვამარცვალთა შემწეობით საკუთარ არსში გამოეზარდა მომავლის გენი…”, მასში ქვეცნობიერად უცხო სიცოცხლე გაკრთა, მიწვა ღაღადისის ღრმულთან.

”მომავლის გენი ათასწლეულების შემდეგ ისევ მოევლინება სამყაროს. იგი ჩვენს მიწაზე გამოაღწევს, შესაძლოა ზღვისპირეთში და თუ მას ოაზისმა არ უმასპინძლა…”, სადღაც სულ ახლოს ბუბუნებდა მეუდაბნოე.

საუკუნეების ლოდინით აღვსილი ელოლიავებოდა წყლისფერ ქვას. ”აჰა, დამწიფდა უკვე სიკვდილი და სურნელება შემომაფრქვია…”, ებურებოდა გონი.

ღაღადისი თითქოსდა ცისმიერი ღრმულიდან იღვრებოდა… წამიერად ”ოაზისელთა” საგალობლის ხმა მოიყოლია…

ჯუანშერი გულში ნამღერი სიმღერის ამოთქმას ლამობდა… დრო თითქოს უმოწყალოდ გამოცარიელდა წამებისაგან, წუთებისაგან, საათებისგან და მოლოდინთან ერთად ჩაკვდა ღრმულში. ჯუანშერიც მდუმარებას შეერწყა და იმ მდუმარებით ითქვამდა სულს.

-წამოდექ!..-გაეხმიანა მოულოდნელად მეუდაბნოე,-წამოდექ!!..-ამგვარი მოლოდინით გაქვავებული ვისღა უნდიხარ…-წამოდექ!!!

თქვენ ხომ სხვა სამყაროში გადაინაცვლეთ, წარსულს, აწმყოს და მომავალს შეენივთეთ…”, რაღაც ამდაგვარი უნდოდა ეკითხა, მაგრამ მეუდაბნოემ არ დააცალა.

-ალბათ, ბევრი გსმენია მეუდაბნოეზე, და ისიც ჩვეულებისამებრ, სოფლის სატკივარზე გულშეჭირვებული კაცი გახლდათ, მიტომაც გაჰყვა ასე შორს გულისძახილს, ეწადა, სოფლისდა სასიკეთოდ ეხარებინა სიკეთის ნერგი, იქნებ შორიდან უკეთ შეემჩნიათ მივიწყებული მცნებები, შორიდან…-ჯუანშერს კვლავ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ისევ შეაგულიანეს, წამოაყენეს, დაიმგზავრეს,-იქნებ უკეთ დაენახათ და შეეგრძნოთ, რას წარმოადგენდა ადამიანის სიცოცხლე… მხნეობას შემატებდათ სახელოვან მეუდაბნოეთა ღვაწლის გახსენება. …იქნებ შესაფერისი დროც არ იყო ამგვარი თავგანწირვისთვის, იქნებ დაეჭვდეს კიდეც ვინმე, ამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვლილ მიწაზე განმარტოებას ვინ მოახერხებსო, მაგრამ მოწადინებულისათვის სამეუდაბნოე ადგილს რა გამოლევს და ისიც მხნედ შეუდგა გზას…

”შეამჩნიეს მისი ნაღვაწი?" სურდა ეკითხა ჯუანშერს, ოღონდ ხმა ვერ გაიღო, გულისძგერა შეიგრძნო, სასიცოცხლო ჟრჟოლვამ მოიცვა, მერე თითქოსდა წაუბიძგეს და სამყაროს მიმართ სიყვარულით აღვსილი სინათლის ბილიკს გაუყენეს...

====

შენიშვნა;

წიგნის ფორმატი 60x84 1/16

შეადგენს 194 ფურცელს.

აქედან ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტექსტი მოიცავს წიგნის 89გვ-სა და 168 გვერდს შორის მოცემელ ნაწილებს.

=======

***

ჯანრი გოგეშვილის რომანები:

***

ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, "The Herald of Dawn", Some parts from the novel.

(”გამთნებელი ღამისა” (ორი რომანი _ ”გამთენებელი ღამისა”, ...”რომელსა შენ მდევნი”... გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. _ "The Herald of Dawn," "The One You Pursue.")

  • ***

  • .”რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა "მერანი” 1991 _'The One You Pursue', novel. P. H. 'Merani'

  • ...”რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1991 _ 'The One You Pursue', novel. P. H. 'Merani'

  • ***



    • ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / 'The Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up.'1992 ...
    • *

    • ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love', A novel. P. H. 'The cubs will Grow up.' 1992...
    • *

    • ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love', A novel. P. H. 'The cubs will Grow up. 1992 ...
    • *

    • ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up. 1992 ...
    • ***
    • <!--[if gte mso 9]> Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

      ***

      \/

      ========
      საძიებელი
      The index
      /

      გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

      ========
      JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
      =======

      ჩემი ბლოგები:
      мои блоги:
      My blogs:
      .\

      ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...

      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR
      GOGEJANR

      GOGEJANR
      GOGEJANR

      GOGEJANR

      GOGEJANR

      GOGEJANR.

      GOGEJANR

      GOGEJANR

      GOGEJANR

      GOGEJANR Gogejanr’s Blog

      JVJ Home Page



      =======

      =======

      free counters

      =======

      /\
      \/

      Комментариев нет:

      Отправить комментарий